"რეზონანსი "
# 56
შაბათი, 1 მარტი, 2008 წელი

როგორი პრეზიდენტი იქნება დიმიტრი მედვედევი: ხვალ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია

ია აბულაშვილი

ხვალ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, რომლის შედეგებიც პრაქტიკულად წინასწარვეა ცნობილი. ეჭვი არავის ეპარება, რომ არჩევნებს კრემლისა და ვლადიმირ პუტინის რჩეული, ვიცე-პრემიერი დიმიტრი მედვედევი დამაჯერებლად მოიგებს.

თავად პუტინმა გუშინ გამოსამშვიდობებელი მიმართვა გააკეთა.

"სამი თვის წინ ჩვენ თქვენთან ერთად ახალი პარლამენტი ავირჩიეთ და ის უკვე აქტიურად მუშაობს. 2 მარტს ჩვენ მოგვიწევს ხმა მივცეთ ახალ პრეზიდენტს და ამით დავასრულოთ მეორე და გადამწყვეტი ეტაპი.

"არ უნდა შეჩერდეს რუსეთის მოძრაობა წინსვლისაკენ. სწორედ ამისათვის უახლოეს წლებში ჩვენს წინაშე რთული და ძნელად შესასრულებელი ამოცანებია დასმული. ვინ უფრო უკეთესად შეძლებს ამ მიზნის მიღწევას და ვინ შეძლებს სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მილიონობით ადამიანისთვის რეალური სარგებლობის მოტანას, ამ დღეებში რუსი მოქალაქეების ხმის მიცემის საშუალებით გაირკვევა. თქვენ ყველას გაქვთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად უპასუხოთ ამ კითხვებს. საპრეზიდენტო არჩევნებზე კი გააკეთოთ გააზრებული არჩევანი. გთხოვთ, 2 მარტს არჩევნებზე მობრძანდეთ და ხმა მისცეთ ჩვენს საერთო მომავალს, რუსეთის მომავალს", - ნათქვამია მიმართვაში.

მედვედევის მოწინააღმდეგეები წინსაარჩევნო პერიოდში კრემლს არაერთგზის ადანაშაულებდნენ, პუტინის საპრეზიდენტო კანდიდატის, მედვედევის სასარგებლოდ ადმინიტრაციული რესურსების გამოყენებაში. რუსეთის ცესკო-ს ხელმძღვანელმა ჩუროვმა უკვე აღიარა საპრეზიდენტო კანდიდატთა "არათანაბარი პირობები".

"რუსეთის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილე კანდიდატებისთვის სამართლიანი, მაგრამ არათანაბარი პირობები შეიქმნა, პირობები იმიტომ იყო სამართლიანი, რომ ყველა კანდიდატს თავიანთი პროგრამების პრეზენტაციისათვის თანაბარი უფლებები ჰქონდა", - განაცხადა რუსეთის ცესკო-ს ხელმძღვანელმა "ბი-ბი-სი"-სთან ინტერვიუში.

ქართველ პოლიტოლოგთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ რუსეთის შემდეგი პრეზიდენტი სწორედ დიმიტრი მედვედევი იქნება და ხვალინდელ არჩევნებსაც ამ კუთხით განიხილავს.

კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი თვლის, რომ რაიმე მკვეთრი ცვლილებები თავდაპირველად მოსალოდნელი არ არის. თუმცა, თუ მედვედევი რეალურად დამოუკიდებელ ფიგურად ჩამოყალიბდება და შეძლებს პრეზიდენტის სადავეების მთლიანად ხელში აღებას, გარკვეული ცვლილებები რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მედვედევი არ დარჩება პუტინის ჩრდილში.

"მე ვიტყოდი, რომ პუტინმა გააკეთა ის, რომ თავის შემდეგ დატოვა კაცი, რომელიც მას არ დაუპირისპირდება. ის იქნება ხაზის მემკვიდრე - ასე წარმოუდგენია პუტინს. დღეს იგი მედვედევს უკეთებს რეკლამას, ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მისი ფავორიტია.

"რამდენად სწორად გათვალა პუტინმა ვერ გეტყვით, რადგან როდესაც დამოუკიდებლობის ხიბლს იგრძნობენ, როგორც პრეზიდენტები, რაღაც ხაზს დამოუკიდებლად უკვე გაატარებენ და იმის გამო, რომ ვიღაცამ ორბიტაზე გამოიყვანა, მისი მძევალი აღარ ხდებიან - ასეა პოლიტიკაში. რამდენად მოახერხებს ამას მედვედევი, ამას დრო გვიჩვენებს, მითუმეტეს, რომ პუტინი აქტიური პოლიტიკიდან არ მიდის. შეიძლება ითქვას, იგი შეეცდება ისეთი პირობები შეიქმნას, რომ შეძლოს მედვედევის გაკონტროლება, ანუ გახდეს პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას გიორგი ხუციშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის საგარო პოლიტიკას მომავალში და ურთიერთობას საქართველოსთან, პოლიტოლოგი მკვეთრ ცვლილებებს ჯერ-ჯერობით არ ელის.

"მედვედევს მოუწევს იმ ანტიქართული განწყობის გათვალისწინება, რომელიც რუსეთშია, იგი რაღაც ეტაპზე ანგარიშს გაუწევს დუმის რადიკალებს. ასევე დარჩება დაპირისპირების ფონი ნატოსთან და ევროკავშირთან, მაგრამ შემდგომ ეტაპზე შეეცდება ამ სტრუქტურებთან დაახლოების პოლიტიკა გაატაროს. რუსეთი ბოლოს და ბოლოს დემოკრატიული ქვეყანა უნდა გახდეს", - აცხადებს გიორგი ხუციშვილი.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე: "ვინც გინდა გახდეს რუსეთი პრეზიდენტი, ერთ-ორ თვეში სერიოზული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მითუმეტეს, თუ მედვედევი გახდება რუსეთის პრეზიდენტი, უახლოეს პერიოდში მაინც მოუწევს კორექტივების გარეშე გააგრძელოს პუტინის კურსი.

"პრაქტიკულად ეს იქნება პუტინის კურსი, ოღონდ უფრო ლიბერალურად შეფუთული. თანაც პუტინი არ მიდის დიდი პოლიტიკიდან. მედვევდევი არ წავა პუტინის კურსის საწინააღმდეგოდ და ის გეგმები, რომელიც მას ექნება პუტინთან სრული შეთანხმებით მოხდება, ოღონდ ასოცირებული იქნება მედვედევის სახელთან. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე ერთგული "მემკვიდრეც" კი მუდამ ცდილობს თავის კვალი დაამჩნიოს ისტორიასაც და პრაქტიკულ მმართველობასაც.

"რაც შეხება რუსეთის საგარეო კურსს სამომავლოდ, არც ისაა შემთხვევითი, რომ პუტინმა არჩევანი გააკეთა ლიბერალ მედვედევზე. ეს ბევრის მთქმელი გზავნილია დასავლეთისათვის. პუტინს არ სურს, რომ რუსეთი დასავლეთის თვალში დიქტატურის ზღვარზე მყოფ რეჟიმად გამოიყურებოდეს.

"ასევე, არც იმის ილუზია უნდა გვქონდეს, რომ საქართველოსთან ურთიერობა ხვალ, ზეგ ან მაზეგ დარეგულირდება. რა თქმა უნდა წინააღმდეგობები მთელ რიგ საკვანძო საკითხებში კვლავ დარჩება. თუკი საზოგადოების მხრიდანაც არ იქნება მოთხოვნა დათბობის მხრივ, ისე არაფერი არ გამოვა. ამიტომ დღეს სახალხო დიპლომატიაცაა საჭირო, რათა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერობა მხოლოდ პირველი პირების იმედზე არ დარჩეს".

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის თქმით, პუტინს საკმაოდ წარმატებული მცდელობა ჰქონდა რაიმე რადიკალური ცვლილება არ მომხდარიყო ქვეყანაში და ხელისუფლების მშვიდი ცვლილება მოეხდინა.

"მედვედევთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დგას, როგორც გამარჯვებულ კანდიდატან მიმართებაში. მისი და პუტინის თანამშრომლობა კორექტული და მშვიდი იქნება. გარკვეული დისტანცირება მოხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც მედვედევი დაიწყებს შეხვედრებს "დიდი 8-იანის" ქვეყნების მეთაურებთან, წარმოჩინებული იქნება, როგორც ქვეყნის ლიდერი და უკვე აღარ იქნება პუტინის გავლენა მნიშვნელოვანი. ამის შემდეგ მოხდება დაპირისპირება კულისებში", - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

თუ ვინ იქნებიან მედვედევის "ოქროს სათადარიგონი" - ამასთან დაკავშირებით ცისკარიშვილი პუტინის სერიოზული შეცდომად მის საკადრო პოლიტიკას მიიჩნევს, რომლის გარემოცვაც, მისი თქმით, მხოლოდ პეტერბურგელი პოლიტიკოსებითა და ეკონომისტებით იყო დაკომპლექტებული.

"ამან გამოიწვია მთელი რუსეთის მასშტაბით გაღიზიანება. მედვედევი, რომელიც არ არის ძალოვანი სტრუქტურებიდან წამოსული კადრი და მისი აზროვნების სტილი უფრო ორიენტირებულია ეკონომიკაზე და ბიზნესზე, არის უმაღლესი რანგის იურისტი. იგი გაითვალისწინებს რუსეთის, როგორც უზარმაზარი ქვეყნის რესურსებს და არ გამოიყენებს მხოლოდ პეტერბურგის საკადრო წყაროს", - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com