"რეზონანსი "
# 57
კვიირა, 2 მარტი, 2008 წელი

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 206,6 ლარია

(მედიანიუსი) ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2008 წლის იანვარში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 123,1, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 109,1, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 206,6, ხოლო მინიმალურმა ხელფასმა თვეში 46,8 ლარი შეადგინა.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, სახელმწიფოს მონაცემები ხანდახან ხელოვნურია და სინამდვილეს არ შეესაბამება. მისი ვარაუდით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 200-220 ლარი უნდა იყოს.მისივე თქმით, საარსებო მინიმუმით უმუშევარიც კი უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც კონსტიტუციის მოთხოვნაა. თუმცა, საქართველოში ხშირ შემთხვევაში საარსებო მინიმუმით დასაქმებულიც კი არ არის უზრუნველყოფილი.

როგორც ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, ამ პრობლემის ერთი ხელის მოსმით გადაჭრა ნამდვილად შეუძლებელია. თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა და აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით ბიუჯეტის შედგენა აუცილებელია.მისივე თქმით, ჩვენთან ამისთვის ჯერ არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში სამუშაო ადგილების შექმნა "დეკლარირებულია", თუმცა, როგორც მოხდება ეს, ჯერჯერობით ამაზე არავინ საუბრობს.

ზურაბ ტყემალაძეს მიაჩნია, რომ სხვა ქმედით ღონისძიებების გატარებასთან ერთად, ქვეყანაში დაუბეგრავი მინიმუმიც უნდა არსებობდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დადგენილი რაოდენობის, მინიმალური თანხა აღარ დაიბეგრება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com