|
|
"რეზონანსი "
სისხლისღვრა ერევანში: სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, ტელეარხებს მხოლოდ ოფიციალური ონფორმაციის გადაცემის უფლება აქვთ ბესო მამინაიშვილი
ერევნიდან საშინელი ცნობები მოდის. შაბათ საღამოს პოლიციამ ქალაქის ცენტრში მიმდინარე ოპოზიციის აქცია დაშალა. ოფიციალური ცნობით, დაიღუპა 8 ადამიანი და 131 დაიჭრა. დაპატიმრებულია ოპოზიციის 15 აქტივისტი. სომხეთის მთელს ტერიტორიაზე 20 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სომხური მედია განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. ადგილობრივ ტელეარხებს ოფიციალურის გარდა ნებისმიერი სხვა ინფორმაციის გადაცემა აკრძალული აქვთ. ერევანში არმიის ნაწილებია შეყვანილი. "სროლა დაახლოებით საღამოს 9 საათზე დაიწყო. მე ოპოზიციის მომხრეებთან ვიდექი საფრანგეთის საელჩოს მახლობლად. ჯარისკაცები თავდაპირველად ჰაერში ისროდნენ, მერე კი ხალხს დაუწყეს სროლა. "ძალიან ბევრი ადამიანი დაშავდა. მედია სიმართლეს არ ამბობს იმაზე, რაც ქალაქში ხდება. ტელევიზიით გადმოსცემენ, რომ სროლა ხალხმა დაიწყო, მაგრამ მე იქ იარაღიანი არავინ მინახავს. "მე ვნახე დაახლოებით 12 წლის ბიჭი, რომელიც მოკლული იყო. იგი იწვა და არ ინძრეოდა. არ ვიცი რითი იყო მოკლული, ტყვიით თუ სხვა რამით. ეს დაახლოებით ღამის 11 საათზე იყო. იგი მკვდარი იყო და პოლიციამ წაიყვანა. მაგრამ ამ ბავშვის შესახებ ახალ ამბებში არაფერი უთქვამთ. "ჯარისკაცები არავის ინდობდნენ. ისინი ხელკეტებით ასაკოვან ადამიანებსაც სცემდნენ. ისინი მოგვდევდნენ მე და ჩემს ძმას. მე გავიქეცი, თავისუფლების მოედანი გადავჭერი და მეტროში შევვარდი, რომ ამ ყველაფრისაგან დამეღწია თავი", - მოუყვა ბრიტანულ "ბიბისი"-ს შაბათის მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე და თვითმხილველი ახალგაზრდა გოგონა. სომხეთის დედაქალაქის ცენტრში 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის მომხრეთა აქცია. ტერ-პეტროსიანმა 19 თებერვალს სომხეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებზე სომხეთის მოქმედმა პრემიერმა სერჯ სარქისიანმა გაიმარჯვა 52%-ით. ტერ-პეტროსიანის მომხრეები ამ მონაცემებს არ ცნობდნენ და ხმების გადათვლას ითხოვდნენ. სომხეთის ხელისუფლებამ დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე აქცია შაბათს დილით დაშალა, რასაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ქუჩაში გამოსული ოპოზიციის მომხრეები არბევდნენ ოფისებსა და მაღაზიებს, ცეცხლს უკიდებდნენ ავტომანქანებს. პოლიციის ცნობით, ერევნის ცენტრში დამწვარია 20-ზე მეტი ავტომობილი, მათ შორის პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები. გაძარცვული და დარბეულია "მოსკოვის სახლი", ჩამტვრეულია ერევნის მერიისა და სატელეკომუნიკაციო კომპანია "ვივასელის" შენობათა ფანჯრები, დარბეულია ოფისები და მაღაზიები. "ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების ჯგუფები თავს ესხმოდნენ შინაგანი ჯარისა და პოლიციის თანამშრომლებს. ჰოსპიტალიზებულია 33 სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი. 11 მათგანს ნაკვეთი ჭროლობები აქვს, 13-ს - სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები, 8 მომწამვლავი აირითაა მოწამლული, ერთმა გონება დაკარგა", - ნათქვამია პოლიციის ოფიციალურ ცნობაში. ამავე ცნობის თანახმად, არეულობებისას დაიღუპა 8 სამოქალაქო პირი. ერევნის საავადმყოფოებში ამ დროისათვის ათობით დაშავებული იმყოფება. მათ უმრავლესობას ნაკვეთი და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვს. ამ ტრაგიკული მოვლენების გამო გადაიდო ვატიკანის სახელმწიფო მდივნის ოფიციალური ვიზიტი ერევანში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც თავის მოქალაქეებს ურჩევს დროებით თავი შეიკავონ სომხეთში სტუმრობისაგან. შაბათს ღამით სომხეთის მოქმედმა პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე 20 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ გამოაცხადა. იმავე ღამით საგანგებოდ შეკრებილმა სომხეთის პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა საგანგებო მდგომარეობის შემოღება. პარლამენტის სპიკერმა ტიგრან ტოროსიანმა შექმნილი მდგომარეობის გამო მთელი პასუხისმგებლობა რადიკალურ ოპოზიციას დააკისრა, რომლის წარმომადგენლებიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში "ხალხში სიძულვილს თესავდნენ, ავრცელებდნენ ცრუ ფაქტებს, ლანძღავდნენ ხელისუფლებას და აცხადებდნენ, რომ ყველა, ვინც მათ არ შეუერთდა, მოღალატე და ნაძირალაა". მომხდარი შეტაკებების შემდეგ ერევნის ცენტრი კვლავ ოპოზიციის მომხრეებს ჰქონდათ დაკავებული. მათ თავისუფლების მოედნის მახლობლად ერევნის მერიის შენობასთან დაიკავეს პოზიციები და ბარიკადები აღმართეს. პოლიციამ რამდენჯერმე სცადა მათი დაშლა, თუმცა ოპოზიციის მომხრეებმა სამართალდამცველთა იერიშების მოგერიება შეძლეს. საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ, გამთენიისას დაახლოებით დილის 4 საათისათვის ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავის მხარდამჭერებს ლევონ ტერ-პეტროსიანის სახელით მოუწოდეს დაშლილიყვნენ. ხალხი ამ მოწოდებას დამორჩილდა და ბარიკადები თანდათანობით დაიცალა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 1-2 მარტს საავადმყოფოებს ერევნის ცენტრში მომხდარი არეულობების შედეგად დაშავებულმა 131-მა ადამიანმა მიმართა. მათგან 72 ამა თუ იმ ძალოვანი უწყების წარმომადგენელი იყო, 59 კი - მშვიდობიანი მოქალაქე. 16 ძალოვანს და 18 მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. კვირას ერევანში შედარებით სიმშვიდე იყო.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |