|
|
"რეზონანსი "
რონდელი: არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთის მიზნები შეიცვალა ნინო საბაშვილი
ვლადიმირ პუტინისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო უწყებამ ორი სხვადასხვა დატვირთვისა და ხასიათის განცხადება გაავრცელა. ერთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეხება და მეორესთან შედარებით მეტ-ნაკლებად ზომიერია, მეორე - პრეზიდენტ სააკაშვილისა და პუტინის შეხვედრას ეხება და საუბარია იმაზე, რომ რუსეთს საქართველოსთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების გარანტია არ მიუცია. განცხადებების ტონიდან კარგად ჩანს, რომ რუსეთის სახელისუფლებო წრეებში ლიბერალური და მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრეთა არსებობა გადაჭარბებული შეფასება სულაც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორივე განცხადებაზე თავისი დამოკიდებულება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკვე გამოხატა, "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელს ესაუბრა და მომხდარის კომენტირება სთხოვა. - როგორ შეაფასებდით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ორ სხვადასხვა დატვირთვისა და ხასიათის მქონე განცხადებას. - დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა და მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის არაღიარება, რუსეთის გარკვეული ძალების მხრიდან ღალატად იქნა აღქმული. ბევრი რუსი პოლიტიკოსი თვლის, რომ მოსკოვი თბილისთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში, სოხუმისა და ცხინვალის ზურგს უკან, რაღაცაზე შეთანხმდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს განცხადებები იმის დასტურია, თითქოს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ამ მოსაზრებების გაქარწყლება სურდათ. გარდა ამისა, ამ განცხადების საფუძველში დევს ის, რომ სინამდვილეში ჩვენი ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთთან მხოლოდ იწყება. პრეზიდენტების შეხვედრამ ამას ბიძგი მისცა, მაგრამ პროცესი ძალიან ნელა მიდის და ამ ყველაფერს დრო უნდა. ამ განცხადებებში ალოგიკური არაფერი არ არის. რუსეთს არ შეუცვლია თავისი სტრატეგიები და არც უნდა მოველოდოთ რომ შეცვლის. - ეს განცხადებები ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის სახელისუფლებო წრეებში ლიბერალური და მკაცრი კურსის მომხრეებს შორის ფარული თუ ღია ბრძოლა მიმდინარეობს. - როგორადაც არ უნდა იყოს, ძალიან მარტივია, ერთი უნდა ყველას, მაგრამ ზოგი მიიჩნევს, რომ ნაადრევია ისეთი ნაბიჯების გადადგა, რომელიც რუსეთს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს დაუკანონებს, არიან ისეთებიც, რომლებიც ამგვარი ნაბიჯების გადადგმას შესაძლებლად ახლა მიიჩნევენ. ყველა მათგანს ერთი მიზანი აქვს, მაგრამ ზოგ მათგანს მიაჩნია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთისათვის მიერთება, საერთაშორისო ვითარების და საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. - ანუ, რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. - არა, რა თქმა უნდა, არანაირი ცვლილებები არ იქნება. რუსეთის საგარეო პოლიტიკის კურსს დიდი ინერცია აქვს, ამიტომ ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. უბრალოდ ჩვენი ურთიერთობები ისე წახდა, რომ მათი პრაგმატულ, ნორმალურ კალაპოტში ჩაყენება იყო საჭირო, პუტინი-სააკაშვილის შეხვედრა ამას ემსახურებოდა და თუ ამას ურთიერთობების გაუმჯობესება მოჰყვება, საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება. - 14 მარტს რუსეთის სათათბირო აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა, დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბახის საკითხის განხილვას გეგმავს. გასაგებია, რომ ამ რეგიონების დამოუკიდებლობას არ აღიარებენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთი საქართველოს, მოლდავეთისა და აზერბაიჯანის სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობებს გააღრმავებს. ამ შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედოს ქართულმა მხარემ, რომ ამ რეგიონების რუსეთთან საბოლოო ინტეგრაცია არ დაუშვას. - ჩვენი იარაღი არის საერთაშორისო სამართალი და ჩვენი მეგობრები დასავლეთში, რომლებიც ამ რეგიონებში რუსეთის დანაშაულს ხედავენ. რუსეთი იმის კომპენსირებას შეეცდება, რომ ეს ორი ტერიტორია არ აღიარა. იგი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ იმავე პოლიტიკას გააგრძელებს, რომელსაც აქამდე ატარებდა. შესაძლოა, გააღრმავოს სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობები. არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისადმი რუსეთის მიზნები შეიცვალა. არ მინდა ვიყო პესიმისტი, მაგრამ პოლიტიკაში რეალისტები უნდა ვიყოთ. - რას შეიძლება ნიშნავდეს ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე პუტინის ჩასვლა. - პუტინი ნატო-ს სამიტებში არ მონაწილეობდა, მაგრამ როგორც ჩანს ახლა უნდა, რომ ბოლოჯერ გამოჩნდეს. გარდა ამისა, შეეცდება ამ სამიტზე არ მოხდეს საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს სამოქმედო გეგმაზე გადასვლა. ჩემი ვარაუდით, ის ფიქრობს, რომ მისი სამიტზე ყოფნის შემთხვევაში კიევისა და თბილისის სასარგებლო გადაწყვეტილებას მას არ აკადრებენ. - პირიქით რომ მოხდეს, ანუ ნატომ მართლაც მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ს სამოქმედო გეგმაზე გადასვლის გადაწყვეტილება. - შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ იქ რამდენიმე ქვეყანაა, რომელთა წარმომადგენლები შეეცდებიან ხელი არ შეუშალონ პუტინის ნატოს სამიტზე გამოჩენას და საერთაშორისო საკითხებზე მისი შეხედულებების გაჟღერებას. - თუ შეიძლება დააზუსტეთ, რომელ ქვეყნებზეა საუბარი. - მოდით, ნუ ვიჩქარებთ, ყველაფერი სამიტზე გაირკვევა. ჩვენ ძალიან მოუთმენლები ვართ. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიიდან ცნობილია, რომ პატარა ქვეყნისთვის ყველაზე დიდი პრობლემა, ყოველთვის ძლიერი და დიდი მეზობელია. რუსეთი საქართველოსთვის არის სწორედ ძლიერი მეზობელი, მითუმეტეს ყოფილი დიდი პატრონი. რუსეთს ვერ მოვიცილებთ და ამას უნდა შევეგუოთ და უნდა ვისწავლოთ რუსეთთან ურთიერთობა. ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ და ისინიც ალბათ სწავლობენ როგორ იმოქმედონ თავიანთ ყოფილ რესპუბლიკებთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოებთან. საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ურთიერთსწავლების პროცესია. ბისმარკმა თქვა, "დიპლომატია სამხედრო ძალის გარეშე იგივეა, რაც ორკესტრი ინსტრუმენტების გარეშე". ჩვენი დიპლომატია რუსეთთან მიმართებაში მაშინ იქნება წარმატებული, რამდენად შევძლებთ ძლიერ ქვეყნად ჩამოყალიბებას.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |