"რეზონანსი "
# 56
შაბათი, 1 მარტი, 2008 წელი

რუსი დეპუტატის განცხადებით, საქართველოს მხოლოდ რუსეთისკენ შემობრუნება თუ უშველის

(ინტერპრესნიუსი) რუსეთის სათათბიროს დეპუტატის ელენა დრაპეკოს განცხადებით, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაში მხოლოდ რუსეთისკენ შემობრუნება თუ უშველის. ამის შესახებ დეპუტატმა და რუსეთის სახალხო არტისტმა დრაპეკომ სააგენტო "როსბალტს" განუცხადა.

დრაპეკო ამბობს, რომ ახლახან დაბრუნდა დნესტრისპირეთიდან, სადაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და კარგად იცის, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ტირასპოლის, სოხუმისა და ცხინვალის პოზიცია პრაქტიკულად შეუვალია და ისინი რუსეთისგან მათი დამოუკიდებლობის აღიარებას კატეგორიულად მოითხოვენ.

მისივე შეფასებით, ამ რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებლობის პირობებში პრაქტიკულად ორი თაობა გაიზარდა, რომელსაც აღარ სურს საქართველოს შემადგენლობაში ცხოვრება, ხოლო ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მათ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების წარმოებისაკენ მოუწოდებს, თბილისთან მოლაპარაკებების წარმოებისათვის მზად არ არის.

დეპუტატის მტკიცებით, საქართველო რუსეთის მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებას რომ ავლენდეს, რუსეთი სხვაგვარად იმოქმედებდა და საქართველოს გაერთიანებას ხელს შეუწყობდა, მაგრამ ამ ვითარებაში "რუსეთს არამეგობრული ქვეყნის გაძლიერება არ სჭირდება."

დარწმუნებულია, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის აღიარების შემთხვევაში მოსკოვს დასავლეთთან ურთიერთობები დაეძაბება, მაგრამ რუსეთის მხრიდან ამგვარი ნაბიჯი "სრულიად კანონზომიერი და საპასუხო ნაბიჯი იქნებოდა."



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com