|
|
"რეზონანსი "
"ფეესბე": დაკავებულია ქართული სპეცსამსახურების აგენტი : "ფეესბე" შესაძლოა ამას იმიტომ ავრცელებდეს, რომ ეს არის აქტიური ღონისძიება, რომლის მიზანია ქვეყნის საგარეო იმიჯის შელახვა" გიორგი ფუტკარაძე
საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა მორიგი დიპლომატიური სკანდალი აგორდეს. რუსეთის "უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის" ("ფეესბე") ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე ქართული სპეცსამსახურების ჯაშუში დააკავეს. დაკავებულია სამხრეთ ოსეთის მცხოვრები ვინმე მარტინ ძაგოევი. "სამხრეთ ოსეთის ეს მკვიდრი, მის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულებათა გამო დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საერთაშორისო ძებნაში", - განუცხადა "ფეესბეს" ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს. მისივე ცნობით, ძაგოევმა დაკითხვისას განაცხადა, რომ 2007 წლის ივნისში საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას იგი ქართული სპეცსამსახურებისა და სანაკოევის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გადაიბირეს და "გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ მას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების მოწყობა შესთავაზეს". ძაგოევის დაკავება ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი მილიციისა და "ფეესბეს" ჩრდილოეთ ოსეთის სამმართველოს თანამშრომელთა ერთობლივი მოქმედებით მოხერხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ძაგოევის აღიარებითი ჩვენების ამსახველ ოპერატიულ ვიდეომასალას რუსეთის საინფორმაციო საშუალებები გუშინ მთელი დღის მანძილზე ავრცელებდნენ. ყოველივე ამის გარდა ძაგოევის პიროვნების შესახებ ისაა ცნობილი, რომ იგი გასული წლის ზაფხულში ცხინვალის სეპარატისტულ მთავრობას ჰყავდა დაჭერილი და ციხეში ეტაპირების დროს მან გაქცევა მოახერხა. რაც შეეხება სანაკოევის ადმინისტრაციას, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ. სანაკოევის ადმინისტრაციაში ძაგოევთან რაიმე სახის კავშირს კატეგორიულად უარყოფენ. როგორც "რეზონანსს" ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, მათ უწყებას აღნიშნულ პიროვნებასთან არანაირი შეხება არ ჰქონია და მათ მხოლოდ ის ინფორმაცია აქვთ, რომ აღნიშნული პიროვნება შარშან ცხინვალის ციხიდან გაიქცა. აღსანიშნავია, ისიც, რომ გასულ წელს, მსგავსი ბრალდებით, საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის სპეცსამსახურთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე კახა ბაგაური დააკავა. აღნიშნული პიროვნება რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. იგი ასევე მოიპოვებდა მასალას იმ ობიექტების შესახებ, რომლებზეც დივერსიები უნდა განეხორციელებინათ. უშიშროების ყოფილი მინისტრი ანზორ მაისურაძე გამორიცხავს, რომ ქართული სპეცსამსახურები ტერაქტის განსახორციელელად ისეთ არაკვალიფიციურ ადამიანს აიყვანდნენ, როგორიც სხვადასხვა დანაშაულისათვის გასამართლებული მარტინ ძაგოევია. როგორც მაისურაძე აღნიშნავს, აგენტის მომზადება ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს და ძალიან ძვირადღირებული პროცედურაა. "ეს არის რთული პროცედურა, რომელსაც ძალიან კარგი მუშაობა სჭირდება. საჭიროა აგენტის შემოწმება მდგრადობაზე, საიმდოობაზე. ესაა ძალიან ძვირადღირებული პროცესი", - აღნიშნავს მაისურაძე, რომლის თქმითაც უშიშროების სამსახურების პრაქტიკაში ნასამართლევი ადამიანის აგენტად აყვანა საერთოდ არ ხდება. მისივე ვარაუდით, შესაძლოა ეს რუსული სპეცსამსახურების მიზანმიმართული დეზინფორმაცია იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს იმიჯის შელახვა გახლავთ. "ფეესბე" შესაძლოა ამას იმიტომ ავრცელებდეს, რომ ეს არის აქტიური ღონისძიება, რომლის მიზანია ქვეყნის საგარეო იმიჯის შელახვა. ეს სპეცსამსახურებში მიღებული წესია, რომ სხვა ქვეყნის კომპრომენტაცია დაიწყოს", - აცხადებს მაისურაძე.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |