|
|
"რეზონანსი "
სარიშვილი რესპუბლიკელების არგუმენტებს "სისულელეს" უწოდებს
(მედიანიუსი) პოლიტიკური გაერთიანება "იმედის" ლიდერისათვის მოულოდნელი არ ყოფილა რესპუბლიკური პარტიის მიერ ეროვნული საბჭოს დატოვება, თუმცა სარიშვილს მიაჩნია, რომ "სისულელეა ის არგუმენტები, რომლითაც რესპუბლიკელები თავიანთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ხსნიან". "იმედის" ლიდერი არ გამორიცხავს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში განხეთქილების მიზეზი გახდა 22 თებერვლის შიმშილობის აქციის შეწყვეტის გადაწყვეტილება, რომელსაც ეროვნული საბჭოს ზოგიერთი ლიდერი არ ეთანხმებოდა. სარიშვილის ვარაუდით, შესაძლოა, არსებობდეს რესპუბლიკელების გამიჯვნის მეორე მიზეზი, კერძოდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ოპოზიციის საარჩევნო სიაში შეყვანის დიდი ალბათობა. "სწორედ იმის გამო, რომ ოპოზიცია არ იყო ერთიანი ვერ მივიდა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურამდე. ოპოზიციის ბოლოდროინდელი მოქმედების შედეგად ეფექტურობის ხარისხი პრეზიდენტ სააკაშვილის სასარგებლოდ იცვლება და არა თავად ოპოზიციის," - მიაჩნია ირინა სარიშვილს. როგორც განაცხადა, ამ ტაქტიკით ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში ერთ მესამედსაც ვერ მიიღებს. მისი აზრით, პოლიტიკური ბრძოლის ეს გზა რომ აბსურდულია რესპუბლიკელები ჯერ კიდევ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისას უნდა დარწმუნებულიყვნენ. სარიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეროვნულ საბჭოში პოლიტიკური რღვევის პროცესი გაგრძელდეს და რესპუბლიკელების მსგავსად ეროვნული საბჭო რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამაც დატოვოს. რაც შეეხება თავად პოლიტიკური გაერთიანება "იმედს", ირინა სარიშვილის თქმით, ამ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია უკვე საკუთარი ხმებისათვის იბრძოლებს და არა რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |