"რეზონანსი "
# 61
ხუთშაბათი, 6 მარტი, 2008 წელი

ისინი ისტორიის ღირსეული ნაწილი არიან

ქეთევან ახობაძე

გალერეა "ვერნისაჟში" ნიკოლოზ აბესაძე-დუბლიანსკის გამოფენა გაიხსნა. როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ეს მხატვრის პირველი პერსონალურია და ისიც, მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ.

არიან ადამიანები, ვისი სახელებიც, შესაძლებელია, ისტორიაში ღრმა კვალს ვერ ტოვებენ, მაგრამ ამ ისტორიის ღირსეული ნაწილი არიან. ნიკოლოზ (კოლია) აბესაძე-დუბლიანსკი სწორედ ასეთთა რიცხვს განეკუთვნება. მართალია, მისი ბიოგრაფია ღირსშესანიშნაობებით არ გამოირჩევა, მაგრამ ქართველი მხატვრების 40-იანელთა თაობისგან განუყრელია.

ნიკოლოზ აბესაძე-დუბლიანსკი 1915 წლის 20 სექტემბერს, ქუთაისში პედაგოგისა და იურისტის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, არქიტექტურის განხრით. 1938 წელს სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში დაიწყო, მაგრამ მალე მოუწია მისი მიტოვება და ქუთაისში დაბრუნდა. 1944 წელს, კვლავ აკადემიის სტუდენტი ხდება, რომელსაც 1947 წელს, როგორც ფერმწერი ამთავრებს და იქვე, არქიტექტურის ფაკულტეტზე იწყებს მუშაობას. შემდეგ მუშაობას საქპროექტმშენში აგრძელებს. მუდმივ ძიებაშიმყოფი ნიკოლოზ აბესაძე (როგორც მაშინ მას იცნობდნენ), 1950-1952 წლებში, დახელოვნების კურსს მოსკოვის არქტიტექტურულ ინსტიტუტში გადის. მიღებული აქვს მედალი კავკასიის დაცვისათვის.

ნიკოლოზ აბესაძე-დუბლიანსკი, წლების განმავლობაში თავისებურად ეხმარებოდა უჩა ჯაფარიძის შემოქმედებით სახელოსნოში მყოფ ახალგაზრდებს.

ამ, ჩუმ, თითქოს გულჩათხრობილ, თავის თავში ჩაკეტილ ადამიანს საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა; ფანტასტიკურად გრძნობდა მუსიკას, უკრავდა და მღეროდა; ძალიან უყვარდა თეატრი და საქმე, რასაც ერთგულად ემსახურებოდა. როგორც ნიკოლოზ აბესაძე-დუბლიანსკის ვაჟიშვილი და ნაცნობები იხსნებენ, მას უჭირდა ემოციების გამოვლენა, გარესამყაროს მიმართ დამოკიდებულების ღიად ჩვენება, მაგრამ ცდილობდა, დახვეწილი იუმორით და ნახატებით, სულ პატარა ესკიზებით ეთქვა თავისი ემოციების, გრძნობების შესახებ.

მას ძალიან რთულ პერიოდში მოუწია ცხოვრება. ომისშემდგომი ქართული სახვითი ხელოვნების განვითარება დაემთხვა საბჭოთა კავშირის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-კულტურული ცხოვრების მძიმე ეტაპებს. ჩვენ ხშირად ვერიდებით იმაზე საუბარს, რომ ამ პერიოდში, სახვით ხელოვნებაში ხშირად იქმნებოდა ბელადის პორტრეტები, რაც თითქმის ყველა მხატვრის შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევს. ამ ეპოქალური დაკვეთისგან თავისუფალი არც პოლონურ-ქართული ღრმა ფესვებისმქონე ნიკოლოზ აბესაძე-დუბლიანსკი იყო. მაგრამ ასეთი ფონის მიუხედავად, მან შექმნა მისთვის საყვარელი საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟების სერია - "ერთაწმინდა", "თამარის ციხე", "იმერეთის პეიზაჟი", როგორც ტუშში, ასევე აკვარელის ტექნიკით. ხატავდა სახასიათო პორტრეტებს, ავტოპორტრეტების სერიებს, მეგობრებისა და მეუღლის - ლილი ლაშხის პორტრეტებს.

40-50-იან წლებში არსებობდა მოვლენების ცივი, რეალისტური ფიქსირების ტენდენცია, მოთხოვნა პოლიტიკურ თემატიკაზე, მაგრამ მკაცრი მოთხოვნების მიუხედავად, რაც ხელს უშლიდა პროგრესული პროცესების მსვლელობას, იწყება წმინდა შემოქმედებითი ძიებებით და სითამამით დატვირთული, აღბეჭილი ნამუშევრები. ამ პერიოდის მხატვრების შემოქმედებაში კარგად გამოჩნდა დაზგური ტენდენციები.

მოვლენების კონკრეტულობა და არა განზოგადებულობა, პეიზაჟის გარემოცვაში მოქცეული ფიგურათა ჯგუფები და დეკორატიული ერთიანობა უდევს საფუძვლად ნიკოლოზ აბესაძე-დუბლიანსკის ნამუშევრებს. "ხონის ბაზარის" სიუჟეტი კონკრეტული სიტუაციისა და პერსონაჟთა ინდივიდუალური დახასიათებით გამოირჩევა. მხატვარი, როგორც სხვა დროს, ამ პერიოდშიც, ჩამოყალიბებული შემოქმედი, კონკრეტული სიტუციიდან გამოდის და ადამიანთა ხასიათებს ქმნის. "ქურთების ცეკვაში" კომპოზიციის დინამიკურ რიტმს ფიგურათა პოზებისა და ჟესტების მრავალფეროვნება ქმნის.

ომის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე ახალი ქალაქების მშენებლობის, ძველის აღდგენის, საგზაო მაგისტრალების გაყვანის, ხიდების აგების და ა.შ. პროცესები თემატურ ნამუშევრებსა და გამოფენებზე აისახება, მაგრამ ნიკოლოზ აბესაძე-დუბლიანსკი ზოგჯერ მაინც ახერხებს ამ მოთხოვნების ჩარჩოებიდან გამოსვლას და ქმნის "თარხან-მოურავის სასახლის" ოფორტებს, "ერთაწმინდას" სერიებს, სხვადასხვა დროსა და მასალაში, "ბახტრიონის ომის" ესკიზებს. საინტერესოა მის მიერ ზოოპარკში გაკეთებული ფრინველებისა და ცხოველების; ქართული კოსტუმების ჩანახატები. მისი ნამუშევრების თემატიკა მრავალფეროვანია.

ფერმწერს არქიტექტორის პროფესიაც ეხმარება და ნიკოლოზ აბესაძე-დუბლიანსკი გაფორმებით სამუშაოებსაც ასრულებს.

პერიოდმა, როდესაც იგი მოღვაწეობდა, თავისი დაღი დაასვა ქართველ მხატვართა ნამუშევრებს, მაგრამ სირთულეების მიუხედავად, ქართველი ოსტატების სახელოსნოებში რეალისტური მხატვრობის გვერდით ახალი შემოქმედებითი ტენდენციები ვითარდებოდა და ყოველივე ამან ხელი შეუწყო 50-იან წლებში, ქართულ სახვით ხელოვნებაში მოსული ნიჭიერი ახალგაზრდების ახალი ტალღის შემოქმედებით განვითარებას.

ამ პროცესებში თავისი მოკრძალებული წვლილი ნიკოლოზ აბესაძე-დუბლიანსკიმაც ჩადო, რომელიც 1989 წლის ნოემბრიდან საბურთალოს პანთეონში განისვენებს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com