"რეზონანსი "
# 56
შაბათი, 1 მარტი, 2008 წელი

აქცია დაახლოებით 5 საათზე დაიშალა?

მაკა ქობალია

8 ნოემბერს გოძიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი კერძო ფირმის დარაჯმა 30 წლის ვაჟა ელბაქიძემ შელაპარაკების ნიადაგზე ამავე ფირმის დარაჯი 25 წლის კონსტანტინე ნავაძე დანის ერთი დარტყმით მოკლა. მოკლული და ეჭვმიტანილი კარგი მეგობრები იყვნენ. როგორც ელბაქიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე განაცხადა მკვლელობის მოტივი გოგონა იყო, რომლის დათმობასაც მეგობარი სთხოვდა.

ელბაქიძე ნავაძის მკვლელობის ფაქტს არ უარყოფს. იგი აღიარებს, რომ მეგობარი მოკლა. თუმცა, აცხადებს რომ ეს იყო შემთხვევითობა და არა წინასწარ განზრახული მკვლელობა.

როგორც პროკურორი ჩივიაშვილი აცხადებს, სს საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. მისი განმარტებით, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

"2007 წლის 8 ნოემბერს დაახლოებით ღამის 12 საათზე გოძიაშვილის #20-ში მდებარე შპს "გეიმის" ნასვამ დარაჯებს - ვაჟა ელბაქიძეს და კონსტანტინე ნავაძეს შელაპარაკება მოუვიდათ. კონსტანტინე ნავაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ელბაქიძეს, რაც შემდგომ გადავიდა გინებასა და ჩხუბში. ელბაქიძემ განიზრახა ნავაძის განზრახ მოკვლა და თან ნაქონი დანით გულმკერდის არეში მიაყენა ნავაძეს ჭრილობა, რის შემდეგადაც ნავაძე გარდაიცვალა," - ყვება პროკურორი გიორგი ჩივიაშვილი

პროკუროსისგან განსხვავებით თავად განსასჯელი საკმაოდ ვრცლად და დეტალურად ჰყვება მომხდარის შესახებ. მისი თქმით, ნავაძესთან წინა დღეებშიც ჰქონდა კონფლიქტი.

"მე და ნავაძემ სამი ოთხი-დღით ადრე ვიჩხუბეთ მირანდას გამო. მე ცოლს ვშორდებოდი და მირანდა უნდა მომეყვანა ცოლად, ის კი მეუბნებოდა - ეგ გოგო მე დამითმეო. 8 ნოემბერს ერთად დავლიეთ და შევრიგდით.

"მოგვიანებით მე და მირანდა მივედით ერთად სამსახურში და ნავაძე ცუდ ხასიათზე დამხვდა, თან მისი ვალიც მქონდა 30 ლარი. მირანდას უთხრა, ერთად წავიდეთ მაღაზიაში სიგარეტის საყიდლადო, მაგრამ მე მირანდა არ გავუშვი და ამის გამო დავიწყეთ ჩხუბი. ნავაძემ ბოთლი დაამტვრია. მე მეორე ბოთლიც მივაწოდე, რომელიც საწოლის თავზე გადავამტვრიე. შუშის ნამსხვრევებიან ლოგინზე დამაგდო და მახრჩობდა, მაგრამ მირანდამ გაგვაშველა.

"მერე, როცა ცოტა დაწყნარდა, შევთანმხდით დილით გავარკვევდით და დასაძინებლად წავიდა.

"ნავაძის წასვლის შემდეგ მეც გავედი ცოცხის მოსატანად. ნავაძე გარეთ დამხვდა და მითხრა, ოთახში შევიდეთო. ცოტა იქაც ვიკამათეთ, მერე ერთმანეთს დავუწყეთ რტყმევა. ისევ მეუბნებოდა - ეგ გოგო დამითმეო.

"დამიწყო დახრჩობა, მე მაგიდას მოვუსვი ხელი, დანა ავიღე და მინდოდა მკლავში დამერტყა, მაგრამ გულში მოხვდა. როგორც კი ვნახე დაჭრილი იყო, პირსახოცი მივაფარე გულზე. ნაცნობებს დავუძახე და მანქანით საავადმყოფოში წავიყვანე, გზაში ვყვიროდი - ღმერთო არ მოკლა-მეთქი. იქ კი პლიციამ დამაკავა. მე არც გაქცევა მიცდია და არც დამიმალავს რამე," - გაიხსენა პროცესზე განსასჯელმა.

როგორც თავად მირანდა ტეფნაძე ამბობს, ის ჩხუბის პროცესს შეესწრო. თუმცა, ნავაძის მკვლელობას არ შესწრებია.

მე, მანამდე რომ ჩხუბობდნენ, გავაშველე კიდეც, მაგრამ ვაჟა ცოცხის მოსატანად გავიდა და იქ ოთახში რა მოხდა, არ ვიცი. როცა გავედი, ვნახე როგორ კამათობდნენ ოთახში. ვაჟას რაღაც ეჭირა ხელში და იქნევდა. მე ისევ შევბრუნდი ოთახში, რადგან ვაჟას გაფრთხილებული ვყავდი ჩხუბის დროს მასთან არ მივსულიყავი. რამდენიმე ხანში ვაჟა დაბრუნდა ოთახში პოლიციასთან ერთად," - იხსენებს მირანდა ტეფნაძე.

მოკლულის ოჯახის წევრების თქმით, კონსტანტინე ნავაძეს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და დაახლოებით ერთი წელი მუშაობდა დარაჯად იმ ფირმაში, სადაც მკვლელობა მოხდა.

"ჩვენ არ გვაინტერესებს ამ მკვლელობის არანაირი მოტივი. ფაქტია, რომ ჩემი ძმის მკვლელობა უნდოდა. როცა არ გინდა ვინმე მოკლა, დანას გულში არ დაარტყამ. ჩვენ ვითხოვთ, რომ პასუხი აგოს იმ დანაშაულისთვის რაც ჩაიდინა," - განუცხადა "რეზონანსს" მოკლულის დამ თეა ნავაძემ.

ბუში რაულ კასტროსთან მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს

(მედიანიუსი) 28 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯორჯ ბუშმა რაულ კასტროს "ტირანი" უწოდა და განაცხადა: "მასთან მოლაპარაკებებს არ გავმართავ, რადგან ამისი არანაირი სურვილი არ მაქვსო." აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, ასეთი სახის მოლაპარაკებები პოლიტიკური რეპრესიების მხარდაჭერა უფროა. "ეს იმ ადამიანებს დააკარგვინებდა რწმენას, ვისაც სჯერა, რომ აშშ პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად განაგრძობს ბრძოლას." ბუშის წინანდელი განცხადებით, კუბაზე ხელისუფლების ნებაყოფლობითი გადაცემა დემოკრატიის გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო. ფიდელ კასტრომ, რომელიც კუბის ნახევარსაუკუნოვანი უცვლელი ლიდერი იყო, 19 თებერვალს განაცხადა, რომ ხელისუფლებას ტოვებს და პოსტიდან მიდის. მისმა ძმამ რაულ კასტრომ, რომელიც ფიდელის ავადმყოფობის შემდეგ 2006 წლიდან ქვეყანას ფაქტობრივად სათავეში უდგას, რესპუბლიკის სახელმწიფოს საბჭოს თავმჯდომარეობა შეითავსა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com