|
|
"რეზონანსი "
ჟურნალისტები ჟურნალისტის დასაცავად: მალხაზ ბასილაია უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ლანა ბერიძე
5-ის ნახევარზე გაეროს წარმოამდგენლობის თბილისის ოფისთან, კრწანისის #38-ის წინ ქართველმა ჟურნალისტებმა ტელეკომპანია "მზის" რეგიონალური კორესპონდენტის მალხაზ ბასილაიას უკანონო დაკავება ჟურნალისტური მშვიდობიანი აქციით დაგმეს. აქციაზე მისულ ტელეკომპანია "მზის" ჟურნალისტებმა და სხვა რედაქციებისა და მაუწყებლობების კორესპონდენტებმა მომხდარი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს, რომ მაქსიმუმი გააკეთონ მალხაზ ბასილაიას უპირობოდ გასათავისუფლებლად. ბუნებრივია ამ მოთხოვნას გაზეთ "რეზონანის" კოლექტივიც უერთდება და ყველა კომპეტენტურ პირს თხოვს, რომ ყველაფერი გააკეთონ დაკავებული ჟურნალისტის უვნებლად გასათავისუფლებლად. გუშინ კრწანისის ქუჩაზე შეკრებილმა ჟურნალისტებმა საკუთარი მოთხოვნა ტრანსპარანტებზე ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზეც დაწერეს. "თავისუფლება ქართველ ჟურნალისტს", "სერგეი ბაღაფშ, დაუყონებლივ გაათავისუფლე უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტი", "მოვითხოვთ ტელეკომპანია "მზის" უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტის უპირობო გათავისუფლებას", - ასეთი შინაარსის ტრანსპარანტებით გამოხატა კრწანისის ქუჩაზე შეკრებილმა 50-მდე ჟურნალისტმა საკუთარი პროტესტი. ჟურნალისტების მიერ ორგანიზებული აქციიდან, დახლოებით 100 მეტრში მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის 5 თანამშრომელი, რომლებიც მშვიდობიან აქციას გვერდიდან ადევნებდნენ თვალს. ერთადერთი გამოხმაურება, რაც კრწანისის ქუჩაზე ჟურნალისტების მიერ გამართულ აქციას მოჰყვა, გაეროს ოფისიდან გამოსული ჟურნალსიტებისთვის გაურკვეველი სტატუსის მქონე მამაკაცი გახლდათ, რომელმაც აქციაზე მისულ ჟურნალისტებს ფოტოები გადაუღო და ისევ ოფისში შებრუნდა. აქციის დაწყებამდე ტელეკომპანია "მზის" თანამშრომლებმა გაეროს წარმომადგენლობას თბილისში ოფიციალური წერილითაც მიმართეს. წერილის შინარსის მიხედვით, ჟურნალისტები გაეროს წარმოამდგენლობას სთხოვენ გააკეთონ მაქსიმუმი, რათა მალხაზ ბასილაია დაუყონებლივ იქნას გათავისუფლებული. "გაეროს წარმომადგენლებს მივმართავთ გამოიყენონ ყველა ის ბერკეტი, რის უფლებასაც გაეროს საერთაშორისო წესდება აძლევს, რათა გააათმაგონ მუშაობა და მალხაზ ბასილაია უპირობოდ გაათავისუფლონ. "წერილში კიდევ ერთხელ დავგმეთ მომხდარი და ხაზგასმით დავაფიქსირეთ, რომ მალხაზი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და, რომ მას არ დაურღვევია არცერთი დაწერილი თუ დაუწერელი კანონი. "თუ ეს აქცია და წერილი შედეგს არ გამოიღებს, შესაძლებელია მორიგი მშვიდობიანი აქცია სხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთანაც გავმართოთ, ან თუნდაც რომელიმე სახელმწიფოს საელჩოსთან. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი აქცია საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად აჩვენებს, რომ მალხაზი უკანონო პატიმარია და მას დაუყონებლივ გაათავისუფლებენ", - განუცხადა "რეზონანსს" ტელეკომპანია "მზის" საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა მათე კირვალიძემ. ჟურნალისტების მიერ ორგანიზებულ აქციას აფხაზეთის მედიაცენტრის წარმომადგენლებიც შეუერთნენ. "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებზე ზეწოლა ხდება. მოვუწოდებთ აფხაზურ მხარეს, რომ უპირობოდ გაათავისუფლონ ქართველი ჟურნალისტი. ვფიქრობთ, რომ ჟურნალისტებს ქართულ-აფხაზურ საზღვარზე მშვიდად მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ და დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ქართველი ჟურნალისტების დევნა", - განუცხადა "რეზონანსს" აფხაზეთის მედაცენტრის წარმოამდგენელმა ნინო რამიშვილიმა. კრწანისის ქუჩაზე გამართულ აქციას შეუერთდა ტელეკომპანია "მზის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნინო ჟიჟილაშვილიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ფაქტის პიარისთვის გამოყენება უფრო ცუდ შედეგს გამოიღებს ვიდრე დღეს არის. "მალხაზ ბასილაიას რამდენიმე წელია ვიცნობ. წელიწადნახევარი მისი უფროსი ვიყავი და ერთობლივი მუშაობის მანძილზე მალხაზს არცერთი შეცდომა რა დაუშვია, მიუხედავად იმისა, რომ ის კონფლიქტურ ზონაში მუშაობდა. "მინდა როგორც რიგითმა ჟურნალისტმა ჩვენს ხელისუფლებას და აფხაზურ მხარეს ვთხოვო, მაქსიმუმი გააკეთონ ამ ადამიანის გასათავისუფლებლად. არ არის კარგი, როდესაც მალხაზის მდგომარეობას ვინმე საკუთარი პიარისთვის იყენებს, რასაც რამდენიმე დღის წინ უკვე ჰქონდა ადგილი. მგონი სწორედ ამის შედეგია, რომ ის ამდენი ხანი რჩება პატიმრობაში. "კერძოდ, ჩვენი ქვეყნის პირველი პირის განცხადებას ვგულისხმობ, რომელიც ძალიან კატეგორიული და ულტიმატუმის ტონით იყო ნათქვამი. მაქვს ძალიან სანდო ინფორმაცია, რომ მალხაზი თითქმის გადმოყვანილი იყო საზღვარზე და სწორედ ამ განცხადების შემდეგ დააბრუნეს უკან", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას ნინო ჟიჟილაშვილმა. "21-ე საუკუნეში ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ტერორისტის გარდა სხვა არავინ არ აკავებს, მითუმეტეს გამოგონილი ბრალდებით. გაერო, რომელიც ამ დრომდე ვერაფერს ქმედითს ვერ აკეთებს ვთხოვ, რომ უფრო გააძლიერონ მუშაობა, რადგან ისინი ძალიან კარგად იცნობენ ბაღაფშსაც და იცნობენ იმ ხალხსაც, რომლებიც აფხაზეთში გადაწყვეტილებებს იღებენ. "ვფიქრობ გაეროს მეტის გაკეთება შეუძლია და ჩემი მხრიდან პროტესტი არა მარტო აფხაზეთის თვითაღიარებული ხელისუფლების მიმართ არამედ გაეროს მიმართაც არის გამოხატული", - აცხადებს "რუსთავი-2"-ის კორესპონდენტი გიორგი კეპულაძე. აქციას ასევე შეუერთდნენ ჟურნალისტები - მარინა სალუქვაძე, ინგა გრიგოლია, ლაშა ხარაზიშვილი, სოფო ხუნწარია, თამთა სანიკიძე, გოდერძი შარაშია, თათია პაჭკორია, ტელეკომპანია "კავკასიის", "აჭარის ტელევიზიის", "ალანიასა" და სხვადასხვა რედაქციების ჟურნალიტებიც.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |