"რეზონანსი "
# 57
კვიირა, 2 მარტი, 2008 წელი

ბიძინა გუჯაბიძე: რკინიგზა გაკოტრებულია

ანა ადუაშვილი

საქართველოს რკინიგზას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. როგორც "კონსერვატული" პარტიის წარმომადგენელი, ბიძინა გუჯაბიძე აცხადებს, რკინიგზამ მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიას "მიახარჯა ყველაფერი" და ახლა იმისთვისაც კი არ გააჩნია თანხები, რომ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანება გაუსტუმროს.

გუჯაბიძის თქმით, ეზუგბაიას ხელმძღვანელად მოსვლის შემდეგ, რკინიგზის ინფრასტრუქტურა არათუ გაუმჯობესდა, არამედ, რაც მანამდე იყო, ისიც მთლიანად განადგურდა. "ეზუგბაიას მოსვლის შემდეგ მთლიანად გაჩანაგდა რკინიგზის მეურნეობა, ამპორტიზებულია მთელი ქსელები და ინფრასტრუქტურა," - აცხადებს ბიძინა გუჯაბიძე "ბასტასთან" საუბრისას.

ბიძინა გუჯაბიძე: "რკინიგზაში საქმე მთლად კარგად არც ჩხაიძის დროს იყო, მაგრამ მაშინ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მაინც უმჯობესდებოდა ნელ-ნელა. მიმდინარეობდა მშენებლობები და ტექნიკური პერსონალი მეტნაკლებად კმაყოფილი იყო. ახლა, ეზუგბაიას მოსვლის შემდეგ, მთლიანად გაჩანაგდა რკინიგზის მეურნეობა, ამორტიზირებულია მთელი ქსელები და ინფრასტრუქტურა. მის შეკეთებაზე და ახალი ნაწილების შემოტანაზე არავინ არ ზრუნავს, იმიტომ რომ ფული არ აქვთ და მარაგ-ნაწილების შემომტან კომპანიებს დავალიანებასაც კი ვერ უსტუმრებენ. მიხეილ სააკაშვილს და მის წინასაარჩევნო კამპანიას მიახარჯეს ყველაფერი. დაახლოებით 80 მილიონი ლარი აქვთ დახარჯული.

"არადა, რკინიგზას გამართული მუშაობის პირობებში, დაახლოებით 10 წლის შემდეგ, მილიარდზე მეტი შემოსავალი უნდა მოეტანა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. თავისი სამეურნეო შემოსავალი, ანუ მისი კუთვნილი თანხები კი, რამდენიმე მილიარდი უნდა ყოფილიყო. ამის შესაძლებლობა და შესაბამისი პოტენციალი საქართველოს რკინიგზას ნამდვილად აქვს. ის გეოპოლიტიკურად და სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოოვანი ობიექტია, რომელზეც ტვირთბრუნვა ნორმალური მენეჯმენტისა და მმართველობის პირობებში 100-ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს. ამათ ხელში კი, ისიც არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში რკინიგზა დოტაციურ დარგად იქცეს.

"დამერწმუნეთ, ასეც იქნება, რადგან ეს ადამიანები მისი ყვლეფით არიან დაკავებულები და არაფერს მატებენ. ამ მომენტში მის ბიუჯეტში თანხის რაოდენობა ნულის ტოლია. სწორედ ამიტომ ვერ ისტუმრებენ სახელფასო დავალიანებებსაც. პროტესტი და ბუნტი რომ არ გამოეწვიათ, ტექნიკურ პერსონალში ამ თვის ხელფასები გაჭირვებით და დაგვიანებით გასცეს, მაგრამ ამ თვიდან სახელფასო პოლიტიკა ჩავარდნილი იქნება. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ რკინიგზა გაკოტრებულია."

ამ საკითხში ბიძინა გუჯაბიძეს ეკონომიკის ექსპერტი, გია ხუხაშვილიც ეთანხმება. მისი თქმით, თუ ხელისუფლება რკინიგზის მიმართ დამოკიდებულებას არ შეცვლის, მართლაც შესაძლებელია, რომ ის მსხვილშემოსავლიანი ობიექტიდან წამგებიან ორგანიზაციად გადაიქცეს. თუმცა, როგორც ხუხაშვილი ამბობს, ბოლო წლების მანძილზე რკინიგზის ბიუჯეტი ცოტათი მაინც გაიზარდა.

გია ხუხაშვილი: "შეუძლებელია რკინიგზაში ფული არ იყოს, რადგან ის მუდმივად მუშაობს და შესაბამისად, ყოველთვის აქვს შემოსავლები. ასე რომ, თუ რაღაც დიდი თანხის არამიზნობრივად გადინება არ მომხდარა, უახლოეს წარსულში ეს ბრალდება არარეალურია. რკინიგზაში თანხის შემოსვლა დინამიურად ხდება. ის მომგებიანი ობიექტია, თუმცა ძალიან დიდ ინვესტიციებს საჭიროებს გამომდინარე იქიდან, რომ სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება. ჩვენ გვაქვს ასწლოვანი სარკინიგზო ხიდები, თვითონ მაგისტრალი და ინფრასტრუქტურაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. თუმცა, მაინც შეიძლება ითქვას, რომ დღეს რკინიგზა, როგორც ბიზნესი, მომგებიანია.

"მაგრამ, თუ ხელისუფლებამ მასთან დამოკიდებულება უახლოეს მომავალში არ შეიცვალა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ის სულ მალე დოტაციურ დარგად გადაიქცეს.

"თუ არ მეშლება, რკინიგზის მთლიანი საბიუჯეტო შენატანები გადასახადების სახით 100 მილიონამდეა, რაც წინა წლებთან შედარებით ცოტა გაზრდილია. ჯერ კიდევ კაკო ჩხაიძის დროს ეს თანხა 80-90 მილიონს შეადგენდა."

პარლამენტარი ბიძინა გუჯაბიძე საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას ფულის კორუფციული გზებით მითვისებაშიც ადანაშაულებს.

"ბუტაფორიებს აშენებენ და ამაში ხარჯავენ უზარმაზარ თანხებს. ერთ-ერთ რკინიგზის სადგურზე, კერძოდ მახინჯაურში, ერთხელ ეზუგბაია ჩავიდა და ნახა, რომ სახურავი დაზიანებული იყო და ნალექი შიგნით ჩამოდიოდა. იცით, რა თქვა. თუ ვერ დავადგენთ საიდან ჩამოდის წყალი, ცოტა ხანი ვაცადოთ და როცა გაიზრდება დაზიანების ხარისხი და ამასთან ერთად ნალექის რაოდენობაც, მერე გამოვცვალოთო. აი, ასეთი დილეტანტური მიდგომა და არაფრისმთქმელი დამოკიდებულება აქვს რკინიგზის ხელმძღვანელს.

"სადგურებს არემონტებენ და წითელ ლენტებს სააკაშვილს აჭრევინებენ, რომ თავი გაიპიაროს. ამაში მათ ხელისუფლებაც უწყობს ხელს და ხსნიან ბუტაფორიულ სადგურებს. აეროპორტში მისასვლელი რკინიგზის ხაზი რომ გააკეთეს, ხომ იცით, იმ მატარებლით დღის განმავლობაში 15-20 ადამიანი მგზავრობს. არავითარი აზრი არ ჰქონდა ამ ხაზის გახსნას, რადგან არავინ არ იყენებს. თვითმფრინავით დღეს მეტნაკლებად კარგად ანაზღაურებადი მოსახლეობა სარგებლობს და მათ სულაც არ უჭირთ ტაქსით და საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილება. არადა, 13 მილიონი დახარჯეს ამ პროექტზე და ისიც ყველაფერი უხარისხოდ გააკეთეს. აი, ასე ითვისებენ თანხებს. სხვათაშორის რკინიგზაში მშენებლობის განყოფილებაც გააუქმეს. იმიტომ, რომ იქაურმა პერსონალმა ხელი არ მოაწერა პროექტების მიღება-ჩაბარების აქტს, რადგან ზოგი მათგანი დაუსრულებელი იყო, ზოგი კი უხარისხოდ გახლდათ გაკეთებული.

"დღეს რკინიგზაში მაღალ თანამდებობებზე სულ არაპროფესიონალები მუშაობენ. ყველა ვისაც, რამე გაეგებოდა და მათთან კორუფციულ გარიგებაში არ შევიდა, გაანთავისუფლეს. დღეს ამ სტრუქტურაში ყავის მსმელი თინეიჯერები და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან დასაქმებულები. ეზუგბაიაც ნოღაიდელის კადრია, ასევეა სხვა ყველა ხელმძღვანელი და საშუალო რგოლის სპეციალისტი. ამ ადამიანების მეშვეობით დღეს რკინიგზა დანგრევის და განადგურების პირასაა. ვითომ ხელფასებიც მოუმატეს, მაგრამ ეს მხოლოდ ეზუგბაიას და სხვა მაღალჩინოსნებს შეეხო, სხვებს ხელფასები მიზერულად გაუზარდეს. ასე რომ, რკინიგზაში კორუფციული გარიგებები კვლავ გრძელდება. ხდება ვაგონების უკანონოდ ჩამოწერა და ხელოვნურად დაძველება. მერე მიდიან და ჯართში აბარებენ. ასე ტეხავენ ფულს. როცა ჯართის ღირებულება 120-130 დოლარია მათ 5 ათასი ჩამოწერილი ვაგონი 33 დოლარად გაყიდეს და დარჩენილი თანხა მიითვისეს," - აცხადებს ბიძინა გუჯაბიძე.

რკინიგზის პრესსამსახურში აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფენ და გუჯაბიძის განცხადებას აბსურდულს და არაფრისმთქმელს უწოდებენ.

"სამწუხაროდ, თქვენ პირველი მედია საშუალება არ ხართ, სადაც ეს "სკანდალური მასალები" მოხვდა და ვისთანაც კომენტარის გაკეთება გვიწევს. სამწუხაროდ იმიტომ, რომ ეს მასალები არაფრისმთქმელია და სრული სიცრუეა. თუმცა, ტექნიკური ტერმინებით და ციფრებით გაჯერებული მასალა, ერთი შეხედვით, მართლაც სკანდალური ჩანს. ეს მასალები ერთი წლის მანძილზე მიეწოდებოდა მედია-საშუალებებს. ჩვენ შეგნებულად არ ვაკეთებდით კომენტარს ბრალდებებზე მათი აბსურდულობიდან გამომდინარე.

"მაგალითისათვის ისიც კმარა, რომ მთავარი ბრალდება - დირექტორატისათვის ხელფასების მატებაზე - სრული სიცრუეა. სინამდვილეში 2008 წლის იანვრიდან კანონის შესაბამისად სოციალური და საშემოსავლო გადასახადების გაერთიანებით მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზარდა ყველა დასაქმებულის ხელფასი, თუმცა რკინიგზის დირექტორატს არ გაზრდია ხელზე ასაღები თანხა არც ერთი თეთრით.

"გვინდა შევახსენოთ, რომ ბიძინა გუჯაბიძეს კანონი აძლევს საშუალებას, დაუბრკოლებლად გადაამოწმოს ყველა ინფორმაცია. გაცნობებთ, რომ არც ერთი სადეპუტატო შეკითხვა ან მოთხოვნა, მოესმინათ განმარტებები "ფაქტების" შესახებ, რკინიგზაში არ შემოსულა," - აცხადებს საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ირმა სტეფნაძე.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com