"რეზონანსი "
# 56
შაბათი, 1 მარტი, 2008 წელი

საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ უცხოელთა თვალში იზრდება: ეკონომიკური ზრდის ეფექტი მოსახლეობაზე არ აისახება

მაკა ხარაზიშვილი

ევრობანკი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს ფრიადს უწერს. ქვეყანაში ცხოვრება დუღს და გადმოდუღს. ეკონომიკური წინსვლა არნახულ მასშტაბებს აღწევს, ჯანდაცვის სფეროში სასწაულებს სჩადიან, საპრივატიზაციო პროცესი შესანიშნავად მიმდინარეობს, ქვეყანა ინვესტიციების შემოსვლას ვერ აუდის. მართალია, ინფლაცია იზრდება, მაგრამ ქვეყნის აღმავლობასთან ეს წვრილმანი რა მოსატანია. საზოგადოებას ევრობანკის ექსპერტების ფიცის კი სწამს, მაგრამ ბოლო - უსაქმურად მოხეტიალე, სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის არსებობა - აკვირვებს.

გუშინ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების შესახებ ანგარიში წარადგინეს. ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2007 წელს პროგნოზირებული ზრდის მაჩვენებელმა რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ჭრილში 10 პროცენტი შეადგინა.

ევრობანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8 პროცენტი იქნება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიის ქვეყნებში, მოლდოვასა და ბელორუსში მაიკლ დეივი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს უმაღლეს შეფასებას აძლევს. მისი განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია პრივატიზაციის საკითხი და ამის შედეგად შემოსული თანხები, ზუსტი რეკომენდაციების მიცემა ხელისუფლებისთვის ევრობანკის მთავარი მიმართულება არ არის.

"თუმცა, რეგულირებად სტრუქტურებში და სხვა სფეროებში რეფორმები უნდა გაგრძელდეს სწორი მიმართულებით. წარმატების მაჩვენებელია ჯანდაცვის სფეროს რეფორმა. საქართველომ სერიოზულ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ამის გასაგრძელებლად სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო", - აღნიშნა დეივიმ.

ეკონომიკა რომ იზრდება, ამის შესახებ მთავრობის წევრებსაც მრავალჯერ უთქვამთ, თუმცა გაზრდილი ეკონომიკის სიკეთეს მოსახლეობამდე ჯერ ვერ მიუღწევია. ადამიანები, ისევ უმუშევრობაზე, უფულობაზე და საერთოდ გაჭირვებულ ცხოვრებაზე წუწუნებენ.

ეკონომიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა შეიძლება ავკარტიულ მეურნეობაშიც (ჩაკეტილი ეკონომიკა) იყოს. მეორე საკითხია, ეკონომიკური ზრდის ეფექტი მოსახლეობაზე როგორ აისახება ან რა რაოდენობის ექსპორტს ახორციელებს ქვეყანა დანარჩენ მსოფლიოში.

არჩვაძის აზრით, ამ მიმართულებით, სახარბიელო მდგომარეობა არც ბოლო წლებში იყო, მაგრამ ამ ეტაპზე ვითარება საგანგაშოა. მისი თქმით, 2 წლის წინ იმპორტ-ექსპორტის ზრდის ტემპები ერთმანეთთან დაახლოებული იყო. 2007 წლის მონაცემებით, ექსპორტი გაიზარდა 24,9%-ით, ხოლო იმპორტი 41,8%-ით, ანუ განსხვავება 17 პროცენტული პუნქტია.

"თუ აბსოლუტურ მატებას ავიღებთ, ექსპორტი გაიზარდა. მაგრამ ექსპორტის მატებას 1 დოლარზე, იმპორტის 6-დოლარიანი ზრდა მოსდევს. 2 წლის წინ ეს სხვაობა 2,5 დოლარი იყო. ანუ მასშტაბები დამაფიქრებელია", - ამბობს სოსო არჩვაძე. მისივე გათვლებით, ლარის გამყარების გამო, მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) ნომინალურ ზრდასთან შედარებისას, ექსპორტი იგივე ტემპებით გაიზარდა, როგორც მშპ, ხოლო თუ მშპ-ს დოლარებში დავითვლით აღმოჩნდება, რომ მშპ-ს ზრდის ტემპები ექსპორტისას მნიშვნელოვნად აჭარბებს. დოლარებში წინასწარი გათვლებით მშპ 30%-ით გაიზრდება. გამოდის, რომ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი ზრდის ნაცვლად, შემცირდა.

"კი ვიძახით, რომ ინვესტიციები გაიზარდა, მაგრამ რეალურად მშპ-ს ზრდა უსწრებს ექსპორტის ზრდას. გამოდის, რომ მსოფლიო ბაზარზე ჩვენი კონკურენტუნარიანობა ეცემა", - ამბობს სოსო არჩვაძე. როგორ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა, ამაზე ეს პატარა მაგალითიც მიუთითებს.

რაც შეეხება პრივატიზაციას - ობიექტები კი გაიყიდა, მაგრამ ვინ იყიდა და რა ფასად ამ საკითხზე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. ექსპერტების განცხადებით, მთავრობას ქვეყნის განვითარებაზე რეალურად რომ ეფიქრა, საპრივატიზაციო პროცესს ბევრად უკეთ წარმართავდა. ამ პრივატიზაციის დროს, კი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ჩაშლილი გარიგებები, დაკარგული დრო და დაკარგული ფინანსები. ხშირია კანონთან შეუსაბამობები.

ქვეყნისთვის ყველაზე მნიშნელოვანი ობიექტები გადაეცათ იმ კომპანიებს, რომლებსაც საეჭვო წარსული და გაურკვეველი მომავალი აქვთ. მაგალითად, უკრაინამ პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის უფლება საერთოდ აუკრძალა ოფშორულ კომპანიებში დარეგისტრირებულ კომპანიებს. ამერიკის კონგრესმა კი უცხოურ სახელმწიფო ინვესტიციებთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები დააწესა. ამ გადაწყვეტილების მიღების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც დუბაის კომპანიამ ამერიკაში პორტების ყიდვა გადაწყვიტა. ამერიკაში მიიჩნევდნენ, რომ პორტები სტარტეგიული ობიექტებია და მათი საეჭვო ინვესტორებისთვის გადაცემა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა. საქართველოს მთავრობას კი ამ მიმართულებითაც სრულიად საპირისპირო მოსაზრებები აქვს.

მაიკლ დეივი ასევე მიიჩნევს, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლების წარმატების მაჩვენებლად ჩაითვალოს, რადგან მას ინვესტიციების დიდი რაოდენობით შემოდინება განაპირობებს. "საქართველოს მთავრობამ ზუსტი და დახვეწილი მონეტარული და სხვა სახის ეკონომიკური პოლიტიკა უნდა განახორციელოს, რომ ინფლაციის საკითხი მოგვარდეს", - განაცხადა დეივიმ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ინფლაციის ზრდის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი მთავრობის არასწორი პოლიტიკაა. კერძოდ, წინასაარჩევნოდ მიმოქცევაში გამოსული დაუმსახურებელი მილიონები. რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს, ყველასთვის ცნობილია, რომ ამ მიმართულებით რეფორმები დაიწყო, საავადმყოფოები გაიყიდა, სხვადასხვა სოციალური პროგრამები გაიწერა, თუმცა ჯერჯერობით ექსპერტებს საუბარი ამ რეფორმების ეფექტიანობაზეც უჭირთ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com