"რეზონანსი "
# 57
კვიირა, 2 მარტი, 2008 წელი

როგორ ვებრძოლოთ მოზარდთა ძალადობას

ნინო საბაშვილი

27 და 28 თებერვალს "ქორთიარდ მერიოტში" ჩატარდა კონფერენცია თემაზე: "ბავშვთა და მოზარდთა შორის ძალადობა - პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიება", სადაც საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო და ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ამ ალიანსში 13 ორგანიზაციაა გაერთიანებული, რომელთა მთავარი მიზანია დააკავშიროს ის ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა მიმართულებით ეფექტურად მუშაობენ.

საკუთარი კვლევისა და მუშაობის შედეგები წარმოადგინეს "ბავშვთა და მოზარდთა ძალადობის შემსწავლელი ალიანსის" წევრებმა, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ამ სფეროში მომუშავე სხვა პროფესიონალებმა, რომლებმაც ერთხმად განაცხადეს, რომ მოზარდებში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მწვავე პრობლემაა.

"ჩემთვის, როგორც არა მარტო პარლამენტის თავმჯდომარისათვის, არამედ როგორც მოქალაქისათვის, უბრალოდ დედისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა და ვთვლი, რომ მოზარდებს შორის აგრესიის პრობლემის მოგვარება, თითოეული ჩვენთაგანის და სახელმწიფოს ერთ-ერთ უპირველეს პრიორიტეტად უნდა იქცეს," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე და დასძენს, რომ პარლამენტი ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ პრობლემით არიან დაკავებულნი.

მისი თქმით, ამ მიმართულებით შესამუშავებელია "ძალიან სერიოზული" სახელმწიფო სტრატეგია. პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ არსებობს კონკრეტული გზები, მექანიზმები, რომლის გამოყენებით და მაქსიმალური ამოქმედებით საქართველო, ამ პრობლემის მოგვარებას შეძლებს. "სამწუხაროდ ბოლომდე არა, მაგრამ გარკვეულ ჩარჩოებში ჩასმა ნამდვილად შესაძლებელია," - ამბობს ბურჯანაძე.

სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ მოზარდთა შორის ძალადობის მატება 90-იანი წლებიდან დაიწყო. მიზეზის გამოწვევა კი განაპირობა სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ოჯახის ატმოსფერომ და სხვა რისკ-ფაქტორებმა, რომელთა გამო ბავშვები ვერ ახდენენ თავიანთი თავის რეალიზებას. კვლევების თანახმად მოზარდებში ბოლო წლებში გაიზარდა მძიმე დანაშაულებრივი ქმედებების რიცხვიც.

24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია მიზეზებზე საუბრისას, რეიგანის სიტყვებს იშველიებს: "ჩვენ თვითონ არ ვცხოვრობთ ძალიან ხშირად იმ პრინციპებით, რასაც ყოველდღე ვასწავლით ჩვენს მოსწავლეებს სკოლაში, ოჯახში და ეს მათ ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს."

მისი თქმით, მოსწავლეები ძალიან ხშირად ხედავენ, რომ წარმატებას ხშირ შემთხვევაში აღწევენ ის ადამიანები, რომლებიც "არ გამოირჩევიან საყოველთაოდ აღიარებული ზნეობრიობით, განათლებით და თავისუფლება ესმით, როგორც სათავისო ქცევა... მეორე მომენტი, არის ის, რომ ჯერჯერობით ვერ დავძლიეთ ქურდული და ძველბიჭური ცნობიერება. ზოგჯერ უფროსი თაობის წარმომადგენლებიც ტელევიზიის ეკრანებიდან თავს იწონებენ ქუჩის აკადემიის დამთავრებით, რაც ამაზრზენ სახეს იღებს და ჯერჯერობით დაუძლეველია," - აცხადებს გია მურღულია და დასძენს, რომ ბოლო გამოკითხვით მოსწავლეებში ყველაზე პოპულარული ვანო ჯავახიშვილი და მისი მეგობრები არიან, ხოლო დავით აღმაშენებელი 27-ე ადგილზეა.

სპეციალისტების დაკვირვებით, სკოლებში არ არსებობს აღზრდის და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების სისტემა. მამებსა და შვილების თაობებს შორის წარმოქმნილია სერიოზული გაუცხოება. მშობლები ვერ იცლიან შვილებთან სალაპარაკოდ. ის ფაქტიც აღსანიშნავია, რომ მატერიალური მდგომარეობა ზოგჯერ მოზარდს უბიძგებს ასოციალური ქცევისკენ. სახელმწიფოს არ აქვს მოზარდთა დანაშაულის პრევენციისა და ასოციალური ქცევის შედეგების რეგულირების ადეკვატური სისტემა. ამის შედეგად კი მივიღეთ, ის რომ მოზარდებში გაიზარდა ნიჰილიზმი და ღირებულებების მიმართ დამოკიდებულებები სერიოზულად შეიცვალა.

კონფერენციაზე არა ერთხელ გაიჟღერა ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის პრობლემამ, რაც ადრე ქვეყანაში პრობლემად არ განიხილებოდა. ბოლო ხანებში კი სერიოზულად იჩინა თავი და, რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, თანაბრად ეხება ვაჟებსაც და გოგონებსაც. "დღეს პრაქტიკულად პრინციპული სხვაობა არ არსებობს გოგონებსა და ვაჟებს შორის ძალადობისადმი მიდრეკილების თვალსაზრისით," - აცხადებს გია მურღულია.

კონფერენციაზე სპეციალისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოზარდებში ქცევის მოურიდებლობა არსებობს, როდესაც დემონსტრაციულად სხვების დასანახად ჩადიან ამა თუ იმ ქმედებას.

პროფესიონალების მიერ წარმოდგენილი კვლევების შედეგებში არა ერთხელ გაიჟღერა, რომ საზოგადოება დიდ უნდობლობას სკოლას უცხადებს, ხოლო ეკლესიისა და ოჯახების იმედი აქვთ. "როგორც ჩანს, რაღაც ხდება ამ ბოლო წლებში, რის გამოც სკოლა უნარიანად ვერ გამოჩნდა ამ პრობლემის მოგვარებაში," - ამბობს ჯანა ჯავახიშვილი, ა-ო "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის" ფსიქოლოგი.

ჯანა ჯავახიშვილი: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოზარდთა შორის ძალადობის საწინააღმდეგოდ მომუშავე ალიანსი შეიქმნა, ეს არის 13 ორგანიზაციის გაერთიანება, ეს დიდი სამოქალაქო ძალაა. დღეს ამ კონფერენციაზე ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი ითქვა, რომ ძალადობრივი ფონი თვითონ ჩვენს საზოგადოებაშია. უნისეფის კვლევების თანახმად მოზარდებზე ძალადობა ყველა კონტექსტში ოჯახი იქნება, სკოლა თუ სხვა ინსტიტუციები, 50%-ით მაღალია ჩვენს საზოგადოებაში. მთავარია, რომ მოზარდთა შორის ძალადობა ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობა პრობლემაა. საჭიროა, რომ შეგვეძლოს ერთმანეთის აზრის მოსმენა, გაზიარება, თანამშრომლობა, კონსესუსამდე მისვლა. საზოგადოებრივი ურთიერთობები არ უნდა იყოს ჯუნგლის კანონებზე აწყობილი."



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com