|
|
"რეზონანსი "
ხმების დათვლის 23 % "ცუდად" ან "ძალიან ცუდად" შეფასდა სოფო ქვლივიძე
"ხმის დათვლის პროცესის 23% უნდა შეფასდეს "ცუდად", ან "ძალიან ცუდად". ბიულეტენების დათვლის დროს დაშვებული იყო პროცედურული უზუსტობები და ადგილი ჰქონდა კომისიის წევრთა დაუდევრობას. დამკვირვებლებმა დააფიქსირეს გარეშე პირების ჩარევის ფაქტები ხმების დათვლისა და შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესში. საოლქო კომისიებში ხმების შეჯამება ქაოტურად და ნელა მიმდინარეობდა. ბევრი საუბნო კომისიის ოქმი არ შეესაბამებოდა საუბნო კომისიის ოქმებს," - ასე აფასებს ეუთოს სადამკვირვებლო მისია 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს. ეუთოს მისიის საბოლოო დასკვნაში არსად წერია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები "დადებითად შეფასდა". არადა, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ეუთო სწორედ ასეთ დასკვნას აკეთებს. დოკუმენტში მხოლოდ იმას უსვამენ ხაზს, რომ არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე კონკურენტუნარიანი იყო. აქვე აღნიშნულია, რომ კენჭისყრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საერთაშორისო დამკვირვებლებმა კენჭისყრის დღე პოზიტიურად შეაფასეს. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 5 იანვრის კენჭისყრის დღე განსაკუთრებით მშვიდი იყო. თუმცა, ეუთოს დამკვირვებლების შეფასებით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ქაოსი და არაორგანიზებულობა შეიმჩნეოდა. განსაკუთრებით ბევრი შენიშვნა აქვთ მათ ორგანიზაციულ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. დამკვირვებლების ანგარიშებში აღნიშნულია საარჩევნო უბნებში დაფიქსირებული ზეწოლის ფაქტების შესახებაც. ნათქვამია ისიც, რომ ცალკეულ უბნებში გათავდა მარკირების სითხე და არჩევნების დღეს დაფიქსირდა, ასევე, დიდი ოდენობით ბიულეტენების ჩაყრის ფაქტებიც. რაც შეეხება ხმების დათვლას, ეს პროცესი ეუთოს დამკვირვებლების კრიტიკის მთავარი ობიექტი გახდა. მათი აზრით, დათვლის პროცესში უზუსტობები იყო დაშვებული. რამდენიმე საუბნო კომისიაში დაფიქსირდა პრობლემები შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით. ასევე, დამკვირვებლებმა დააფიქსირეს გარეშე პირების ჩარევის ფაქტები ხმების დათვლისა და შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესში. დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ საოლქო კომისიებში ხმების შეჯამების პროცესი ქაოტურად და ნელა მიმდინარეობდა. ბევრი საუბნო კომისიის ოქმი არ შეესაბამებოდა საუბნო კომისიის ოქმებს. საუბნო კომისიების მიერ შედგენილი ოქმები იყო არასრული და რეალურ მონაცემებთან შეუსაბამო. რაც შეეხება საჩივრებს, ეუთოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ საჩივრების რაოდენობა იყო საკმაოდ ცოტა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი საერთოდ არ განხილულა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შედეგების შეჯამების პროცესი იყო კიდევ უფრო ნაკლებად პოზიტიური, ვიდრე კენჭისყრის დღეს ხმის დათვლის პროცესი. ხმის დათვლის პროცესის 23% უნდა შეფასდეს "ცუდად" ან "ძალიან ცუდად". პროცედურების დაცვის კუთხით პროცესის, 17% "ძალიან ცუდადაა" შეფასებული. ხმის დათვლის დროს დაშვებული იყო პროცედურული უზუსტობები და ადგილი ჰქონდა კომისიის წევრთა დაუდევრობას. საუბნო კომისიების დიდ ნაწილში არ დაიწერა საჩივრები. რამდენიმე საუბნო კომისიაში არ დაიცვეს ყუთის გახსნისას საჭირო პროცედურები. უბნების დიდ ნაწილში არ იყო შეყვანილი ამომრჩევლების სწორი რაოდენობა და ასევე, არ იყო დაფიქსირებული გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობა. აღნიშნულია, რომ ბათუმის მე-11, ლენტეხის პირველი და დმანისის 30-ე უბნებში სააკაშვილის მაჩვენებლები მომატებული იყო. ისევე როგორც პირველად დასკვნაში, საბოლოო დოკუმენტშიც აღნიშნულია, რომ 5 იანვრის არჩევნები ყველაზე კონკურენტუნარიანი იყო დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარებული არჩევნების ისტორიაში. დოკუმენტში საკმაოდ დეტალურადაა განხილული ის პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც წინ უძღოდა საპრეზიდენტო არჩევნებს და რამაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოიწვია. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები ამომრჩევლების დაშინებისა და მათზე ზეწოლის თვალსაზრისით. აქცენტი გაკეთებულია იმ არათანაბარ პირობებზე, რომლებშიც საპრეზიდენტო კანდიდატები წინასაარჩევნო პერიოდში იმყოფებოდნენ. მაგალითად მოყვანილია ყბადაღებული ვაუჩერების თემა, რომელიც ეუთოს მისიის შეფასებით ერთ-ერთი კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის კამპანიას საეჭვოდ დაემთხვა. წინასაარჩევნო კამპანიის მიმოხილვის დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი მედიასაც აქვს დათმობილი. აღნიშნულია, რომ ტელევიზიებში ფასიანი სარეკლამო დრო მნიშვნელოვნად ძვირი იყო და ზოგიერთი კანდიდატისათვის ის ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა. რაც შეეხება ბეჭდვით მედიას, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაზეთებმა უზრუნველყვეს ამომრჩევლისათვის მრავალფეროვანი აზრის მიწოდება, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში სააკაშვილი, სხვა კანდიდატებისაგან განსხვავებით, ყველაზე მეტად იყო გაკრიტიკებული. რაც შეეხება რეკომენდაციებს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების დახვეწის თვალსაზრისით მუშაობა უნდა გააგრძელოს. გარდა ამისა, ცესკომ ზედმიწევნით უნდა დაიცვას კანონი და ყველა აქტი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ეუთო ცესკოს მიუკერძოებლობას ურჩევს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აუცილებელია საუბნო კომისიების წევრების უკეთ მომზადება შემდეგი არჩევნებისათვის. გარდა ამისა, აუცილებელია რეფორმების გატარება საარჩევნო კომისიებში, განსაკუთრებით კი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ეუთოს საბოლოო დასკვნის საფუძველზე ოპოზიცია ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ოპოზიცია აპელირებს იმაზე, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნაში ხმების დათვლის პროცესი 23%-ის შემთხვევაში შეფასებულია როგორც "ცუდი" და "ძალიან ცუდი". 35%-ის შემთხვევაში კი, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ხმების დათვლა არასწორად განხორციელდა. "ასეთი დასკვნა ეუთო-ს არ გაუკეთებია არც რუსეთთან და არც სომხეთთან მიმართებაში. უბნების 1-3-ზე მეტში ხმების დათვლა დადგენილი წესით არ მოხდა. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამიტომ მოვითხოვთ ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში", - განაცხადა დავითაშვილმა. მიუხედავად მკაცრი დასკვნისა, ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეუთოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნები დადებითადაა შეფასებული. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის თქმით, ეუთოს საბოლოო დასკვნა არ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულობას. სპიკერი აღნიშნავს, რომ დასკვნაში გარკვეული შენიშვნები არის, მაგრამ საბოლოო ჯამში, საპრეზიდენტო არჩევნები დადებითადაა შეფასებული.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |