|
|
"რეზონანსი "
ნავთობის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს - 103 დოლარს მიაღწია
(პირველი) ნავთობის ფასმა ნიუ იორკის ბირჟაზე რეკორდულ მაჩვენებელს - 101 დოლარს გადააჭარბა და 103 დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკის ბირჟაზე დაფიქსირებულმა რეკორდულმა მაჩვენებელმა საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასების 5-10 თეთრით მატება განაპირობა. როგორც ნავთოპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, პირველად მსოფლიოში, 1 ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა და ეს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასებზე აისახა. "ეს მით უფრო აისახება ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც ნავთობპროდუქტების მწარმოებლებს არ მიეკუთვნება და მხოლოდ იმპორტზეა დამოკიდებული", - განმარტა მან. რაც შეეხება ფასების ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებს, მთვრალაშვილის თქმით, საამისოდ მსოფლიოში რამდენიმე პირობაა შექმნილი. "პირველ რიგში, ნავთობპროდუქტების მოხმარების ზრდა ზამთრის პირობებში მთელს მსოფლიოში დაფიქსირდა. ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ვენესუელაში, აშშ-ში, ნიგერიასა და ერაყში ნავთობმწარმოებლებს პრობლემები შეექმნათ. ამან ნავთობზე ფასების ზრდის ტენდენციას შეუწყო ხელი. ამასთან, მთელს მსოფლიოში შეინიშნება დოლარის კურსის ვარდნა, რაც პირდაპირ მოქმედებს ნავთობის ფასზე იმდენად, რამდენადაც ანგარიშსწორება ნავთობის ბირჟებზე მხოლოდ და მხოლოდ ამ ვალუტით მიმდინარეობს", - განმარტა ნავთოპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |