|
|
"რეზონანსი "
ვინ იქნება საარჩევნოდ ეროვნული საბჭოს პირველ ათეულში: სალომე ზურაბიშვილი: "ჩვენ ხელისუფლებასთან ხმების გადანაწილებას არ ვაპირებთ" გიორგი ფუტკარაძე
"რესპუბლიკელების" მიერ ერთიანი ეროვნული საბჭოს დატოვების ერთ-ერთი მიზეზი მანდატების გადანაწილება იყო", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მათი წასვლის მიუხედავად "ეროვნული საბჭოს" რეიტინგი არ დაწეულა და ისინი ბრძოლას კვლავაც ძველებურად გააგრძელებენ. როგორ აფასებს ახლა უკვე ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას და როგორ გადანაწილდება მანდატები ერთიან ეროვნულ საბჭოში - ამ თემაზე "მთელი კვირა" სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. სალომე ზურაბიშვილი: მე შევაფასებდი ისე, როგორც შეაფასა კობა დავითაშვილმა. ეს არის ეროვნული საბჭოს პოზიცია. ჩვენ ვაგრძელებთ ერთიან ბრძოლას და ამ ბრძოლას მათთან ერთად თუ მათ გარეშე, მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენ უნდა მოვიგოთ საპარლამენტო არჩევნები და არ უნდა გავინაწილოთ ხმები ხელისუფლებასთან, პირიქით, უნდა წავართვათ ეს ხმები, რადგან ესაა ხალხის დაკვეთა. "მ. კ": ანუ გინდათ, თქვათ, რომ რესპუბლიკელებმა ხელისუფლებასთან ხმები გაიყვეს. ს.ზ. არა, მე მაგას არ ვამბობ, მე ვამბობ, რომ ეს არის ჩვენი მიზანი. ხალხმა ჩვენ დაკვეთა მოგვცა და ამას შევასრულებთ. "მ. კ": და მაინც რატომ წავიდნენ რესპუბლიკელები. ს. ზ. ეს ჩემი ასახსნელი ნამდვილად არ არის. მე ვიტყოდი ჩემი მხრიდან, რომ ეს სამწუხაროა, თუმცა ჩვენ არ გაგვიკეთებია ისეთი არაფერი, რომ ისინი წასულიყვნენ, თუმცა ეს ფაქტი არ ცვლის ჩვენ განწყობას. "მ. კ": საუბარი იყო, რომ მანდატები ვერ გადაინაწილეთ... ს.ზ. ესეც შეიძლება იყო და ბევრი სხვა ფაქტორიც, თუმცა ეს მათ უნდა ჰკითხოთ, გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია და მე ვერ გეტყვით, თუ რა ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. "მ. კ": ხომ არ თვლით, რომ მათი წასვლით ერთიანი ეროვნული საბჭო დასუსტდა. ს.ზ. არა, მე ასე არ მიმაჩნია, ჩვენი ძალა არის ხალხში და არა კონკრეტულ პარტიებში. ხალხი დგას ერთად და ძალიან დიდი შეცდომა იქნება ხელისუფლების მხრიდან, თუ ასე ჩათვლის, რადგან ხალხის საპროტესტო მუხტი არ შესუსტებულა და ასეთმა შეცდომამ შეიძლება სავალალო შედეგები მოიტანოს. მინდა აღვნიშნო, რომ ერთიანი ეროვნული საბჭო კვლავაც რჩება მედიატორად ხალხსა და ხელისუფლებას შორის, თუ შედეგები ვერ ვაჩვენეთ, შეიძლება ხალხის ნდობა შესუსტდეს, თუმცა ამით ხელისუფლების მიმართ განწყობა არ შეიცვლება. "მ. კ": რამდენად სწორად მიგაჩნიათ პარიტეტული სიით გასვლა. თუ არ ვცდები, რესპუბლიკელთა გამიჯვნის ერთ-ერთი ფაქტორი ეს იყო. ხომ არ არის ეს პრინციპი დასახვეწი. ს. ზ: არა, მე მგონია, რომ ასეთი ტიპის გაერთიანებაში ჩვენ უნდა დავაყენოთ ქვეყნის ინტერესები პირველ პლანზე. ერთადერთი სწორი ფორმა არის სწორედ პარიტეტული პრინციპი. ნებისმიერი სხვა გადანაწილება იწვევს უკმაყოფილებას და არ არსებობს ამ ქვეყანაში კრიტერიუმი, რომლითაც შეიძლება გაიზომოს ნებისმიერი პარტიის წონა. მე ძალიან თავისუფალი ვარ ამ საკითხებთან, რადგან ვერ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში და არ გამომითქვამს დამატებითი ამბიციები. მე კარგად მესმის, რას ნიშნავს პოლიტიკური პარტიის მშენებლობა, მე კარგად ვიცი, რომ ახალმა პარტიებმა უფრო მეტი გადადეს გვერდზე, მაგრამ ეს დროც მოვა, როცა ნორმალურ წყობაზე გადავალთ. მე ვეთანხმები რესპუბლიკელებს, რომ ყველას გვინდა მრავალპარტიული წყობილება და არა ერთპარტიული სისტემა, მინდა, ვთქვა, რომ ერთიანი ეროვნული საბჭო არ არის ერთპარტიულობის საწინდარი. ეს არის ერთიანი ბრძოლა, სანამ ბრძოლა გრძელდება. მთავარი მიზანია სააკაშვილის გადაყენება თავის გუნდთან ერთად და ჩვენ არ ვეთანხმებით რესპუბლიკელებს, რომლებიც თვლიან, რომ არის რაღაც ნაწილები ამ ხელისუფლებაში, რომელიც შეიძლება გადარჩეს, ამაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებას. "მ. კ": რაც შეეხება სიებს, ვინ იქნება მეორე ან მესამე ნომერი. თუ იყო მსჯელობა ამაზე. ს. ზ: როგორც გითხარით, მე არ ვიქნები მეორე ნომერი, რადგან კანონი არ მაძლევს ამის საშუალებას. თუმცა ვინ იქნება რიგით მეორე ან მესამე ნომერი, ამაზე არ მიდის მსჯელობა ამ ეტაპზე. აქაც ყველაზე მარტივი პრინციპით იქნება კენჭისყრა. სიის პირველი ათეული ყველა პარტიის ლიდერისგან დაკომპლექტდება. ჩვენ ან მოვიგებთ ამ არჩევნებს, თუ არა, მაშინ აზრი არ აქვს, ჩვენ არ ვიბრძვით ადგილებისთვის, და საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ თუ დღევანდელი პარლამენტი დარჩა, მაშინ არ იქნება სწორი თუ ჩემი პარტია მიიღებს მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში. "მ. კ": ვინ იქნება თქვენი პარტიიდან პირველი ნომერი. ს. ზ: ჯერ არ გვაქვს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა არსებობს პარტიის საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე და, სავარაუდოდ, ის წარადგენს ჩვენს პარტიას. თუმცა ჯერ საბოლოო შიდა სია არ არის შედგენილი. მთავარია, ხალხში არ გაჩნდეს უიმედობა. "მ. კ": ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ კიდევ რომელიმე პარტია წავიდეს ან ხომ არ მიმდინარეობს რომელიმე პარტიასთან მოლაპარაკება, რომ შემოგიერთდეთ. ს. ზ: მე მგონია, რომ უფრო მოსალოდნელია, შემოგვიერთდნენ. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ამაზე თავის დროზე გაგაგებინებთ. "მ. კ": როგორ ფიქრობთ, მიეცემა ოპოზიციას დიალოგის ბოლომდე მიყვანის შანსი. ან წამოვა კი ხელისუფლება ყველა დათმობაზე. ს. ზ: ყველა დათმობაზე რომ არ წამოვა, ეს ცხადია. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ რაღაც მომენტში ჩვენ ანალიზი გავუკეთოთ იმ დათმობებს და არადათმობებს, რაც იქნება და ამით შესაძლებელი იქნება, რომ ამომრჩევლებს ვუთხრათ, რომ ჩვენ შეგვიძლია მათი ხმების დაცვა ან პირიქით. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ხალხს რაღაც კანონებში ცვლილებებით და მაჟორიტარული მანდატებით ვერ მოატყუებს. "მ. კ": რაც შეეხება აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, როგორ შეაფასებდით. ს.ზ. მე ვთვლი, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა. უთუოდ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ ყველა დიპლომატიური ზომა, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ. მეორეს მხრივ, მე არ გამიგია, ულტიმატუმების ენით აფრთხილებდე მეორე მხარეს, რომ აპირებ სპეცოპერაციის ჩატარებას. ვინ ამას აპირებს, ის არ აფრთხილებს და საერთოდ ის სამხედრო რიტორიკა, რაც გრძელდება ბოლო სამი თვის მანძილზე, რომ ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს გაზაფხულზე და ის სამხედრო გადაადგილებები, რასაც ვხედავთ, ხელოვნური დაძაბულობაა. კონფლიქტის დარეგულირების ნებისმიერი გზა, გარდა მშვიდობიანისა, იქნება ძალიან ცუდი. "მ. კ": როგორ აფასებენ დასავლეთში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგს. ს.ზ. ჯერ არა მგონია, რომ აფასებდნენ, როგორც დათმობებს. მოთხოვნაა დასავლეთიდან, რომ შედგეს რეალური დათმობები, რათა არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს. ზეწოლა იქედანაც იქნება და შიგნიდანაც. არ დაავიწყდეს ხელისუფლებას, რომ არსებობს მოსახლეობა, რომელიც არ შეეგუება ამ ხელისუფლების დარჩენას. "მ. კ": რაც შეეხება თქვენს ვიზიტს, როგორც ცნობილია, ორშაბათს მიემგზავრებით. სად და ვისთან გეგმავთ შეხვედრებს. ს. ზ: შეხვედრები იქნება ესტონეთში, თემაა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, რათა გავიგოთ, თუ რა განწყობაა ევროპულ ქვეყნებში. ასევე მზადდება ნატოს სამიტი. ის განცხადებები, რაც გაკეთებულია აფხაზეთთან მიმართებაში, არა მგონია, აადვილებდეს მაპის მიღებას. ასევე გავიზიარებთ მათ საარჩევნო გამოცდილებას.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |