"რეზონანსი "
# 56
შაბათი, 1 მარტი, 2008 წელი

მედიკამენტებზე ფასები კიდევ გაიზრდება: ჯანდაცვის ახალი მინისტრი ფარმაცევტულ კომპანიებს კი შეხვდა, მაგრამ ამაოდ

ნინო ალექსიძე

ქვეყანაში მედიკმენტებზე ფასის კიდევ უფრო ზრდას ელიან. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ღირებულების მატება, მხოლოდ ქვეყანაში იმპორტირებულ მედიკამენტებზე მოხდება. რაც შეეხება ადგილობრივს, მისი ფასი შენარჩუნდება. იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადი ბაზარი უცხოურ პრეპარატებს უკავია, სამამულოზე ფასის შენარჩუნება, მოსახლეობისათვის დიდი ხსნა არ არის.

საქართველოში სამედიცინო მედიკამენტებს "პე-ეს-პეს" მიერ დაარსებული კომპანია "ჯი-ემ-პი" და "ავერსის" "ავერსი რაციონალი" აწარმოებენ. თუმცა, მათ მიერ წარმოებული პროდუქცია არც მრავალფეროვანია და არც იმდენი, რომ საქართველოს მოსახლეობის მთლიანი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. დღეისათვის, ფარმაცევტულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების სამედიცინო მედიკამენტებს მხოლოდ 10% უკავია.

ფარმაცევტული კომპანიები ადგილობრივი წარმოების გაზრდაზე დიდი ხანია საუბრობენ. კომპანია "ჯი-ემ-პის" ხელმძღანვანელი, გიორგი ანთაძე საინფორმაციო სააგენტო "პირველთან" საუბრისას ამბობს, რომ ადგილობრივი წარმოებით ბაზრის 50%-ის ათვისება 5-6 წელიწადში იქნება შესაძლებელი.

"იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდა მოსახლეობისთვის ასეთი მტკივნეული არ იყოს, საჭიროა, ადგილობრივმა წარმოებამ ბაზრის 40-50% პროცენტი ჩაანაცვლოს. იმის გათვალისწინებთ, რომ ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება სწრაფად ვითარდება, შემოტანილი მედიკამენტების 50%-მდე ჩანაცვლება ადგილობრივით, დაახლოებით 5-6 წელიწადშია შესაძლებელი", - აღნიშნა ანთაძემ.

სპეციალისტები იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასის ზრდას პროგნოზირებენ. ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" გენერალური დირექტორის, პაატა კურტანიძის თქმით, მედიკამენტებზე ფასების ზრდა დოლარის და ევროს კურსის ცვალებადობაზეა დამოკიდებული.

"მსოფლიო ბაზარზე მედიკამენტების ფასი სეროზულად გაიზარდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შემოტანილ პროდუქციაზე ფასები მინიმალურად გავზარდოთ", - ირწმუნება კურტანიძე და აქვე დასძენს, რომ "მედიკამენტებზე ფასების ზრდა კვლავაც არ არის გამორიცხული".

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს არავითარი ბერკეტი არ გააჩნია მედიკამენტებზე ფასებზე კონტროლი განახორციელოს, ამის გაკეთებას ჯანდაცვის მინისტრი, სანდრო კვიტაშვილი მაინც გეგმავს. კვიტაშვილმა და ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა, გუშინ ქართულ ბაზარზე მედიკამენტებზე ფასების რეგულირების საკითხი განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრს, კომპანიების წარმომადგენლებმა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე სამომავლო გეგმები დასახეს თუ როგორ უნდა გააგრძელონ სახელმწიფომ და კერძო კომპანიებმა თანამშრომლობა.

"ჩვენი მიზანია, კერძო სექტორმა და სახელმწიფომ ერთად იზრუნონ მედიკამენების ფასებზე კონტროლის საკითხის მოგვარებაზე, რათა მოსახლებისთვის მედიკამენტების შეძენა ხელმისაჭწდომი გახდეს", - განაცხადა სანდრო კვიტაშვილმა შეხვედრაზე.

ფასებზე კონტროლის გამკაცრების თაობაზე დაპირებებს პარლამენტარებიც იძლევიან. კომპანია "პე-ეს-პეს" დამფუძნებელი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილიც "პირველთან" საუბრისას ამბობს, რომ ამისათვის საკანონმდებლო ორგანო ყველაფერს გააკეთებს.

კვიტაშვილს გუშინ აშკარად დატვირთული დღე ჰქონდა. გარდა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებისა, ჯანდაცვის ენერგიული მინისტრი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდა. მხარეებმა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების გზებზე იმსჯელეს.

თუ ჯანდაცვის მინისტრს საქმის კეთება სურს და ჩვენი ქვეყნის ღარიბ მოსახლეობაზე გული მართლაც შესტკივა, სჯობია, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოში სიღარიბის პროგრამით მოხვედრილ "ხელშეკრულებიან" თანამშრომლებს კონტრაქტები გაუფორმოს და აქედან დაიწყოს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა დახმარება.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან, იურიდიულად ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებისათვის სააგენტოს რეალური ხელშეკრულება დღემდე არ გაუფორმებია. თუმცა, მათ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას სთხოვენ და აიმედებენ, რომ მარტის ბოლოსთვის მაინც, ხელფასს აიღებენ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com