"რეზონანსი "
# 57
კვიირა, 2 მარტი, 2008 წელი

ერთიანი საბჭოს ერთობა დაიშალა

დიდი ხანია კულუარებში საუბრობდნენ იმას, რომ ერთიანი ეროვნული საბჭო სულაც არ არის ერთიანი და იქ შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები არსებობდა და რომ, განხეთქილების მიზეზი ერთიანი სია იყო. ამ ხმებს ოპოზიციის "არაკეთილმოსურნეები ავრცელებენ". "გაერთიანებული ოპოზიცია არცერთ შემთხვევაში არ დაიშლება" - ერთგვარი გაბრაზებით აცხადებდნენ ოპოზიციური საბჭოს ლიდერები, მაგრამ როგორც ირკვევა, სწორედ ამ საკითხმა მიიყვანა ერთიანი საბჭოს ერთობა დაშლამდე.პარასკევს "რესპუბლიკელებმა" გაერთიანებული ოპოზიცია ოფიციალურად დატოვეს და არჩევნებში დამოუკიდებელი სიით მიიღებს მონაწილეობას.

ამ განხეთქილების პრეისტორია ასეთია: ამ სიაში ყველაზე მეტი ადგილი რესპუბლიკელებს უნდა შეხვედროდათ. ყოველ შემთხვევაში, კულუარული ინფორმაციით. ასეთი შედეგი აჩვენა იმ გამოკითხვამ, რომელიც ეროვნულ საბჭოში გაწევრიანებული პარტიების რეიტინგის გასარკვევად ჩატარდა. რეიტინგულობის მიხედვით სიის დაკომპლექტებაში მეორე ადგილი, სავარაუდოდ, ოქრუაშვილის პარტიის წევრებს შეხვდათ. მესამე კობა დავითაშვილის "ხალხის პარტიას".

გაერთიანებული ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს მიაჩნდა, რომ ვინაიდან საბჭოში 9 თანაბარუფლებიანი პარტიაა, მანდატები მათ შორის თანაბრად, პარიტეტის საფუძველზე უნდა გადანაწილებულიყო. თუმცა, შედარებით მაღალრეიტინგიანი პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდნენ და დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ საარჩევნო ბარიერს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაშიც გადალახავენ.

"რესპუბლიკურმა პარტიამ" გაერთიანებული ოპოზიციის "ერთიანი ეროვნული საბჭოს" დატოვების შესახებ უკვე ოფიციალურად განაცხადა. პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საბჭოსგან გამიჯნვის მიზეზები საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დაასახელა და განმარტა, რომ "პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიციას გაშლილი ფრონტით უფრო მეტი მანდატის მიღება შეუძლია, ვიდრე ამას ერთიანი სიით შეძლებს."

"აუცილებელია, ძირითადმა ოპოზიციურმა ძალებმა პარლამენტში მყარი ჯამური უმრავლესობა მოიპოვონ, პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში კი ოპოზიცია გაშლილი ფრონტით უფრო მეტ მანდატს მიიღებს, ვიდრე ერთიანი სიით. ამიტომაც საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გასულ "რესპუბლიკურ პარტიას" შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში და მზად არის, ეს მისია შეასრულოს", - აცხადებს უსუფაშვილი.

"ჩვენ მზად ვართ "ეროვნულ საბჭოში" გაერთიანებულ პარტიებთან, ასევე "მემარჯვენე ოპოზიციასთან", ლეიბორისტებთან და სხვა პარტიებთანაც გაფართოებული საკონსულტაციო საბჭოს რეჟიმში ვიმუშაოთ და ერთიანი ოპოზიციის ფრონტის შექმნა უზრუნველვყოთ," - განაცხადა პარტიის ლიდერმა, რომლის განმარტებით, საპარლამენტო "არჩევნების გზით უნდა მოხდეს არა მხოლოდ არსებული ხელისუფლების შეცვლა, არამედ იმის გარკვევაც, თუ ვინ როგორ ინაწილებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე და მის დემოკრატიულ განვითარებაზე."

უსუფაშვილი "რესპუბლიკელთა" სიაში ლევან გაჩეჩილაძის მოხვედრასაც არ გამორიცხავს. "პარტია იზრდება. ის როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი "რესპუბლიკელებით", ისე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ღირსეული სახეებით დაკომპლექტდება," - ამბობს უსუფაშვილი, თუმცა არ განუმარტავს, კონკრეტულად ვინ დაიკავებს სიაში პირველ ხუთეულს და სიაში გაერთიანებული ოპოზიციის უპარტიო ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის მოხვედრას არ გამორიცხავს.

ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, "საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი დამოუკიდებელი მონაწილეობა ოპოზიციის გაძლიერების მცდელობად უნდა შეფასდეს". მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებში "რესპუბლიკელების" დამოუკიდებლად მონაწილობა მთელი ოპოზიციის წისქვილზე დაასხამს წყალს. "ჩვენი მიზანია, მოვიპოვით საპარლამენტო უმრავლესობა, ამიტომაც გაშლილად მოქმედება გადავწყვიტეთ. ეს უთუოდ დადებით შედეგს გამოიღებს," - აცხადებს ბერძენიშვილი.

"რესპუბლიკელების" ცალკე ფრონტად გამოყოფას სხვა ოპოზიციური პარტიები დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრიდან, პირიქით, მიუხედავად თავშეკავების მცდელობისა, ერთგვარი გაღიზიანება მაინც ეტყობოდათ.

კობა დავითაშვილის განცხადებით, სააკაშვილის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ბრძოლით არის შესაძლებელი.

"ერთიანი ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილება მტკიცეა: ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში სააკაშვილის ტირანიის დამარცხება მხოლოდ ერთიანი ძალით, ერთიანი საარჩევნო ბლოკით, მათ შორის ერთიანი საარჩევნო სიით არის შესაძლებელი. ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხალხის ხმა შესმენილი იქნება ყველას მიერ," - აღნიშნავს დავითაშვილი.

მამუკა კაციტაძის განცხადებით "რესპუბლიკელების" არგუმენტი კითხვის ნიშნებს ბადებს, თუმცა, შესაძლოა, იყოს სხვა ახსნებიც, რაც ბრიფინგზე ვერ ითქვა."

ამასთან, კაციტაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მთავარი ამოცანა იყო, უფრო დიდი გაერთიანების შექმნისკენ გადაედგა ნაბიჯი, რისკენაც, თავის დროზე, ოპოზიციას დავით გამყრელიძემაც მოუწოდა. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები უნდა აღქმულიყო ოპოზიციის მიერ, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. "ამ არჩევნებზე უნდა დაემტკიცებინა ოპოზიციას, რომ ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისას საფუძვლიანად ეშინოდა," - მიიჩნევს კაციტაძე.

"ერთიანი ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთი ლიდერის კონსტანტინე გამსახურდიას მტკიცებით, გაერთიანებული ოპოზიცია არ იშლება და ერთიანი ძალით აგრძელებს მუშაობას.

"ჩვენ არ მივეკუთვნებით ღამის ოპოზიციას, რომელიც ხელისუფლებასთან ღამ-ღამობით გარიგებებს აწარმოებს. ჩვენ დღისით ვაწარმოებთ გარიგებებს," - ამბობს გამსახურდია, თუმცა რომელ პოლიტიკურ ძალას გულისხმობდა "ღამის გარიგებებზე" საუბრისას, არ დაუკონკრეტებია.

გიორგი გუგავა, ლეიბორიტსული პარტია: "ერთიანი ეროვნული საბჭოს დაქსაქსულობა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას აძლიერებს. ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის სუვერენული უფლებაა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს, მაგრამ ბოლო პერიოდში ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის გარკვეულმა პოლიტიკურმა შეთანხმებამ ერთიან ეროვნულ საბჭოზე ზეგავლენა მოახდინა, რის გამოც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები შესუსტდა და გარკვეული აზრთა სხვადასხვაობის გამო რესპუბლიკურმა პარტიამ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი სიით გადაწყვიტა კენჭი იყაროს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საბჭოში საარჩევნო სიის გამო გარკვეული პრობლემებიც იყო. გარდა ამისა, ხელისუფლებასთან ვაჭრობამ და ზოგიერთ საკიხზე შეთანხმებამ წინააღმდეგობის ფრონტი შეასუსტა. ნაცვლად იმისა, რომ გაერთიანებული ძალებით ეროვნული დაუმორჩილებლობა მომხდარიყო, პირადი ამბიციების დაკმაყოფილების გამო ოპოზიციონერებმა სხვადასხვა ბანაკებში დაიწყეს გადასვლა, გაერთიანებული ოპოზიციის დაქსაქსულობამ კი დე-ფაქტო სააკაშვილის ხელისუფლება გააძლიერა."

(გამოყენებულია "პირველის" და "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციები)



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com