|
|
"რეზონანსი "
გენპროკურატურა, შესაძლოა, ავიაკომპანიების ვალით დაინტერესდეს
(პირველი) გენერალური პოროკურატურა შესაძლოა, "როსაერონავიგაციის" წინაშე ქართული კომპანიების ვალის წარმომავლობით დაინტერესდეს. "პირველის" ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნული ვალის წარმომავლობის საკითხის დამოუკიდებლად გამოძიება ვერ შეძლო და საქმეზე გამოძიების დაწყება გენპროკურატურას სთხოვა. წინასწარი ინფორმაციით, "როსაერონავიგაციის" წინაშე დაგროვებული ვალის გადახდას ამ ეტაპზე მხოლოდ "ჯორჯიან ეარვეისი" თანხდება. რაც შეეხება "ნაციონალურ ავიახაზებს", კოპანიაში აცხადებენ, რომ მათ რუსული მხარის წინაშე არანაირი ვალი არ გააჩნიათ. "ნაციონალური ავიახაზების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ჯილდა მაჭავარიანის განცხადებით, "კოპანიას ამ ვალთან არანაირი კავშირი არ აქვს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს ვალები 90 წლებში დაგროვდა, "ნაციონალური ავიახაზები" კი სულ 4 წელია, რაც შეიქმნა". "რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ჩვენ ამ ფაქტს მივესალმებით, რადგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, ვინ არის ამ ვალის სამართალმემკვიდრე", - განაცხადა მაჭავარიანმა. გავრცელებული ინფორმაციით, 90-იან წლებში გაკოტრებული კოპანიების საქმე პროკურატურაში მაშინდელი გენპროკურორის ნუგზარ გაბრიჩიძის დროს შევიდა. გაბრიჩიძე ამჟამად თამაზ გაიაშვილის პირველ მოადგილედ მუშაობს. ერთ-ერთი ინფორმაციით კი, ის კომპანიაში სატვირთო გადაზიდვებს კურირებს. იმ შემთხვევაში, თუ 90 წლებში ხელოვნურად გაკოტრებული კოპანიების საქმეზე გამოძიება დაიწყება, პროკურატურას შესაძლოა, კითხვები გაბრიჩიძესთანაც ჰქონდეს. როგორც ცნობილია, რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. თუმცა რუსული მხარე ფრენების განახლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ დავალიანების მქონე ქართული კომპანიები "როსაერონავიგაციის" წინაშე არსბულ ვალს სრულად დაფარავენ. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია 3 მლნ 700 ათას დოლარზე. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე ათეული კომპანია ამჟამად უკვე გაკოტრებულია.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |