"რეზონანსი "
# 56
შაბათი, 1 მარტი, 2008 წელი

რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეთა კავშირის და საქართველოს სახალხო ფრონტის განცხადება

"რუსთავი-2"-ის გადაცემაში "პრაიმ ტაიმი" ა.წ. 28 თებერვალს უკვე მეორედ განხილულ იქნა თემა, თუ როგორ უნდა მოხდეს აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენა - პოლიციური აქციით, დიპლომატიური გზით თუ აფხაზებთან მოლაპარაკების გზით. განხილვას წინ უძღოდა ქართველი ჟურნალისტის ბატონ ბასილაიას პროვოკაციული დაკავება გალის რაიონში, რაზედაც მთლიანად პასუხისმგებელია რუსეთი, როგორც ოკუპანტი. როგორც უალტერნატივოდ მოსალოდნელიც იყო, საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამოთქვა პესიმიზმი, რომ შეიარაღებული სპეცოპერაციის საჭიროება ვერ გამოირიცხება, საზოგადოების ეს პესიმისტური პოზიცია, რომლის საფუძველია საქართველოს ხელისუფლების მოჩვენებითი თითქმის თხუთმეტწლიანი "ძალისხმევა" საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართულებით, ამ გადაცემაში (წამყვანი - ინგა გრიგოლია) ამ ერთი თვის მანძილზე უკვე მეორედ გაჟღერდა.

გადაცემას წითელ ზოლად გასდევდა ტენდენცია, რომ სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა ააცილონ რუსეთს და რუსეთის აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ წარმოაჩინონ ქართულ-აფხაზურ ომად. ჩვენს უაღრეს შეშფოთებას იწვევს შემდეგი:

1. შემაშფოთებელია ტელეარხის პოლიტიკა, რომ სასიცოცხლოპოლიტიკურ თემაზე მსჯელობისათვის არ მოიწვიონ ქართველი საზოგადოების ძირეული ინტელექტუალური პოტენციალი და მსჯელობა წარმართონ მხოლოდ და მხოლოდ ნაკლებ კომპეტენტური ან ინტელექტუალურად და პროფესიულად არაკომპეტენტური ადამიანების პირით.

ამ ტენდენციის ნაყოფია ის, რომ ვერც ერთმა მონაწილემ ვერ გაიცნობიერა და აუდიტორიას ვერ გაუცნობიერა, რომ არავითარი სამხედრო მოქმედება მტრის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე პოლიციური აქციის ჩათვლით არ შეიძლება იქნას დაშვებული, სანამ იქ იმყოფებიან რუსული ნაწილები საქართველოს მიერ ხელმოწერილი "სამშვიდობო" მანდატით, ანუ სანამ რუს სამხედრო მოსამსახურეს აქვს უფლება ცეცხლი გაუხსნას საქართველოს სამხედრო მოსამსახურეს, ხოლო საქართველოს სამხედრო მოსამსახურეს არა აქვს უფლება ცეცხლი გაუხსნას რუსეთისას.

"სპეცოპერაციის" დაშვება, რაზედაც ლაპარაკია საქართველოს დღეს ფაქტობრივად მმართველი პრეზიდენტის სააკაშვილის გამოსვლაში, არის ზოგადპოლიტიკური ღალატი საქართველოს წინააღმდეგ და კერძოდ მილიტარული ღალატი "ოპერაციაში" მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების მიმართ. კვალიფიციური მსჯელობა ტელედისკუსიის პროცესში ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ პ. დავითაიას და თ. პაჭკორიას მხრიდან, მაგრამ ისინი საკითხის არსზე არ შეჩერებულან;

2. ჩვენი მკაფიო შთაბეჭდილებაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ხსენებულ პროგრამაში ამზადებს საბრძოლო მოქმედებათა განახლებას და კიდევ ერთხელ წაგებას რუსეთის ნების შესაბამისად, ანუ კიდევ ერთ სისხლიან ღალატს შევარდნაძისა და მისი ხელისუფლების მიერ 1992-1993 წლებში ჩადენილი ღალატის შემდეგ.

სიფხიზლისკენ მოვუწოდებთ ქართველ ერს და მსოფლიო საზოგადოებრიობას, თუ კი ეს უკანასკნელი მართლაც დაინტერესებულია სისხლის დაუღვრელობით მსოფლიოში. უნდა აღკვეთოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მოღალატური პროვოკაცია.

ზ. ბარბაქაძე, რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეთა კავშირი

ნ. ნათაძე, საქართველოს სახალხო ფრონტი



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com