|
|
"რეზონანსი "
"რესპუბლიკელებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს": ზვიად ძიძიგურის თქმით, ეროვნული საბჭოს სია პარიტეტულად დაკომპლექტდება სოფო ქვლივიძე
კონსერვატორი ზვიად ძიძიგური რესპუბლიკელების გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ "სერიოზულ შეცდომას" უწოდებს. მისი აზრით, დავით უსუფაშვილის პარტია ამით თავად დაზარალდება. ძიძიგურის თქმით, გამორიცხული არ არის საბჭომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა აღარ მიიღოს, ვინაიდან, მისი აზრით, მმართველი ძალა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით არსებულ შეთანხმებებს არ ასრულებს. ამ საკითხზე მსჯელობას ეროვნული საბჭო უახლოეს დღეებში გეგმავს. არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანა კვლავ საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვას. ამ საკითხებთან დაკავშირებით "რეზონანსი" ზვიად ძიძიგურს ესაუბრა. ზვიად ძიძიგური: მიმაჩნია, რომ რესპუბლიკელებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთიანობა ხალხის დაკვეთა იყო. როცა ერთიანობას ასეთი ფორმით ეხები, ეს არასწორად მიმაჩნია. არ მინდა ჩემს მეგობრებზე მკვეთრი განცხადება გავაკეთო, მაგრამ მიმაჩნია, რომ შეცდომაა. "რ": ეს ოპოზიციას დააზარალებს. ზ.ძ: არა მგონია. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, საბჭო რამდენად აქტიური და თანმიმდევრული იქნება. თავის დროზე საბჭოდან ლეიბორისტებიც წავიდნენ, ამით გარკვეულწილად დავზარალდით, მაგრამ ბევრი არაფერი დაგვკლებია. "რ": ხმების გაყოფა არ მოხდება. ზ.ძ: ვნახოთ. ვფიქრობთ, რომ სერიოზული წინასაარჩევნო კამპანია გვექნება. გვჯერა ჩვენი თავის და ამომრჩევლის მხარდაჭერის. "რ": თქვენი და რესპუბლიკელების აზრები როდის გაიყო, როცა შიმშილობის აქცია ჩაიშალა, თუ საარჩევნო სიაზე ვერ შეთანხმდით. ზ.ძ: ჩვენი აზრები არ გაყოფილა. 11 სუბიექტიდან ათი ერთად ვართ. რესპუბლიკელები თუ წავიდნენ, ეს არ ნიშნავს საბჭოს გაყოფას. ისინი წავიდნენ თავისი გარკვეული პარტიული მოსაზრებების გამო. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. მიმაჩნია, რომ პირველ რიგში თვითონ დაზარალდებიან. "რ": ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში მიიღებთ მონაწილეობას. ზ.ძ: ვნახეთ, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით შეთანხმებები შესრულდა. თუმცა საარჩევნო კოდექსის შეცვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელისუფლება არღვევს. ამიტომ ვიმსჯელებთ და ამასთან დაკავშირებითაც ერთიან პოზიციას ჩამოვაყალიბებთ. "რ": ეროვნული საბჭოს საარჩევნო სიები პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტდება. ზ.ძ: ჩვენ კონსესუსი გვაქვს ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც საარჩევნო სიას ეხება. რა თქმა უნდა, პარიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩამოვყალიბდით, რომ ლევან გაჩეჩილაძე ჩაუდგება ჩვენს სიას სათავეში. იგივე ლონზუნგებით გამოვალთ: "საქართველო უპირველეს ყოვლისა" და "საქართველო სააკაშვილის გარეშე". საერთო სახალხო მოძრაობა იბრძოლებს არჩვნებში ხელისუფლების დასამარცხებლად.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |