|
|
"რეზონანსი "
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებისთვის ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია, იგი დღემდე დაკავებული არ არის სალომე გოგოხია, მაკა ქობალია
14 თებერვალს თბილისში, ქუთათელაძის #4-ში მდებარე საბილიარდოსთან დაახლოებით, ღამის 12 საათზე 19 წლის ალექსანდრე ნარსია მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 35 წლის კახა ბარბაქაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებისთვის ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია, იგი დღემდე დაკავებული არ არის. ნარსიას გულ-მკერდის არეში დანით ერთი ჭრილობა მიაყენეს. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. აღძრულია სს საქმე განზრახ მკვლელობისთვის. გამოძიება ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს. ალექსანდრე ნარსია დედ-მამასთან ერთად მთაწმინდაზე, მესხის ქუჩაზე ცხოვრობდა. მოკლულის დედის, ტატა ნარსიას თქმით, ალეკო დროის დიდ ნაწილს ლაგოდეხის მამათა მონასტერში ატარებდა. მკვლელობამდე დაახლოებით ერთი თვე ალეკო ნარსია მამათა მონასტერში იმყოფებოდა და 3 მარტამდე თბილისში ჩამოსვლას არ აპირებდა. დედის თქმით, თბილისში იგი საცოლესთან სიყვარულის დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.
როგორც "რეზონანსთან" მოკლულის საცოლე მაგდა ბაკურაძე აცხადებს: "აკოს ოთხ საათზე შევხვდი. საბილიარდოში მელოდებოდა. მე და აკო კუპეში ვიყავით. მოგვიანებით, აკოს ძმაკაცი შეყვარებულთან ერთად მოვიდა. "კახა დაახლოებით საღამოს 9 საათზე მოვიდა. მთვრალი იყო და იგინებოდა, უზრდელობდა. აკომ სამჯერ სთხოვა, ნუ იგინები, გოგონები არიანო. ამის გამო მათ შორის შელაპარაკება მოხდა. კახამ აკოს არყის ბოთლი ესროლა. საბილიარდოდან გამოსვლამდე ორჯერ იჩხუბეს. შემდეგ კახა სახლში წავიდა. "ამის შემდეგ ჩვენც გამოვედით. თაბუკაშვილზე უნდა ავსულიყავით ტაქსის გასაჩერებლად. როცა მოსახვევთან მივედით, კახამ აკოს დაუძახა. აკო მასთან მივიდა თუ არა, კახამ მას დანა გაუყარა. კახას ხელში რა ეკავა, ვერ დავინახე. აკოს სანამ მანქანაში ჩავსვამდით, მითხრა - "ვეღარ ვსუნთქავო", მეტი არაფერი უთქვამს. გზაში გარდაიცვალა", - ამბობს მაგდა ბაკურაძე. მისივე თქმით, ადრე ალეკოსა და კახას შორის კონფლიქტი არ ყოფილა. "კახა ორჯერ მყავს ნანახი. მეორედ "ოაზისში" ვნახე, ჩხუბობდა. მანდ თითქმის ყოველდღე ჩხუბია. აკოს და კახას არასდროს არ ჰქონდათ ჩხუბი და ერთმანეთში ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბარში მოკლულის საცოლე. "რეზონანსმა" შემთხვევის ადგილი მოინახულა და იმ საბილიარდოს თანამშრომლებს გაესაუბრა, სადაც ბარბაქაძესა და ნარსიას შორის შელაპარაკება მოხდა. "ორივე ხშირად სტუმრობდა საბილიარდოს. ორივეს ვიცნობდით. ჩვენ დაცვა არ გვყავს, ჩხუბის შემთხვევაში ოპერატიულ სამსახურს ვიძახებთ. იმ ღამით ოპერატიული არ გამოგვიძახებია, რადგან ჩხუბი სულ რაღაც ერთ წუთს გაგრძელდა. ჩხუბის შემდეგ კახა საბილიარდოდან გავიდა. ერთმანეთს იცნობდნენ და ამიტომ საჭიროდ არც ჩავთვალეთ გამოძახება," - განაცხადა საბილიარდოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა. ჩვენ ასევე მოვინახულეთ ბარბაქაძის საცხოვრებელი ბინა, რომელიც დაკეტილი დაგვხვდა. მეზობლების თქმით, მკვლელობის შემდეგ დედა-შვილი იქ აღარ უნახავთ. "ისინი დაახლოებით ერთი წელია რაც ქირით ცხოვრობენ. მეზობლებთან ურთიერთობა არ ჰქონდათ. ბოლო დღეებში მათი ბინა დაკეტილია და სად გადავიდნენ არ ვიცით," - აცხადებენ ქუთათელაძის ქუჩის მაცხოვრებლები. გარდაცვლილის ოჯახის განცხადებით, კახა ბარბაქაძე ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მძღოლის მეგობარია და ვარაუდობენ, რომ ბარბაქაძემ მისი დახმარებით მოახერხა მიმალვა. "ჩვენ გავიგეთ, რომ ბარბაქაძე ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მძღოლის მეგობარია. ამ ეტაპზე ვადგენთ და არ გვინდა გავახმაუროთ. ჩემი შვილის მეგობარმა გაიგო როგორ ეუბნებოდა ბარბაქაძე ტელეფონით ვიღაცას - "ჩქარა მოდი და აქედან წამიყვანეო." არ მინდა გამოძიებას ხელი შეეშალოს და მინდა მალე დააკაონ ჩემი შვილის მკვლელი," - ამბობს მოკლულის დედა ტატა ნარსია. "5 აპრილს აკოს 20 წელი შეუსრულდებოდა. ის და მაგდა დაქორწინებას აპირებდნენ. როცა ეს უბედურება მოხდა, მე ბეთანიაში, ჩვენს აგარაკზე ვიყავი. მეზობლებმა დამირეკეს და მითხრეს, თითქოს ჩემი მეუღლე ცუდად იყო და სახლში მანქანით ჩამომიყვანეს. როცა სახლში შევედი, ჩემი ქმარი ოთახიდან გამოვიდა და მითხრა - დავიღუპეთო. მერე არაფერი მახსოვს. გასვენებაზე ლაგოდეხის მამათა მონასტრიდან ცხრა მამაო ჩამოვიდა. მათ პატარა გუმბათიდან ჯვარი მოხსნეს და აკოს საფლავისთვის ჩამოიტანეს. "აკო წინასწარ გრძნობდა სიკვდილს. სიკვდილამდე თავის მეგობრებს ტანსაცმელები დაურიგა. მარტო ერთი ქურთუკი დატოვა სახლში. ყველას ხატები აჩუქა. ვინც ეკლესიაში არ დადიოდა, ყველას დააწყებინა სიარული. მაგდასთვის ისიც უთქვამს, არ მინდა მოვკვდე, სიკვდილის ძალიან მეშინიაო," - ამბობს მოკლულის დედა. "რეზონანსი" კომენტარისათვის ბარბაქაძის ადვოკატთან ნათელა ჩერქეზიასთან დაკავშირებას შეეცადა. თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |