"რეზონანსი "
# 58
ორშაბათი, 3 მარტი, 2008 წელი

რეზო ჭეიშვილი: ხელისუფლების არ მწამს, ოპოზიციის არ მჯერა

ნინო მიქიაშვილი

მწერალ რეზო ჭეიშვილს ოპოზიციის არ სჯერა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მაინც ოპოზიციის კანდიდატს მისცა; იგი ძალიან წუხს საქართველოში შექმნილ უმძიმეს დემოგრაფიულ ვითარებაზე; ამბობს, რომ ქართველებს მეორე და მესამე შვილის გაჩენას მანქანის შეძენა და ლოჯიის მიშენება ურჩევნიათ; აფხაზეთის შემობრუნების (და არა შემოერთების) ერთადერთ სწორ გზას მწერალი ბაგრატის ტაძრის აღდგენაში ხედავს და ამაზე უკვე დიდი ხანია, წერს და საუბრობს; ამჟამად მას თითქმის დასრულებული აქვს მუშაობა ნაწარმოებზე "კურუ" (სიცილით ავადმყოფობა), რომელიც მისი შემოქმედებიდან კარგად ნაცნობი, ძველი "კურუს" განახლებული ვარიანტია.

რეზო ჭეიშვილს "მთელი კვირა" სახლში ესტუმრა და ესაუბრა. ჩვენი პირველი კითხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა, მაგრამ მწერალმა საუბრის დაწყება ბაგრატის ტაძრით ისურვა.

რეზო ჭეიშვილი: ბაგრატის ტაძრის აღდგენის შესახებ პირველი ინტერვიუ 1987 წელს რესტავრატორ ვახტანგ ცინცაძეს ჩამოვართვი. მას წამოსცდა: ეს ტაძარი თბილისში რომ იყოს, აღსდგებაო. ბარემ, წაიღეთ და გადადგით-მეთქი, - მივუგე. ტაძრის აღდგენას მეცნიერები ბოლო დრომდე ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა რომ თქვა, ტაძარი უნდა აღსდგესო, პოზიცია ყველამ შეიცვალა. აბსოლუტურ გულგრილობას ვაწყდები, როცა ვიღაცას ვუმტკიცებ, რომ ტაძრის აღდგენა აფხაზეთის შემობრუნებასთანაა (და არა შემოერთებასთან) კავშირში.

"მთელი კვირა": იქნებ, კიდევ ერთხელ ახსნათ რა კავშირშია ბაგრატის ტაძრის აღდგენა აფხაზეთის შემობრუნებასთან.

რ.ჭ: მე ამას აფხაზეთის შემობრუნების მესამე და ამასთან, ერთადერთ გზას ვეძახი. ერთადერთს კი იმიტომ, რომ ჩვენ იქ ისეთი სიძულვილი დავთესეთ, რომ მისი აღმოფხვრა თითქმის შეუძლებელია.

ბაგრატის ტაძარი ააგო ბაგრატ |||-მ და მისმა დედამ გურანდუხტმა, რომელიც აფხაზი მეფეების ჩამომავალი გახლდათ. ტაძარს ორივეს სახელები ეწერა. ეს ტაძარი იყო საქართველოს ერთიანობის და სიძლიერის სიმბოლო. საქართველო ხომ მაშინ გაერთიანდა.! და ერთიანი საქართველოს პირველი დედაქალაქი იყო ქუთაისი. ბაგრატმა მაშინ შემოიკრიბა დიდებულები - მეფენი ზემონი, ქვემონი. და თუ ახლა ბაგრატის ტაძარი აღსდგება, იგივე პროცესი განმეორდება და ეს იქნება აფხაზეთის შემობრუნება.

"მ.კ": როგორ უყურებთ კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის იდეას.

რ.ჭ: ეს მოგვიანებით უნდა გაკეთდეს; ამ ეტაპზე უნდა იყოს აფხაზთა და ქართველთა საპრეზიდენტო რესპუბლიკა ერთი საკათალიკოსოთი და ერთი წარმომადგენლობითი პრეზიდენტით, რომელსაც ნომინალური უფლებები ექნება. ესაა ჩემი მოსაზრება, რისიც აფხაზეთიდან დევნილ ჩემს კოლეგებსაც არ სჯერათ. სამაგიეროდ, როგორც დეკანოზმა სიკინჭილაშვილმა განაცხადა, დღეს თუ ხვალ საქართველოს მეფე ეყოლებაო. ესღა აკლდა ამ გაუბედურებულ, გაქუცულ ქვეყანას.

"მ.კ": თქვენ რატომ გჯერათ, რატომ ხართ ასე დარწმუნებული ბაგრატის ტაძარსა და აფხაზეთის შემობრუნებას შორის შესაძლო კავშირში.

რ.ჭ: ბაგრატ |||-მ ეს 10 საუკუნის წინ გააკეთა და ამან გაამართლა. ყველაზე დიდი მეფე ის იყო. იქიდან მოყოლებული რამდენიმე საუკუნე საქართველო იყო უძლიერესი ქვეყანა. ახლა რუსეთს ამ გემრიელ ლუკმას სხვანაირად ვერ გავაგდებინებთ. აფხაზეთში თითქმის ყველამ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, ფაქტობრივად დედაენა უკვე რუსულია, ისევე, როგორც პასპორტები... თან, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს კონსტიტუციაში ორი სახელმწიფო ენაა დაფიქსირებული - ქართული და აფხაზური. ეს ხომ ნიშნავს ორი სუბიექტის ერთ სიბრტყეში აღიარებას.! ამ კონსტიტუციის მიღების დროს მე პარლამენტის წევრი ვიყავი.

"მ.კ": როგორ ფიქრობთ, თქვენი იდეა ბატონმა სააკაშვილმა ხომ არ გაითავისა, როცა ბაგრატის ტაძრის აღდგენა გადაწყვიტა. თქვენ ამაზე დიდი ხანია, საუბრობთ; ამის შესახებ 2004 წლის 13 სექტემბერს ჩვენი გაზეთისთვის მოცემულ ინტერვიუშიც აღნიშნეთ.

რ.ჭ: გაითავისა, აბა, რა ქნა.! თორემ ვინ ეტყოდა მაგას, ბაგრატი აღადგინეო.! ჯერ ერთი, ქუთაისთან ბიოლოგიური შეუთავსებლობა ჰქონდა. აქ ვითარება რომ გართულდა, ქუთაისში ჩავიდა და დაიწყო, ქუთაისი ასეთი და ისეთიაო. ბაგრატის აღდგენაზეც ისაუბრა; ტერმინოლოგიაზე მივხვდი, რომ ჩემი წიგნი "მესამე გზა" წაკითხული თუ არა, ნანახი (გავუგზავნე) ჰქონდა. ქუთაისის საპატიო მოქალაქედ რატომღაც მეორედ ამირჩიეს და ამ ცერემონიაზე ქალბატონ სანდრას გვერდით ვიჯექი. მას "მესამე გზა" (სადაც ბაგრატის ტაძრის აღდგენასა და აფხაზეთის შემობრუნებაზე ვწერ) გადავეცი და ვუთხარი: ქალბატონო სანდრა, გადაეცით თქვენს მეუღლეს და იქნებ, წააკითხოთ-მეთქი. მან თავი დამიქნია და წიგნი თავის მხლებელს გადასცა. სააკაშვილის უახლოესმა ადამიანებმა კი მითხრეს: რა აზრი აქვს მისთვის წიგნის გაგზავნას.! წიგნს კი არა, თავის დაწერილს არ კითხულობსო. ხომ კარგი დახასიათებაა მისი ჯგუფის წევრების მხრიდან.! ისე, წიგნი რად უნდოდა - პირადად მქონდა მოხსენება გაგზავნილი არა მარტო მის სახელზე, მაგრამ ყველამ, მაპატიეთ და, ფეხებზე დაიკიდა, როგორც მოსალოდნელი იყო.

"მ.კ": სად იყავით და რას აკეთებდით ბოლო ოთხი თვე. თქვენ არც სააკაშვილის მომხრეებს შორის ჩანდით და არც ოპოზიციის მიტინგებზე გამოსულხართ სიტყვით.

რ.ჭ: ერთის (ხელისუფლების) არ მწამს, მეორესი (ოპოზიციის) არ მჯერა, ეგენი ქვეყნის მართვას ვერ შეძლებენ. საქართველოში ჯერ არ მოსულა ის ძალა, რომელიც ამ სახელმწიფოს ჩაიბარებს და უპატრონებს. თუმცაღა, "რესპუბლიკელებმა" პარლამენტის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა გადაწყვიტეს; ეს სერიოზული განაცხადია და ჯგუფიც შედარებით სერიოზული ჩანს და თანაც, მათ დაემატათ ირაკლი ბათიაშვილი; ესეც რაღაცას ნიშნავს.

"მ.კ": მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში.

რ.ჭ: კი და ხმა, რასაკვირველია, ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს მივეცი, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ მხარი არც ერთისთვის უნდა დამეჭირა და არც მეორისთვის. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, რის გაზიარებასაც სხვას არ ვურჩევ - საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ყველამ უნდა მივიღოთ.

"მ.კ": ნატო-ში შესვლას მხარი დაუჭირეთ.

რ.ჭ: არა.

"მ.კ": რატომ.

რ.ჭ: იმიტომ, რომ ამერიკას ეს ქვეყანა აინტერესებს, როგორც ტერიტორია; მათ ქართველი ერის არსებობა არ ანაღვლებთ. ამ გაუბედურებული ქვეყნის ნატო-ში შეთრევა უნდათ, რომ ირანის წინააღმდეგ კავკასიაში სამხედრო პლაცდარმი ჰქონდეთ. როგორ გგონიათ, კოსოვოს დამოუკიდებლობა რატომ აღიარა.! მათი შემდეგი ნაბიჯი აფხაზეთის აღიარება იქნება. კოსოვოსთან მიმართებაში რუსეთი ანალოგიურად არ იქცევა იმიტომ, რომ დანარჩენი რესპუბლიკების ეშინია. და პირველი, რაც რუსეთს ძირს გამოუთხრის, იქნება აფხაზეთი. ამერიკა იტყვის, აფხაზეთს ვაღიარებო და საელჩოს გაუხსნის. აი, დაინახავთ!

ერთ-ერთ გაზეთში თემურ შაშიაშვილთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ამბობს: სამმა კაცმა - შევარდნაძემ, პატარკაციშვილმა და რეზო ჭეიშვილმა მითხრეს: ახალი ძალა მოდის და ამათთან ოპოზიციონერობას თავი დაანებეო; მე კი არც ერთს არ დავუჯერე; შევარდნაძემ პირდაპირ მითხრა: ესენი მოდიან ხელისუფლებაში, რადგან ამერიკას უნდა; მე გადამაყენებენ და ან ჟვანიას დანიშნავენ და ან სააკაშვილსო.

"მ.კ": მართლა უთხარით ასეთი რამ იმერეთში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს.

რ.ჭ: მართლა ვუთხარი და მართალი ვუთხარი. ეს ჩემი ინტუიცია იყო. შევარდნაძემ კი, ალბათ, ეს ამბავი იცოდა და პატარკაციშვილმა კიდევ ათჯერ მეტი იცოდა. თამაზ წივწივაძეს და შაშიაშვილს ვეუბნებოდი: ესენი მოდიან, არ გინდა, თავი დაანებე, თავს ნუ შეწირავ, ათი წლის შემდეგ გაიმარჯვებ-მეთქი. შაშიაშვილს ცოტა ლოიალური პოზიცია რომ ჰქონოდა, ქუთაისსაც წაადგებოდა და უკეთესი "გუბერნატორი" იქნებოდა.

"მ.კ": დაესწარით ბაგრატზე სააკაშვილის ფიცის დადების ცერემონიას. 2004 წელს ინაუგურაციაზე გელათიდან გამოსულ სააკაშვილს ხომ სადღეგრძელო უთხარით.!

რ.ჭ: მაშინ პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთში მუმლაძე იყო. დამიძახეს და ასე და ასეა, იქ უნდა იყოთო, მითხრეს. წავედი, მეგონა, ახალი ძალა მოდიოდა და რაღაც სასიკეთოდ შეიცვლებოდა. მაშინ რისი თქმაც მსურდა - კარგის, ვერ ვუთხარი და შემდეგ, 2004 წლის 4 თებერვალს გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" დაიბეჭდა ყველაფერი ის, რისი თქმაც გელათში ვერ შევძელი. ამ საგაზეთო სტატიაში - "მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ" წერია ის, რაც შემდეგში გავიმეორე მრავალჯერ და რასაც იმეორებენ სხვები, მათ შორის პრეზიდენტი, პირველ წყაროს დაუსახელებლად. მაგრამ ოღონდ საქმე გაკეთდეს და ჩემს კრიტიკას უკან წავიღებ, თუ ბაგრატის აღდგენის პროცესს შეუქცევადი ხასიათი ექნება. ხშირად მეუბნებიან - კი, მაგრამ, ამ ხნის მანძილზე კარგი არაფერი გაკეთდაო. და მე ამაზე პასუხი მაქვს გაცემული: კეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს, რისი გაკეთებაც შეიძლება და ინგრევა ის, რისი დანგრევაც არაფრით არ შეიძლება (იხილეთ ჩემი გაზეთი "ბაგრატი 2007").

რაც შეეხება წლევანდელ ინაუგურაციას - გელათში ფიცის დადების წინ ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებაში დავრეკე, საშვი მინდა-მეთქი. განყოფილების გამგემ გიზო თავაძემ, რომელიც ჩემი საძმოს წევრია, რაღაცა მიკიბა, მოკიბა, მგონი, მეტი აღარ არისო. ბოლოს დამირეკა, მგონი, არის, მოდიო. მგონი, კი არა, თურმე იმდენი ამბავი გადახდა.!

"მ.კ": და ვერ გითხრათ.

რ.ჭ: ვერ მითხრა. ბაგრატის ტაძარზე გადაყოლილი ვარ და როგორი სათქმელია.! ქუთაისის მერიაში საშვს არ მიწერდნენ - მაგი ჩვენი კაცი არ არისო. თვითონ ვისი კაცები არიან, მაინტერესებს. ნაციონალური უბედურების... მოკლედ, ბოლოს მე და გიზო ერთად შევედით.

"მ.კ": რომ მიხვედით, ნახეთ და უთხარით რამე სააკაშვილს.

რ.ჭ: გიზომ მითხრა, ჩვენი ადგილი აქეთ არის, აქ დავდგეთო და ვიდექით. სააკაშვილისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ არც იმას უთქვამს რაიმე სხვისთვის. ყოფილ "გუბერნატორს" ქაჯაიას ხელი ჩამოართვა, მერსა და რწმუნებულს გადახედა - რატომ ხართ ასე ცხვირჩამოშვებულებიო.! რატომ არ ვიცი, მაგრამ თვითონ ადამიანის ფერი არ ედო. ფიცი დადო, მერე უწმინდესმა დალოცა. ეს ცერემონია ძალიან მალე დამთავრდა.

"მ.კ": რატომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში, საპროტესტო აქციებზე.

რ.ჭ: 7 ნოემბერს ქუთაისში ვიყავი. ერთ-ერთმა ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში კომენტარის გაკეთება მთხოვა. ვთქვი: ძალიან მიკვირს, როგორ მოახერხეს ამ ოთხი წლის მანძილზე ხალხში ამდენი სიძულვილის დათესვა-მეთქი. ქუჩაში გამოსვლის მიზეზი გარკვეულწილად მძიმე სოციალური ფონი იყო, მაგრამ ვფიქრობ, ხალხში ყველაზე დიდ გაღიზიანებას ის იწვევს, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერს ყიდის; ეს ხელისუფლება ძალიან მალე გაიშიფრა; ყველა მიხვდა, რომ ისინი ამერიკის ხელდასმულები არიან. ამაზე დიდი საშიშროების წინაშე ჩვენი ერი მონღოლების შემოსევის დროსაც კი არ მდგარა - ამერიკა ჩაგყლაპავს. ამერიკამ არ იცის, რას ნიშანვს სამშობლო, ერი. მათ ძალიან უკვირთ, აქაურობა შავკანიანებითა და ჩინელებით გატენილი რომ არ არის.

"მ.კ": ისინი საკმაოდ მომრავლდნენ თბილისი ქუჩებში...

რ.ჭ: ჯერ სად ხართ.! ჩინეთს ანაკონდას ვეძახი, რომელსაც თავი პატარა აქვს, მაგრამ ტანი და მუცელი უზარმაზარი. ჩინეთს საქართველოში თავი უკვე შემოყოფილი აქვს. ტოლერანტული ხალხი ვართო, - გავიძახით; კომფორტი გვიყვარს და ძველძველი - გამონაცვალი მანქანები. აი, ესღა ვართ, მეტი არაფერი. თბილისს რას უშვრებიან.! - სახლებს პირდაპირ ტროტუარებზე აშენებენ; გავლა აღარ შეიძლება, ყველგან მანქანების საცობებია. სკოლიდან შვილიშვილის გამოყვანა მიჭირს. გუშინ მეკითხება - ბაბუ, ამდენი წიგნები რად გინდაო. მივუგე: თქვენ არაფერს კითხულობთ და მართლა რად მინდა-მეთქი.! და ამაზე 9 წლის ბავშვი უცებ მპასუხობს: არა, შენთვის შეიძლება, შენ მწერალი ხარ, წიგნები უნდა გქონდესო.

"მ.კ": ამბობენ, ქართველები ამაზე უარესი სიტუაციიდან გამოვმძვრალვართო.

რ.ჭ: ყოველთვის გამოძვრები, ქართველი თუ ხარ, მაგრამ ახლა ზიარი ჭურჭლის კანონი მოქმედებს - შენ არა ხარ და შენს ადგილზე სხვა შემოდის. ქართველს რომ ჰკითხო, მეორე შვილს არ აპირებო. - არა, ჯერ მანქანა უნდა შევიძინოო, გიპასუხებს და ორმოცოთახიანი ბინა რომ მისცე, ლოჯს მაინც მიაშენებს. ვერაფრით ვერ გაძღა ეს ხალხი. დემოგრაფიული ვითარების მხრივ კატასტროფაა. რაც დავიბადე, არავის უთქვამს, ქართველები ცოტა ხართ და უნდა გამრავლდეთო. როგორც იქნა, ახლა პირველი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა - უწმინდესმა რომ გამოაცხადა, ყველა მესამე ოჯახს შვილს მოვუნათლავო, ეს ისეთი დიდი სტიმული აღმოჩნდა, ვისაც ორი ჰყავდა, სასწრაფოდ ყველა ცდილობდა მესამის ყოლას. ყველა ოჯახმა ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იმას, რომ მის შვილი მონათლა პატრიარქმა.

"მ.კ": ახლა რას წერთ, რაზე მუშაობთ.

რ.ჭ: აგერ მიდევს. როგორც იტყვიან, ძალიან შორს გავრეკე. მე ახლა ვმუშაობ ნაწარმოებზე - "კურუ სიცილით ავადმყოფობა". ნაწყვეტს წაგიკითხავთ: სამეცნიერო პუბლიცისტური ჟურნალის \\| საუკუნის რედაქტორის განცხადება - სამეცნიერო სტატიებში მოტანილი ციტატების სიზუსტეზე ავტორები პასუხს არ აგებენ". აბა, რაზე აგებენ პასუხს.! "სალიტერატურო პუბლიცისტური ჟურნალ "ცისკრის" რედაქცია გაუწყებთ: ცარიელი ბოთლები ავტორებს არ უბრუნდებათ. რედკოლეგიის სახელით ჩორდელი"; მართლა იყო ასეთი რამ. "ვერის აბანოს ადმინისტრაცია გაფრთხილებთ: ფასიანი ქაღალდების, საბუთების, ფულის და ნივთების დაკარგვაზე აბანო პასუხს არ აგებს". აბანოს გარდერობში გამოკრულ ამ განცხადებაში ვიღაც მოხალისეს ბეჭდურ შრიფტთან მიმსგავსებით მიემატებინა: და ტანსაცმლის. საბოლოო რედაქციით აბანოს განცხადება ასე იყო ჩამოყალიბებული: "აბანოს ადმინისტრაცია გაფრთხილებთ: ფასიანი ქაღალდების, საბუთების, ფულის, ნივთებისა და ტანსაცმლის დაკარგვაზე აბანო პასუხს არ აგებსო".

"კურუ" 1996 წელს გამოვეცი და დღეს ერთის მეტი აღარ მაქვს. ჩემთვის ბევრს უთქვამს, ცუდ ხასიათზე რომ ვარ, "კურუს" გადმოვიღებ და გუნება-განწყობა მეცვლებაო. ახლა "კურუს" ვრცელი ვარიანტით გამოცემა მინდა. ამისთვის საჭირო ფინანსების ვიშოვი - ურიის ვალს ავიღებ (ეს ჩემი მეგობრის, ჯემალ აჯიაშვილის საყვარელი გამოთქმაა), მაგრამ გამომცემელს ვეძებ, რადგან ეს მისთვისაც მომგებიანი იქნება. განახლებულ ვარიანტში რამდენიმე თავი იქნება - მამფორიზმები, ეთნოსი, ქრონიკა, თეატრი, კინო, ფეხბურთი, სპორტი და ბაღის კიდის დიალოგი. "კურუში" მოქმედება განვითარდება მოლას სიბრძნესა და აკაკის მახვილსიტყვაობის ფონზე.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com