|
|
"რეზონანსი "
"თბილისის ჰამქრის" აქცია
(ინტერპრესნიუსი) თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება "თბილისის ჰამქრის" წარმომადგენლებმა მერიის ძველ შენობასთან სასტუმროს მშენებლობისთვის მეტეხის პლატოს კლდის დანგრევა გააპროტესტეს. როგორც აქციაზე ჰამქრის უსტაბაშმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, მისთვის სულ ერთია, ვინ ააშენებს სასტუმროს, მთავარია, დედაქალაქის ისტორიული მემკვიდრეობა არ განადგურდეს. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ სასტუმროს მეტეხის პლატოზე შავი სამყაროს წარმომადგენელი ტარიელ ონიანი აშენებს. ელისაშვილის თქმით, აქციის გამართვამდე ცოტა ხნით ადრე მას ტელეფონზე დაუკავშირდნენ და მოუწოდეს, აქცია არ გამართულიყო, თუ არადა, შესაძლოა, ვინმე დაღუპულიყო: "სატელეფონო საუბრისას მითხრეს, ისეთ ხალხს დაეჯახე, რომ ფრთხილად იყავი, ვინმე არ დაიღუპოს ჩვენს შორის." აქციის მიმდინარეობისას, თავად ის ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც ელისაშვილთან დარეკა. იგი ომარ მელქაძე აღმოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთში მოღვაწე ბესარიან ხვანცელიანის წარმომადგენელია, რომელიც მეტეხის პლატოზე სასტუმროს აშენებს და მშენებლობა ტარიელ ონიანს არ უკავშირდება. ომარ მელქაძემ უარყო ელისაშვილის განცხადება, რომ ტელეფონით დაემუქრა. ცხარე პოლემიკის დროს ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე კითხვა დაუსვა ომარ მელქაძეს. ერთ-ერთი მათგანი კლდის ჩამონგრევას ეხებოდა. აღნიშნულ კითხვას ომარ მელქაძემ პასუხი არ გასცა და თავისუფლების მოედნის ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. აქციაზე მსახიობი გივი სიხარულიძეც გამოჩნდა, რომელმაც "თბილისის ჰამქრელებს" მოუწოდა, აღნიშნულ საკითხზე ზედმეტი ხმაური არ გამოეწვიათ და პრობლემა მშვიდობით მოგვარებულიყო. "ჰამქრელებს" სოლიდარობა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს. მათ აქციაზე განაცხადეს, რომ თბილისი და ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობა ხელშეუხებელი უნდა იყოს და კერძო ინტერესებს დედაქალაქის ისტორიული იერ-სახე არ უნდა შეეწიროს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |