|
|
"რეზონანსი "
"მრეწველმა" მაჟორიტარებს ხელი მოუწერა
(ინტერპრესნიუსი) ფრაქცია "მრეწველების" წევრმა, აბაშის მაჟორიტარმა პაატა ქურდოვანიძემ მაჟორიტარი დეპუტატების მოთხოვნაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით ფრაქციის ლიდერი საქმის კურსში მოგვიანებით ჩააყენა. როგორც ქურდოვანიძემ განაცხადა, მოხდა ისე, რომ ხელმოწერამდე მისი გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ტყემალაძეს ვერ აცნობა, თუმცა მოგვიანებით საქმის კურსში ჩააყენა და არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. მისივე თქმით, მართალია, ზურაბ ტყემალაძე მაჟორიტარებს არ ეთანხმება, მაგრამ ის კორექტული ადამიანია და არანაირი უთანხმოება არ ჰქონიათ. რაც შეეხება ქურდოვანიძის კოლეგა ოპოზიციონერების მოსაზრებას, ქურდოვანიძე აცხადებს, რომ მართალია, ის არ ითხოვს, მაგრამ მიიჩნევს, რომ მამუკა კაციტაძემ და კახა კუკავამ მაჟორიტარების კორპუსს ბოდიში უნდა მოუხადონ. დეპუტატის თქმით, ის წარმოადგენს აბაშის რაიონის 30 ათას ამომრჩეველს და მათ პოზიციას იცავს. "იარონ რაიონებში და ჰკითხონ მოსახლეობას, სურთ თუ არა პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეთ," - განაცხადა ქურდოვანიძემ. მაჟორიტარების ინიციტივა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლების პროვოცირებულად მიიჩნიეს და კარგიც უწოდეს იმ მხრივ, რომ "თურმე ზოგიერთ მაჟორიტარს ლაპარაკი შესძლებია." მაჟორიტარული არჩევნების ძველი წესის - საინიციატივო ჯგუფების საკითხის დაბრუნების და მაჟორიტარებისთვის 75 მანდატის გადანაწილების შესახებ მაჟორიტარების ინიციტივას ოპოზიციიდან პაატა ქურდოვანიძემ და ვიქტორ ჯაფარიძემ მოაწერეს ხელი.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |