|
|
"რეზონანსი "
რატომ წავიდნენ რესპუბლიკელები ? სოფო ქვლივიძე
ევრონული საბჭო ორ ნაწილად გაიყო. რესპუბლიკელებმა გაერთიანებული ოპოზიციის დატოვების შესახებ გავრცელებული ხმები გუშინ დაადასტურეს. ეროვნულ საბჭოში ცდილობენ, რომ უსუფაშვილის პარტიის გადაწყვეტილება მწვავედ არ გააკრიტიკონ, თუმცა, ცალკეულმა პოლიტიკოსებმა უსუფაშვილის პარტიის წევრებს "ღამღამობით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების" წარმოებაში დასდეს ბრალი. მართალია, ოპოზიციონერები არ ადასტურებენ, მაგრამ საბჭოს გაყოფის მიზეზი საარჩევნო სიები გახდა. რესპუბლიკელების ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, "პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიციას გაშლილი ფრონტით უფრო მეტი მანდატის მიღება შეუძლია, ვიდრე ამას ერთიანი სიით შეძლებს". "საპარლამენტო არჩევნებით საქართველოში პოსტკომუნისტური ავტორიტალური მმართველობის ეტაპი უნდა დასრულდეს, რაც 2007 წლის შემოდგომის მოვლენების ლოგიკური შედეგი იქნება. ამისთვის აუცილებელია, ძირითადმა ოპოზიციურმა ძალებმა პარლამენტში მყარი ჯამური უმრავლესობა მოიპოვონ, პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში კი ოპოზიცია გაშლილი ფრონტით უფრო მეტ მანდატს მიიღებს, ვიდრე ერთიანი სიით," - აღნიშნა გუშინ უსუფაშვილმა. მიუხედავად საბჭოს დატოვებისა, უსუფაშვილი იმედს იტოვებს, რომ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების დროს კოორდინირებულ მოქმედებას შეძლებს. კონსერვატორ ზვიად ძიძიგურის თქმით, ამის მიუხედავად, პარტიები ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან და გარკვეულ წილად დაუპირისპიდებიან კიდეც ერთმანეთს. რესპუბლიკელების გადაწყვეტილებას ეროვნული საბჭოს წევრები შეცდომად აფასებენ. "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ბრძოლითაა შესაძლებელი. საბჭომ, გუშინ, საგანგებო ბრიფინგზე დააფიქსირა, რომ ერთი სუბიექტის წასვლით საბჭო არ იშლება და ის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას. "ერთიანი ეროვნული საბჭოს" გადაწყვეტილება მტკიცეა: ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში სააკაშვილის ტირანიის დამარცხება მხოლოდ ერთიანი ძალით, ერთიანი საარჩევნო ბლოკით, მათ შორის ერთიანი საარჩევნო სიითაა შესაძლებელი. ეს ქართველი ხალხის მოთხოვნაა," - აღნიშნა დავითაშვილმა. მართალია, ამას ღიად არავინ ამბობს, მაგრამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი მაინც საარჩევნო სია გახდა. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ საბჭოში შემავალი პარტიები ერთიან სიასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ. მაშინ, როცა დაბალრეიტინგული პარტიები სიის პარიტეტის პრინციპით დაკომპლექტებას მოითხოვდნენ, რესპულიკელებს მიაჩნდათ, რომ საარჩევნო სია პარტიების რეიტინგულობის მიხედვით უნდა შემდგარიყო. უსუფაშვილმა საბჭოს დახურულ სხდომაზე მაშინვე ცალსახად დააფიქსირა, რომ თუ შეთანხმება ვერ მოხდებოდა, მისი პარტია დამოუკიდებლად მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას. მაგალითად, კონსტანტინე გამსახურდია, სალომე ზურაბიშვილი, ჯონდი ბაღათურია და სხვა დაბალრეიტინგული პარტიები პროპორციულ სიაში 5-5 კაცის ჩასმას მოითხოვდნენ. ეს მაშინ, როცა ყველა შიდა გამოკითხვის მიხედვით, რესპუბლიკელებს, "ხალხის პარტიას" და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას სხვებზე გაცილებით მაღალი რეიტინგი ჰქონდათ. უსუფაშვილი სიაში 15 კაცის ჩასმას მოითხოვდა, რაზეც სხვები არ თანხმდებოდნენ. მითუმეტეს, რომ "თავისუფლებას", "საქართველოს გზას" და "ქართულ დასს", რეიტინგულობიდან გამომდინარე, მხოლოდ 3-3 კაცის ადგილი ხვდებოდათ. ახლა ეროვნულ საბჭოს წევრები ღიად აცხადებენ, რომ რესპუბლიკელების წასვლის შემდეგ, ერთიანი სია პარიტეტის პრინციპით დაკომპლექტდება. ხოლო, რესპუბლიკელები ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე გრძელი სიით გამოვლენ. უსუფაშვილი რესპუბლიკელთა სიაში ლევან გაჩეჩილაძის მოხვედრას არ გამორიცხავს, თუმცა, ეროვნულმა საბჭომ უკვე ღიად განაცხადა, რომ მისი საარჩევნო სიის პირველი ნომერი პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი იქნება. დავითაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საპარლამენტო სიის პირველი ათეული უახლოეს დღეებში დაკომპლექტდება. თუმცა, წინასწარვე უნდა ვივარაუდოთ, რომ სიის პირველ ათეულში პარტიის ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით ჩაეწერებიან. პირველ ათეულში მოხვდება უპარტიო გოგა ხაინდრავაც. წინასწარ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს საბჭო თავის სიაში ჩაწერს და თანაც ერთ-ერთ მოწინავე ადგილას. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ოქრუაშვილს კანონმდებლობით არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცემა. განხეთქილების კიდევ ერთი მიზეზი გუშინ "თავისუფლების" ლიდერმა კონსანტინე გამსახურდიამ დაასახელა. "ჩვენ ის ოპოზიცია არ ვართ, რომელიც ხელისუფლებას ღამ-ღამობით ურიგდება," - აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებასთან დიალოგში მონაწილეობას მას შემდეგ დათანხმდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს ღამით ტელეფონით ესაუბრა. "ჩვენ არ მივეკუთვნებით "ღამის ოპოზიციას", რომელიც ხელისუფლებასთან ღამ-ღამობით გარიგებებს აწარმოებს. ჩვენ დღისით ვაწარმოებთ გარიგებებს. მსოფლიო პოლიტიკაში ტერმინი "დღის" და "ღამის" ოპოზიცია მიღებულია," - აღნიშნა გამსახურდიამ. "მემარჯვენეებს" ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ ოპოზიცია გაშლილი ფრონტით საპარლამენტო არჩევნებში უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მთავარი ამოცანა იყო, უფრო დიდი გაერთიანების შექმნისკენ გადაედგა ნაბიჯი, რისკენაც, თავის დროზე, ოპოზიციას დავით გამყრელიძემაც მოუწოდა. თუმცა, მისი აზრით, ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას თუ ფიზიკურ პირს თავისუფლად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და არავის აქვს უფლება, ამ გადაწყვეტილების რევიზია გარედან მოახდინოს. "რესპუბლიკელების" ეს არგუმენტი კითხვის ნიშნებს ბადებს, თუმცა, შესაძლოა, იყოს სხვა ახსნებიც, რაც დღევანდელ ბრიფინგზე ვერ ითქვა", - აღნიშნა კაციტაძემ. ხოლო ლეიბორისტები, რომლებმაც პირველებმა დატოვეს ეროვნული საბჭო, მიიჩნევენ, რომ ეროვნული საბჭოს დაქსაქსულობა სააკაშვილის ხელისუფლებას აძლიერებს. "რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეროვნულ საბჭოში საარჩევნო სიის გამო გარკვეული პრობლემებიც იყო. გარდა ამისა, ხელისუფლებასთან ვაჭრობამ და ზოგიერთ საკიხზე შეთანხმებამ წინააღმდეგობის ფრონტი შეასუსტა. ნაცვლად იმისა, რომ გაერთიანებული ძალებით ეროვნული დაუმორჩილებლობა მომხდარიყო, პირადი ამბიციების დაკმაყოფილების გამო ოპოზიციონერებმა სხვადასხვა ბანაკებში დაიწყეს გადასვლა, გაერთიანებული ოპოზიციის დაქსაქსულობამ კი დე ფაქტო სააკაშვილის ხელისუფლება გააძლიერა," - განაცხადა გუგავამ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |