"რეზონანსი "
# 58
ორშაბათი, 3 მარტი, 2008 წელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი: ჯერ კონკურსი გამოვაცხადოთ!

ნათია ახალაია

ამბობენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს "თავისუფლების ინსტიტუტის" გავლენიდან ათავისუფლებენ. ისევ აღმოჩნდება თუ არა იგი რომელიმე პოლიტიკური ძალის ზეგავლენის ქვეშ. "თავისუფლების ინსტიტუტში" დაწერილი კანონი მაუწყებლობის შესახებ გადახედვას მოითხოვს. ჟურნალისტი დოდო შონავა: "უნდა შეიცვალოს სამეურვეო საბჭოს წევრთა რიცხვი და გაიზარდოს მათი უფლებამოსილება: სამეურვეო საბჭოს გენერალური დირექტორის მონიტორინგის საშუალება ნაკლებად აქვს. როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ხარ, ცხადია, ყველანაირი ზეწოლისაგან დაცული უნდა იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს აბსოლუტურ უკონტროლობას! საერთოდ კი, კანონში წერია, რომ მონიტორინგის საბჭოები უნდა შექმნილიყო. სად არის ეს საბჭოები. ამაზე არავის არაფერი უთქვამს!" ნიშანდობლივია ისიც, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი ჯერ არ გამოცხადებულა, ამ პოსტზე კი პოლიტიკოსები უკვე კონკრეტულ კანდიდატებზე საუბრობენ.

"მთელ კვირას" ჟურნალისტი დოდო შონავა ესაუბრება.

- 22 თებერვალს, ოპოზიციის ერთი ფრთის მიერ შიმშილობის დაწყებამდე, ლევან გაჩეჩილაძემ ხაზგასმით თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარისგან დამატებითი გარანტიები მიიღეს და ამის გამო აქციაც აღარ შედგებოდა. ერთ-ერთ გარანტიად კი ის დასახელდა, რომ 26 თებერვლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი ეყოლებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის მიხედვით, როგორია პროცედურა, რომლის საფუძველზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი უნდა დაინიშნოს.

- მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობის დასაკავებლად, ერთი თვის განმავლობაში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარმოადგინოს. პრეზიდენტმა პარლამენტს ერთ ვაკანსიაზე სამი კანდიდატი უნდა წარუდგინოს. პარლამენტის სხდომაზე, თითო ადგილზე წარმოდგენილი სამი კანდიდატიდან კენჭს უყრიან და ამტკიცებენ ერთ კანდიდატურას. ამის შემდეგ უნდა შეიკრიბოს სამეურვეო საბჭო. მან უნდა აირჩიოს თავმჯდომარე და გამოაცხადოს კონკურსი გენერალური დირექტორის ვაკანსიაზე.

ასე რომ, როდესაც ლევან გაჩეჩილაძემ აღნიშნული განცხადება გააკეთა, მან, ალბათ, უბრალოდ, იჩქარა, როდესაც თქვა, რომ 26 თებერვალს მაუწყებელს უკვე ახალი გენერალური დირექტორი ეყოლებოდა.

- ეს მან სპონტანურად თქვა - როგორც მისი პოლიტიკური პარტნიორები ამბობენ.

- კანონი კარგად რომ სცოდნოდა, ალბათ ამას ვერ იტყოდა. სხვათა შორის, კანონში არ არის მითითებული კონკრეტული ვადა, რომლის ფარგლებშიც გენერალური დირექტორი უნდა აირჩეს. ამ გადაწყვეტილების მიღება სამეურვეო საბჭოზეა მინდობილი.

- გამოდის, რომ შეიძლება კონკურსი უსასრულოდ გაგრძელდეს.

- ეს კანონის ხარვეზია. წინა კონკურსის დროს სამეურვეო საბჭოს წევრებმა ეს ვადა თვითონ დააწესეს: მაშინ იგი, დაახლოებით, ერთი თვით განისაზღვრა.

- საინტერესოა ისიც, თუ როგორ იყო მოცემული გარანტიები პარლამენტის თავმჯდომარის მიერ.

- გარანტიები, ალბათ, იყო იმის თაობაზე, რომ კინწურაშვილი აუცილებლად დატოვებდა თანამდებობას და ახალი გენერალური დირექტორი აირჩეოდა. ვერ ვუშვებ იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არ სცოდნოდა კანონით გათვალისწინებული პროცედურა.

თუმცა, მიმაჩნია: ასეთ - ფორსმაჟორულ ვითარებაში უკეთესი იქნებოდა, გაერთიანებულ ოპოზიციას მოეთხოვა დროებითი მმართველი საბჭოს შექმნა. იგი იქნებოდა პარიტეტულად დაკომპლექტებული და, ახალი პარლამენტის არჩევამდე, სწორედ ის უხელმძღვანელებდა საინფორმაციო პროგრამების მუშაობას და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუებს. ამ გზით მაუწყებელი პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდებოდა. ამავე დროს, ეს მოგვცემდა საშუალებას, მაუწყებლობის შესახებ კანონში აუცილებელი შესწორებები შესულიყო და იგი უფრო სრულყოფილი გამხდარიყო.

- შექმნილ სიტუაციაში პოლიტიკური ზეწოლა ორივე მხრიდან - ხელისუფლებიდანაც და ოპოზიციიდანაც - გაძლიერდა. იზიარებთ ამ აზრს.

- რა თქმა უნდა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე მონიტორინგი მხოლოდ საზოგადოების მხრიდან უნდა არსებობდეს. ჯერჯერობით, ეს ვერ მოხერხდა - მრავალი ობიექტური და სუბიექტური მიზეზის გამო.

- კონკრეტულად, რა მიზეზების გამო.

- ცნობილია, რომ თამარ კინწურაშვილი "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრი იყო. საერთოდ, მაუწყებლობის შესახებ კანონს, ძირითადად, "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრები წერდნენ და ის, როგორც აღვნიშნე, არ არის სრულყოფილი. ევროპაში, როგორც ძველი, ისე - ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, საზოგადოებრივი მაუწყებლების მუშაობის დიდი გამოცდილება არსებობს. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო სლოვენიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაგალითია. სლოვენია ახალი დემოკრატიის ქვეყანაა და ტელევიზიაც შეეცადა, სამეურვეო საბჭო ფართოდ წარმომადგენლობითი ყოფილიყო: მასში ოცდახუთი წევრია. სლოვენიის საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს ქვემდგომი რგოლი ექსპერტთა საბჭოა. გარდა ამისა, მოქმედებს საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოებიც. საქართველოში კი ცხრაკაციანი სამეურვეო საბჭო გვყავს - დაახლოებით ისე, როგორც იის-შია. მისი მოდელი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ნამდვილად არ გამოადგებოდა. კლასიკური დემოკრატიის ქვეყნის მოდელზე გაკეთებული ტელევიზია კი ჩვენი ტიპის ქვეყანაში, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ვერ იმუშავებს. ადეკვატური შედეგი სწორედ ამიტომ მივიღეთ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ხომ მხოლოდ მაუწყებლობა არ არის. ის მძლავრი საზოგადოებრივი ინსტიტუტია. პირადად ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, როგორ წარიმართებოდა მისი ბედი. მომეჩვენა, რომ ეს ყველაფერი ნაჩქარევად, გაუაზრებლად მოხდა. კიდევ კარგი, თავიდან ოპოზიციამ უარი თქვა, სამეურვეო საბჭოს წევრობის საკუთარი კანდიდატები პირდაპირ დაესახელებინა: ორივე მხარემ იმ კანდიდატებიდან შეარჩია წევრები, ვისაც განცხადება ჰქონდა შეტანილი ამ თანამდებობის დასაკავებლად.

- თუმცა, როგორც ამბობენ, გია თორთლაძემ კბილებით გაიტანა ერეკლე ტრიპოლსკის კანდიდატურა. რატომ - მაინც და მაინც ტრიპოლსკი.

- პრესაში წავიკითხე, რომ ტრიპოლსკის კანდიდატურა თორთლაძემ გაიყვანა. ისე კი, ტრიპოლსკი ტელევიზიაში ნამუშევარია. ცნობილი რეჟისორია.

- შეიძლება ითქვას, რომ სამეურვეო საბჭოში მხარეთა მიერ წევრების არჩევა მიზანშეწონილობის პრინციპის გათვალისწინებით არ ხდებოდა.

- ეს საბჭო ბევრად უკეთესია, ვიდრე - წინა: ტრიპოლსკიმ იცის ტელევიზიის სპეციფიკა; მიხეილ ჭიაურელი ტელეფილმებში მუშაობდა და იცის ტელევიზია; ირმა სოხაძემ კარგად იცის ტელევიზია; მარინა ვეკუას ხელში გამოვლილი ძალიან ბევრი ადამიანი ტელევიზიაში მუშაობს.

- ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება განმსაზღვრელი კრიტერიუმია. საერთოდ, სამეურვეო საბჭოს წევრები, თქვენი აზრით, რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეირჩნენ.

- სლოვენიის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ოცდახუთი წევრია. საბჭოში სამი ადამიანი ტელევიზიის კოლექტივს წარმოადგენს. მაგრამ იქ არიან ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

- საინტერესოა, რომ საქართველოში, ამ თანამდებობაზე განმსაზღვრელ კრიტერიუმად მხარეებმა აპოლიტიკურობა დაასახელეს.

- სლოვენიაში კანონი იძლევა საშუალებას, ყველამ იცოდეს, საზოგადოებრივ მაუწყებელში ვინ ლობირებს ამა თუ იმ პარტიას. იქ არიან ეროვნული უმცირესობების, ეკლესიების, სამეცნიერო და ხელოვნების წრეების წარმომადგენლები. ძალზე წარმომადგენლობითი საბჭოა და ყველაფერი გამჭვირვალეა. ექსპერტთა საბჭო კი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ტელევიზია იქნება გემოვნებიანი, მაღალი სტანდარტების დამამკვიდრებელი და რეიტინგული. ასეთი მაუწყებელი ჩემთვის იდეალური ვარიანტია.

- თქვენ საუბრობთ თქვენთვის იდეალურ ტელევიზიაზე, მაგრამ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის გათვალისწინებით, ამ მაუწყებლის რა პერსპექტივაზე შეგიძლიათ ილაპარაკოთ.

- არსებული სამაუწყებლო კანონის პირობებში მიმაჩნია, რომ ეს საბჭო წინას ბევრად სჯობს. ეს საბჭო ბევრად მოტივირებულია. ვხედავ, რომ ისინი ტელევიზიის ბედით დაინტერესებულები არიან. იმ საბჭომ კი საკუთარი უპასუხისმგებლობა, თუნდაც, იმით დაადასტურა, რომ ბოლოს მასში სამი წევრიღა აღმოჩნდა! ამ ტელევიზიაში სხვა ყველაფერი იდეალურად რომ ყოფილიყო, მხოლოდ ის ფაქტიც საკმარისია აღშფოთებისთვის, რომ მმართველობა იყო არალეგიტიმური. მაოცებს ის გულგრილობა, რომელიც ოცი მილიონი ლარის მიმართ იყო გამოჩენილი - თუნდაც, პარლამენტის მხრიდან!

მიმაჩნია, რომ კანონში ბევრი ცვლილებაა შესატანი: უნდა შეიცვალოს სამეურვეო საბჭოს წევრთა რიცხვი და გაიზარდოს მათი უფლებამოსილება: სამეურვეო საბჭოს გენერალური დირექტორის მონიტორინგის საშუალება ნაკლებად აქვს. როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ხარ, ცხადია, ყველანაირი ზეწოლისაგან დაცული უნდა იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს აბსოლუტურ უკონტროლობას! საერთოდ კი, კანონში წერია, რომ მონიტორინგის საბჭოები უნდა შექმნილიყო. სად არის ეს საბჭოები. ამაზე არავის არაფერი უთქვამს!

- სამეურვეო საბჭოს წევრად არჩეულმა ბაკურ სულაკაურმა თქვა, რომ ის მაუწყებლობის შესახებ კანონს ჯერ არ იცნობს.

- როდესაც კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად განცხადება შეგაქვს, აუცილებლად უნდა იცოდე, რა უფლებამოსილება გექნება. ისეთი ადამიანებისგან გავიგე, მაუწყებლობის შესახებ კანონი წაკითხული არ მაქვსო, რომლებიც მედიასაბჭოში არიან. ისინი თავს უფლებას აძლევენ, გადაცემებში მონაწილეობა მიიღონ, კრიტიკული აზრები გამოთქვან, მეტიც, გადაცემები წაიყვანონ ამ თემაზე! ამას წინათ, რადიო "უცნობში", ნინია კაკაბაძეს მიჰყავდა გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის თემაზე. თქვა, - კანონი არ წამიკითხავსო. გავვოგნდი. ის მედიასაბჭოს წევრია და კანონი ძალიან კარგად უნდა ჰქონდეს შესწავლილი.

- სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ჯერ კიდევ არ ჰყავს - მიუხედავად იმისა, რომ ითქვა: მაუწყებლობის ახალი ხელმძღვანელობა დროის მოკლე ვადებში უნდა შეცვლილიყო. თქვენი აზრით, ეს პროცესი სხვა, ამ ეტაპზე პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანმა ფაქტორმა ხომ არ გადაფარა.

- საბჭოს წევრები დამტკიცებულები არიან. ისინი, ალბათ, მეორე დღესვე უნდა შეკრებილიყვნენ და მაშინვე უნდა აერჩიათ თავმჯდომარე. შეიძლება, კონსულტაციები მიმდინარეობს თავმჯდომარესთან დაკავშირებით.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ გენერალურ დირექტორთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს კონსულტაციები.

- ალბათ, მიმდინარეობს. სახელდება რამდენიმე ადამიანი: პაატა ვეშაპიძე, ია ანთაძე; ახლა ზვიად ქორიძეც დაასახელეს. მიმაჩნია, რომ უმჯობესი იქნებოდა, ჯერ კონკურსი გამოეცხადებინათ. ენახათ, ვის შეაქვს განცხადებები და ამის შემდეგ დაეწყოთ კონსულტაციები.

- თუკი კონკურსი გამოცხადდება, მასში მონაწილეობის მიღებას აპირებთ.

- კონკურსი, ალბათ, გამოცხადდება და მასში მონაწილეობის მიღებას ვაპირებ. წინა კონკურსშიც ვიღებდი მონაწილეობას. მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის რეფორმის სათათბირო საბჭოს ვთავმჯდომარეობ და სწორედ საზოგადოებრივი მიმართულებით მის სტატუსზე ვმუშაობ, უფრო გავიღრმავე ცოდნა მაუწყებლობის რაობის თაობაზე. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემი ამბიცია უსაფუძვლო არ არის, თუმცა, ეს ჩემი იდეა-ფიქსი სულაც არ გახლავთ.

- პრეცედენტის შექმნა გინდათ.

- სწორედ, პრეცედენტის შექმნა მინდა, რომ მოსახლეობისთვის მაინც იყოს გასაგები: ეს კონკურსია! ეს არ არის შეთანხმება მხარეებს შორის! კონკურსი კანონით არის გათვალისწინებული. ამიტომ კეთილი ვინებოთ და კონკურსი გამოვაცხადოთ. კონსულტაციებს ზეწოლის სახეს ნუ მივცემთ: "ჩვენ შევთანხმდით ამ კანდიდატზე"... გამოდის, რომ კანონის ფარგლებს ვტოვებთ! ბოლოს და ბოლოს, კანონი პროცედურულად დავიცვათ, რათა რიგით მაყურებელსაც, მაუწყებლობაში მომუშავე ადამიანსაც და იქ მუშაობის მსურველსაც სამართლიანობის განცდა ჰქონდეთ! პირადად ჩემთვის, ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, კანონს ვინ არღვევს - "თავისუფლების ინსტიტუტი", ხელისუფლება თუ ოპოზიცია.

- სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა - გიორგი ანჩაბაძემ სურვილი გამოთქვა, საზოგადოებრივ არხზე იყოს უფრო შემეცნებითი გადაცემები. როგორია თქვენი აზრი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკას მხოლოდ ამ ტიპის პროგრამები უნდა ქმნიდეს. როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკა.

- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულება, პირდაპირ ეთერში დებატები და თოქ-შოუები. მით უფრო, რომ, როგორც აღმოჩნდა, ქართულ მედიასივრცეში ყველაზე რეიტინგული სწორედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური დებატებია.

- სამეურვეო საბჭოს წევრის - ირმა სოხაძის აზრით, გადაცემები, დიდწილად, ფაქტებს უნდა ემყარებოდეს და, რაც შეიძლება, მცირე დოზით უნდა იყოს გაკეთებული კომენტარები.

- როცა ბალანსზე საუბრობენ, ყველას ჰგონია: ხუთი წუთი - ერთს, ხუთი - მეორეს. აზრი უნდა იყოს დაბალანსებული და არა ფიზიკური დრო! დებატები ყველაზე კარგი საშუალებაა მოვლენის ობიექტურად წარმოჩენისთვის. ფაქტების კომენტირება საინფორმაციო გადაცემაშია დაუშვებელი, თორემ, როგორ შეიძლება, ჟურნალისტს უფლება წაართვა, საავტორო გადაცემაში, სადაც ის ბალანსს იცავს, ამავე დროს, საკუთარი აზრი არ ჰქონდეს ამა თუ იმ მოვლენაზე! ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამირების საკითხიც. არხზე სტაბილურობის შეგრძნება უნდა იყოს.

- საინტერესოა ისიც, რომ წლების განმავლობაში პირველ არხზე მუშაობდით და იქიდან სწორედ კინწურაშვილის შეფობის პერიოდში წამოხვედით. რატომ.

- მე არ წამოვსულვარ. ქ-ნმა კინწურაშვილმა ხელშეკრულება გამიწყვიტა.

- კანონის დარღვევით.

- არა. ერთთვიანი ხელშეკრულებები გვქონდა. ეს ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევდა, ნებისმიერი ადამიანი სამსახურიდან უაპელაციოდ გაეშვა. ბოლოს მეორე არხის დირექტორი ვიყავი. პოლიტიკური მიმართულების არხის კონცეფციის შემუშავება დამევალა. შესაბამისი ევროპული არხებისა და ქართული რეალობის გათვალისწინებით, კონცეფცია ჩამოვაყალიბე. ვფიქრობ, რომ ასეთი არხის დაფუძნება ძალიან წაადგებოდა ქართულ რეალობას. მაგრამ ის კონცეფცია არავინ წაიკითხა. როგორც ჩანს, ჩემი გაშვება წინასწარ იყო გადაწყვეტილი. საშინელი საკადრო პოლიტიკა იყო. თამარ კინწურაშვილი, როგორც ოპტიმისტური ტრაგედიის ქალი-კომისარი, ისე დააბიჯებდა ტელევიზიაში და ყველა პროფესიონალს თავი წააცალა!

- როგორ ფიქრობთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი "თავისუფლების ინსტიტუტის" გავლენიდან მალე გავა.

- იმედი მაქვს, რომ უკვე გავიდა. თუმცა, "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრებს, როგორც მაყურებლებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის უფლებას არავინ ართმევს.

- ხომ არ გგონიათ, რომ შესაძლოა, მაუწყებელი სხვა პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს.

- ეს ყოვლად დაუშვებელია!

- დაუშვებელი უნდა იყოს, მაგრამ რეალობის გათვალისწინებით რას იტყვით.

- იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთება რომელიმე პოლიტიკურ ძალას გაუძნელდება.

- თუმცა, ჯერ მაუწყებელს ახალი დირექტორი არ ჰყავს. ამიტომ ამაზე საუბარი შესაძლოა ნაადრევიც იყოს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com