"რეზონანსი "
# 61
ხუთშაბათი, 6 მარტი, 2008 წელი

დიზელისა და სასუქის გაძვირება 15 მარტიდან დაიწყება: როგორც კი გლეხებს "საჩუქრებს" ჩამოურიგებენ, საცალო ქსელში ფასები მოიმატებს

მაკა ხარაზიშვილი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო 15 მარტიდან რეგიონებში უფასო დიზელსა და სასუქს დაარიგებს. ექსპერტები, ამ ღონისძიების განხორციელების შემდეგ დიზელის საწვავის გაძვირებას ვარაუდობენ, ვინაიდან არსებობს ინფორმაცია, რომ დიზელის იმპორტიორებს მთავრობამ გლეხებისთვის განკუთვნილი საჩუქარი "შეაწერა".

იმპორტიორები ზარალის ანაზღაურებას საწვავის გაძვირებით შეეცდებიან. არსებობს მეორე მოსაზრება, რომ მთავრობა, მოსახლეობის განაწყენებას მოერიდება და დიზელის იმპორტიორებს პროდუქციის გაძვირებას აუკრძალავს.

მსგავსი პრაქტიკა ხორბლის მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან დაკავშირებით უკვე არსებობს. "რეზონანსის" ინფორმაციით, მთავრობის განკარგულებით, ზოგიერთ ბიზნესმენს მოსახლეობისთვის გადასაცემი ფქვილი ყოველგვარი საფასურის გარეშე ჩამოართვეს, თუმცა მათ სახელმწიფოსაგან მორიგი რეკეტის განხორციელების შიშით ხმაც ვერ ამოიღეს.

ოფიციალურად კი, დიზელისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 29 მილიონ ლარს დახარჯავს. სულ 2008 წლის უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტში სამინისტროსთვის 77 106 000 ლარია განსაზღვრული.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, სატენდერო პროცედურები მინიმუმამდეა დაყვანილი და საწვავის დარიგება 15 მარტიდან უკვე შესაძლებელი იქნება. მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსახლეობას დაურიგდება ტალონები და მათ საწვავის მიღება უახლოეს ბენზინგასამართ სადგურებზე შეეძლებათ.

ცისკარიშვილის განცხადებით, სასუქისა და დიზელის საწვავის დარიგება ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას უკავშირდება და 15 მარტამდე სწორედ ეს პროცედურები დამთავრდება. დიზელის საწვავის დარიგება მთავრობის 50-დღიან პროგრამაშია დაფიქსირებული. თითოეულ ოჯახზე 20 ლიტრი საწვავის გაცემა იგეგმება.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შეიქმნება არაფორმალური სახელმწიფო საბჭო, რომელიც რეგიონებსა და სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესებს გააკონტროლებს. სააკაშვილის თქმით, საქართველოს წინაშე მრავალი პრობლემა დგას - დაწყებული ტერიტორიული მთლიანობით და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასის მომატებით. ამიტომ, სოფლის მეურნეობის სფერო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, თავად აწარმოოს პირველადი მოხმარების პროდუქტები, გაიტანოს საექსპორტოდ და შემოსავალი მიიღოს.

ექსპერტების განცხადებით, ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებისთვის მარტო დიზელის საწვავისა და სასუქის დარიგება არ კმარა. მეწარმეობას ხელის ლიბერალურმა კანონმდებლობამ უნდა შეუწყოს. მაშინ როდესაც, ქვეყანის საკანონმდებლო სისტემა იმპორტს სასათბურე პირობებს უქმნის, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესს მსხვილ ბიზნესთან ათანაბრებს, ამ პირობებში მეწარმეობის განვითარება საკმაოდ რთული იქნება. გარდა ამისა, როდესაც საუბარია, რომ მთავრობა გლეხებს საჩუქარს ბიზნესმენების სხარჯზე ურიგებს, გამოდის რომ იგი ერთი დარგის განვითარებას ხელს უწყობს, ხოლო მეორე დარგს ანგრევს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლის განვითარებას სოფლად დამატებითი ტექნიკის შეღვანით აპირებს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალეკო ცინცაძემ განაცხადა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, შარშან შემოყვანილი ტრაქტორები სოფლების ამხანაგობებს გადაეცათ და სერვის-ცენტრები შეიქმნა.

"მარტო ოთხი ბორბლით სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება, ამიტომ სამინისტრო და ხელისუფლება უახლოეს პერიოდში დამხმარე ტექნიკასაც შემოიტანს პნევმატური სათესების, კულტივატორების, გუთნების და მზესუმზირის ასაღები კომბაინების სახით, რაც სერვის-ცენტრით მოსარგებლე გლეხებს მოსავლის მოყვანას გაუადვილებს", - განაცხადა ალეკო ცინცაძემ.

მისივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უახლოეს პერიოდში სპეციალური პროგრამის განვითარებას დაიწყებს, რომლის საშუალებითაც სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშესაწყობად გარკვეული პირობებით საწვავი, შხამ-ქიმიკატები და სასუქის შემოტანა იგეგმება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com