|
|
"რეზონანსი "
საზოგადოებრივს შეიძლება სახელწოდება და ლოგო შეეცვალოს
(მედიანიუსი) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ახლადარჩეული წევრები პირველად მომავალი კვირის დასაწყისში შეიკრიბება და საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ. ამის შემდეგაც გამოცხადდება კონკურსი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო კანდიდატებს შორის სახელმწიფო ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი ზაზა შენგელია და ტელეჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი არიან. როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ირმა სოხაძემ განაცხადა, წინამორბედისგან განსხვავებით, ახალ საბჭოში ბევრი კარგი სპეციალისტია თავმოყრილი, მათ შორის უმეტესობა იცნობს ტელევიზიისა და რადიოს სტრუქტურას. ირმა სოხაძეს მიაჩნია, რომ ახალი საბჭო გაცილებით ქმედითუნარიანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ არ განმეორდება სამი ძირითადი შეცდომა. პირველესად, ტელემაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანია ცვლილება, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებას გაუფართოებს და პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრაში დამოუკიდებლობას მიანიჭებს. მეორე ფაქტორად ირმა სოხაძე იმას ასახელებს, რომ ძველ საბჭოში ტელევიზიის მცოდნე არავინ იყო და მესამე - სახელფასო დაფინანსების გაზრდა. "ჩვენი მიზანია, კარგი ტელევიზია შევქმნათ საზოგადოების ყველა ფენის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამას ვერ მივაღწევთ, თუ საბჭოს წევრები მხოლოდ კაბინეტებში ვიჯდებით", - აცხადებს ირმა სოხაძე და დასძენს, რომ მას ამავე ტელევიზიაში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს და იმის ამბიციაც აქვს, რომ "საზოგადოებრივი არხი" ქართულ ტელესივრცეში ნომერ პირველი ტელევიზია გახდეს. სოხაძის თქმით, საბჭოს წევრები სავარაუდოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელწოდებას და ლოგოსაც შეუცვლიან. აღსანიშნავია, რომ დებულების თანახმად, სამეთვალყურეოს საბჭოს წევრებს ეკრძალებათ შემოქმედებითი მუშაობა, კერძოდ, გადაცემის მომზადება იმავე ან სხვა ტელევიზიისათვის, სადაც მათ ფინანსური დაინტერესება ან ანაზღაურება ექნებათ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |