|
|
"რეზონანსი "
"ესაა პრაგმატული გადაწყვეტილება": რამაზ კლიმიაშვილის აზრით, რესპუბლიკელთა გუშინდელი განცხადება ოპოზიციაში განხეთქილებას არ ნიშნავს ნინო ფრანგიშვილი
რესპუბლიკური პარტიის გუშინდელი გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად გამოსვლის შესახებ არაერთგვაროვნად იქნა შეფასებული. პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკელთა ეს გადაწყვეტილება გამართლებულია და იგი მომავალ პარლამენტში ოპოზიციას უფრო მეტი მანდატის აღების საშუალებას აძლევს. რამაზ კლიმიაშვილი: ესაა პრაგმატული გადაწყვეტილება. თავიდანვე ვთქვი არა რესპუბლიკელებზე, არამედ ლეიბორისტებზე, როდესაც მათ უარი თქვეს არჩევნებში ერიან სიაში მონაწილეობაზე, რომ სწორად მოიქცნენ. ეროვნულ საბჭოში ათი სუბიექტი იყო და ლეიბორისტები პირველ ათეულში მიიღებდნენ ერთ ადგილს, ხოლო პირველ ოცეულში - ორს. ცალკე გასვლით კი ისინი მინიმუმ თხუთმეტ ან ოც ადგილს მიიღებენ. ამით კი მძლავრ ფრაქციას შექმნიან პარლამენტში. რა აზრი ჰქონდა მათ გაწევრიანებას, როდესაც ისინი საპარლამენტო გზით ბრძოლას აპირებდნენ. ლეიბორისტების ლოგიკა სწორი იყო. იგივე რესპუბლიკელებს ეროვნულ საბჭოში პირველ ათეულში ერთ ადგილზე მეტს არავინ მისცემდა, თუ ის პარიტეტულ პრინციპზე იქნებოდა აწყობილი. მათ შორის ყველაზე წონიანი სწორედ რესპუბლიკელები არიან და სწორედ ამას აწვებოდნენ - წონიანი ვართო. იქ რამოდენიმე პარტია სულ ერკაციანი სახეებით არიან. ჩვენ რესპუბლიკელებიდან მინიმუმ ხუთი ცნობილი პოლიტიკოსი ვიცით. მაგრამ ისინი პარლამენტში რომ მოსულიყვნენ, ალბათ 50-კაციანი სია უნდა გასულიყო. ასე რომ, ეს ელემენტარული ცივი ლოგიკის ამბავია, რომ ისინი უნდა ცალკე გასულიყვნენ, იმიტომ, რომ მათთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა პირველ ოცეულში ორი კაცით ყოფილიყვნენ წარმოდგენილები. მათი პირველი ხუთეული კი ყველაზე მძიმე წონაა. რომელი ორი კაცით უნდა გასულიყვნენ სიაში. "რ": მარტო თუ შეძლებენ გასვლას. რ.კ: ეს ძალიან სერიოზული კითხვაა იმიტომ, რომ ისინი დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს პერიოდში პარლამენტში მარტო არასდროს გასულან, ყოველთვის ვიღაცასთან იყვნენ ბლოკში, ამიტომ მათ პარტნიორი უნდა ნახონ. ამ შემთხვევაში ისინი აუცილებლად გავლენ და პირველ ათეულში ხუთ-ხუთ კაცს გაიყვანენ. კიდევ ერთი - ახლანდელ მოვლენებს ოპოზიციაში განხეთქილებას ვერ დავარქმევ იმიტომ, რომ რესპუბლიკელების ადგილს "მწვანეთა პარტია" იკავებს. ერთიან ეროვნულ საბჭოში რესპუბლიკელების ადგილზე უკვე სხვები არიან. ცხადია და დარწმუნებული ვარ, რომ "მემარჯვენეები" ცალკე გავლენ. ესეც ზუსტად იგივე მიზეზით მოხდება, რომ პირველ ათეულში მათ ერთი ადგილი დაეთმობათ. იქაც რამდენიმე მძიმე წონის პოლიტიკოსი გვყვავს. ასე რომ, ჩვენ ვიღებთ მთელ სპექტრს ოპოზიციური პარტიებისა, რომელიც საერთო ჯამში უფრო მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე ერთიანი სიით გასვლისას. ისინი განსხვავებული პარტიები არიან და გარკვეულ ნეგატიურ რეაქციებს გამოიწვევდნენ. შეიძლება "ახალი მემარჯვენეების" მომხრეებს ერთიან სიაში სხვადასხვა სუბიეტები არ მოსწონებოდათ და პირიქით. როდესაც ცალკე გამოდიან, მათ თავიანთი ელექტორატი ჰყავთ. ასე რომ, რესპუბლიკელებმა ამ მხრის გააკეთეს ის, რაც ოპოზიციას პარლამენტში მეტ მანდატს მისცემს. თუმცა მათ საკმაოდ სოლიდური პარტნიორი დასჭირდებათ, იმიტომ, რომ დამოუკიდებლად პარლამენტში ვერ გავლენ. "რ": ხომ შეიძლება ასე ეროვნული საბჭოს დაშლა მოხდეს. რ.კ: არავითარი დაშლა არ მოხდება. ლევან გაჩეჩილაძეს საკმაოდ ძლიერი ელექტორატი ჰყავს. მეორე ადგილზე შეიძლება ძალიან პოპულარული პიროვნება გუბაზ სანიკიძე გავიდეს. თუ კარგი გადანაწილება მოხდება, ეროვნული საბჭო პარლამენტში გავა. ამგვარად, მომავალ პარლამენტში რამოდენიმე ოპოზიციური ძალა გადის, რომლებმაც სვლების კოორდინაცია უნდა მოახდინოს. რაც მთავარია, მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდნენ. უნდა გადაინაწილონ მაჟორიტარული ოლქები. იგივე ეროვნულ საბჭოში ყველა ცნობილი პიროვნებაა, რომელთა შორის ზოგს მაჟორიტარულ ოლქებში ვხედავ. ასე რომ, ოპოზიციისთვის რესპუბლიკელების დამოუკიდებლად გასვლით არაფერი კატასტროფული არ მომხდარა. პირიქით, ისინი გაცილებით მეტ ხმას მიიღებენ, თუ შეიცვალა საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო კოდექსი და არჩევნები ჩატარდა ასე თუ ისე დამოკრატიულ გარემოში. ბეგაშვილი ჩინეთთან ურთიერთობას უფრო პროდუქტიულს გახდის (პირველი) ზაზა ბეგაშვილი პირობას დებს, რომ მისი ელჩობის პირობებში ჩინეთთან ურთიერთობა უფრო მჭიდრო და პროდუქტიული გახდება. "ჩინეთი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი მოქმედი წევრია," - განაცხადა გუშინ ელჩის თანამდებობაზე დამტკიცებულმა ბეგაშვილმა. მისი შეფასებით, ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სადღეისოდ საკმაოდ ინტენსიურია, მაგრამ მისი ელჩობის პირობებში "კიდევ უფრო ინტენსიური და მჭიდრო გახდება და კონკრეტულ შედეგებსაც მოიტანს."
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |