|
|
"რეზონანსი "
დემოსი - აუტში! გიორგი ჩოჩიშვილი
ეროვნული საბჭოდან რესპუბლიკური პარტიის "ამაყ მარტოობაში" გასვლის შემდეგ მკვეთრად გაძლიერდა ლაპარაკი ამ საბჭოს დაშლის შესახებ, რასაც ხელისუფლება მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით უწყობს ხელს და ეთანხმება ოპოზიციური ძალების ნაწილიც. "საბჭოელთა" საქმეს ვერ უშველა იქ დარჩენილთა მორიგმა "მტკიცე" განცხადებამ, რომ ისინი, ანუ რვა სუბიექტი, საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით გამოვლენ და საერთოდ, არჩევნებამდე მათი ერთიანობა აღარ დაირღვევა. რესპუბლიკელთა დემარშმა, რასაც ისინი ერთიანი ფრონტით გამოსვლის ეფექტურობით ხსნიან, მხოლოდ კატალიზატორის როლი შეასრულა იმ ეჭვის გაღრმავებაში, რომელიც ხელისუფლების მიმართ საპროტესტოდ განწყობილ და ენთუზიაზმით სავსე ხალხში წარმოიშვა უკვე იპოდრომის გრანდიოზული აქციის შემდეგ. და როცა შიმშილობის აქციაც გაურკვეველი დროით გადაიდო, იმედგაცრუებამ, ცხადია, იმატა. სულაც არ მიფიქრია, რომ ყველაფერი გაერთიანებული ეროვნული საბჭოს წევრების წინასწარი, ბოროტი ზრახვების ნიადაგზე მოხდა. შესაძლოა, ასეთი გრანდიოზული აქციების მართვის არცოდნის (გამოუცდელობის), შესაძლოა ჯერ კიდევ მოკლე სტრატეგიული ხედვის მიზეზით, ნოემბერ-იანვარ-თებერვლის მოვლენების დროს მოპროტესტე ხალხი გამოყენებული იქნა იმ მიზნებისათვის, რომელიც ეროვნულ საბჭოში დომინირებულად ჩათვალეს. კერძოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მისაღწევად (ანუ, მანამდე პრეზიდენტის გადადგომისთვის) და ხელისუფლებისაგან მოლაპარაკებების გზით სხვადასხვა დათმობების მისაღებად (საზოგადოებრივი ტელევიზია, საარჩევნო კანონმდებლობა, საარჩევნო კომისიების შემადგენლობა და ა.შ.) გაერთიანებული ოპოზიცია ამ მიზნების მისაღწევად პერიოდულად იმუქრებოდა დიდი სახალხო აქციებით, თუმცა განწყობა (იხ. - დაკვეთა) ხალხში, ამას თვითონაც აღიარებენ, უფრო რადიკალური იყო და ხელისუფლებას თვით ამითაც ამუნათებდნენ - მათ განრისხებას ჩვენ ვაკავებთო. შედეგად მიტინგებზე კულტურულად მოსული და ასეთივე ქცევით გამორჩეული ხალხი ასევე კულტურულად მიდიოდა შინ და თან გაურკვეველი პერსპექტივა მიჰქონდა. რესპუბლიკელთა ცალკე მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, რაიმე რადიკალური, უსიამოვნო მოვლენა არ უნდა იყოს, მაგრამ საქმე ისაა, როდის განაცხადეს მათ ამის შესახებ. საკუთარ აზრს მოგახსენებთ: ამის გაკეთება უფრო კარგი იქნებოდა მაშინ, როცა გაერთიანებული საბჭო ხელისუფლებასთან კამათში უკვე მოახერხებდა თავისი - სავსებით კანონიერი - მოთხოვნების დაკმაყოფილებას, პირველ რიგში - საარჩევნო კომისიების ყველა დონეზე პარიტეტული წესით (6-ხელისუფლების, 6 ოპოზიციის, და ერთიც შეთანხმებული წევრი) დაკომპლექტებას. უამისოდ მათი პოსტსაარჩევნო პროტესტები იქნება "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა". არა გვგონია შემთხვევითი იყო, რომ ეროვნული საბჭოს ერთი სუბიექტით შეთხელების შემდეგ ხელისუფლება მთელი სიმძლავრით ჩაებღაუჭა თავის უკანასკნელ შანსს, რომელიც შეიძლება ხავსზე მეტი სიმაგრისაც აღმოჩნდეს: მისი ძალისხმევით შექანდა პირად ინტერესებში მთვლემარე მუდმივი ჭაობი - მაჟორიტართა კორპუსი - და მთელი სახელისუფლებო ზრახვების მღვრიე ტალღა გადმოანთხია - მომავალი პარლამენტის 150 წევრიდან 85 მაჟორიტარი უნდა იყოსო. რადგან რაიონებში უფრო ადვილია მოსახლეობის დაშინებაც, მასზე ზეწოლაც, მოსყიდვაც და გაყალბებაც, ეს მაჟორიტარული ხვრელი ერთადერთი გასასვლელიღა რჩება საპარლამენტო უმრავლესობისთვის. ამიტომ, ოპოზიციასთან უკვე მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ააყვირეს ასე გამწარებით მაჟორიტარებიც და მათ კონტროლს დაქვემდებარებული ტელეარხებიც. თანაც, თვითონაც შეეპარათ რიხი ხმაში და უკვე ისეთი აზრებიც გამოკრთა, რომ საარჩევნო კომისიებს ძველ სახეს შეუნარჩუნებენ. ამ მხრივ მომავალი 2 კვირა გადამწყვეტი იქნება და იგი, არ ვაჭარბებ, შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დამოუკიდებელი საქართველოს ხანმოკლე ისტორიის ამ ეტაპისთვის. ეროვნული საბჭოს არამდგარდობას, მათი წევრების ხასიათებისა და მიმართულებების სხვადასხვაობის გარდა, ისიც განაპირობებს, რომ ზოგს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ამერიკელებთან, დანარჩენებს - არა აქვთ. ვაშინგტონი კი, პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოში ყველაფერს აკანტროლებს (მაგრამ ჩვენს ეკონომიკას - ძირითადად რუსები). ამის, და კიდევ ხალხში გაჩენილი იმედგაცრუების მიუხედავად, ოპოზიციას ჯერ არ დაუკარგავს ძირითადი დივიდენდები მოსახლეობაში. თვით მისი ლიდერების პიროვნული თვისებები მიგვანიშნებს, რომ ისინი, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, არ ჩაიდენენ იმ საშინელებებს, რაც 2004 წლის შემდეგ მოხდა საქართველოში. აღმშენებლობის პერსპექტივაზე კი ჯერ ვერაფერს გეტყვით. უფრო სხვაგვარად და თანაც აშკარად ჩანდა დღევანდელი ხელისუფლების მოსვლის დროს, თუმცა ახლა ძალიან ბევრი იცემს გულში მჯიღს - შევცდითო. მაგრამ წინდაუხედაობა და მეტსაც ვიტყოდი - ჭკუამოკლეობა - მუდამ წამოგაძახებინებს ამ სიტყვებს. დღეს კი ოპოზიციასაც სასწავლი აქვს ხალხთან ურთიერთობა. ეს, საერთოდ, აქილევსის ქუსლი იყო დამოუკიდებელი საქართველოს სამივე ხელისუფლებისთვის, თანაც ძალიან მტკივანი. არადა, თავიდან ყველა მათგანი ხალხით იწყებდა. ამ ხელისუფლების ურთიერთობაც ხალხთან ე.წ. ვარდების რევოლუციამდე და ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდშიც შესანიშნავი იყო, 2004 წლის შემდეგ კი, როცა აბსოლუტურად ყველაფერი გაინაღდეს - პირდაპირ საშინელი. ადამიანები ხშირად გულმავიწყები არიან, მაგრამ ისეთი რამეც არსებობს, რისი დავიწყებაც შეუძლებელია.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |