"რეზონანსი "
# 62
პარასკევი, 7 მარტი, 2008 წელი

საბანკო კრედიტებზე მაღალი პროცენტები ინფლაციის ბრალია: ქვეყანაში ბანკებს შორის კონკურენტული გარემო ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული

მაკა ხარაზიშვილი

მთავრობაში კვირაში ერთხელ ეკონომიკურ წინსვლას ზეიმობენ. სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში კი საბანკო კრედიტებზე საკმაოდ მაღალი პროცენტებია. სოფლის მეურნეობის, საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის კრედიტებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. არის მოსაზრება, რომ საბანკო სექტორში კონკურენცია ჯერ კიდევ დაბალია, ამიტომ ბანკები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს ინარჩუნებენ.

ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია საქართველოში საბანკო კრედიტებზე მაღალი პროცენტის არსებობას, ძირითადად, ორ მიზეზს უკავშირებს. მისი აზრით, ერთი მხრივ ეს განპირობებულია ფასების ზრდითა და ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით. მეორე მხრივ კი, ქვეყანაში ბანკებს შორის კონკურენტული გარემო ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული.

"ბანკებს თუკი ინფლაციის მაჩვენებელზე უფრო მაღალი განაკვეთი არ ექნებათ, ისინი იზარალებენ. მაღალი პროცენტის არსებობის მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ბანკებს შორის სრულყოფილი კონკურენცია ჯერ კიდევ არ არის", - აღნიშნა დავით ნარმანიამ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი სტაბილური იქნება და ბანკებს შორის კონკურენცია გაიზრდება, ბანკები იძულებულნი გახდებიან, საპროცენტო განაკვეთი დაწიონ, რომ ამით სხვა ბანკებს კონკურენცია გაუწიონ.

არსებობს მოსაზრება, რომ ბანკები ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე მაღალ პროცენტს ხელოვნურად ინარჩუნებენ. საბანკო ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, კრედიტებზე მაღალი პროცენტის არსებობა ობიექტური მიზეზით არის გამოწვეული.

"მართალია, საბანკო კრედიტებზე ჯერ კიდევ რჩება მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მაგრამ მოსაზრება, თითქოს ბანკები კრედიტს ხელოვნურად აძვირებდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის ნათელ დადასტურებად შეიძლება გამოდგეს წმინდა საპროცენტო მარჟა, ანუ საპროცენტო შემოსავლებისა და ხარჯების თანაფარდობა საშუალო წლიურ აქტივებთან, რომელიც წამყვან ქართულ ბანკებში 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არათუ გაიზარდა, არამედ, საშუალოდ, ერთ პროცენტზე მეტით შემცირდა კიდეც", - ამბობს გიორგი ცუცქირიძე.

მისი თქმით, საბანკო კრედიტის ფასზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. უმთავრესი ფაქტორი კი ქვეყანაში ფინანსური რესურსების სიმცირეა. საბანკო კრედიტზე მოთხოვნა გაცილებით დიდია, რაც მეორეს, მხრივ, ეკონომიკის მზარდ ხასიათზეც მიუთითებს.

"ინვესტიციები ქვეყანაში შემოდის, მათ შორის, საბანკო სექტორში, მაგრამ მათი ზემოქმედება საბანკო კრედიტზე მაშინ აისახება, როდესაც მოხდება ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტება უფრო დიდი მოცულობით. ბანკების მიერ გარედან მოზიდული რესურსები მოკლევადიანია, როგორც ვადიანი ანაბრების, ასევე მოთხოვნამდე დეპოზიტების მიხედვით. ამ დროს კი შეიმჩნევა მზარდი მოთხოვნა გრძელვადიან საბანკო კრედიტზე, ანუ დარღვეულია ვადიანობის სპრედი", - ამბობს ცუცქირიძე.

მისივე განცხადებით, არსებობს სხვა ფაქტორებიც. კერძოდ, ეროვნული ბანკი მსოფლიოში მიმდინარე ინფლაციური პროცესების ფონზე მიმართავს ანტიინფლაციურ ღონისძიებებს, რომლებიც გარკვეულწილად საბანკო კრედიტის გაძვირებას უკავშირდება. ხოლო წმინდა საპროცენტო მარჟის შემცირება სწორედ საბანკო დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდის შედეგია; ანუ თუ იზრდება კრედიტზე ფასი, ფასი იზრდება მოზიდულ სახსრებზეც.

"საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო პერიოდში წარმოქმნილმა კრიზისებმა და ინფლაციურმა ტალღამ ცენტრალური ბანკების მხრიდან სააღრიცხვო განაკვეთების აწევის პარალელურად, საბანკო კრედიტი, პრაქტიკულად, ყველგან გააძვირა, რასაც კიდევ ერთი ფაქტორი ემატება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო კვლავ რჩება მაღალი რისკების ზონაში, რაც უშუალოდ ზემოქმედებს უცხოურ კრედიტორებზე საერთაშორისო რესურსებზე ჩვენი ბანკებისათვის შედარებით მაღალი ფასის დადგენისას", - ამბობს ცუცქირიძე.

რეზონანსი: რამდენად კონკურენტულია საბანკო სფერო.

გ.ც: ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები არის შედეგი არასაკმარისი საბანკო კონკურენციისა. ამ თვალსაზრისში არის სიმართლის ნაწილი, მაგრამ გაცილებით მთავარი საბანკო მომსახურების ბაზრის სიმცირეა, რაც გაცილებით დიდი ეკონომიკის პირობებშია შესაძლებელი და არ არის პირდაპირ დამოკიდებული მოსახლეობის რაოდენობაზე. ეს გასაგები რომ გახდეს, ვიტყვი, რომ მოსახლეობის რაოდენობით უკრაინა პოლონეთს არაფრით ჩამოუვარდება, სამაგიეროდ პოლონეთის ეკონომიკა უკრაინისაზე რამდენჯერმე მეტია.

საბანკო სფეროს კონკურენტულობის მაჩვენებელიც ამაზეა დამოკიდებული. ახალი უცხოური ბანკების ბაზარზე შემოსვლა კონკურენტულობის კოეფიციენტს აუცილებლად გაზრდის, რაც ბანკებს ერთი მხრივ, საბანკო კაპიტალის კიდევ უფრო გაზრდის წინაშე დააყენებს და მეორე მხრივ, ისინი იძულებული გახდებიან, უფრო აქტიურად მოიძიონ გარედან შედარებით იაფი და გრძელვადიანი ფინანსური რესურსები, მათ შორის საკუთარი ვალდებულებების გამოშვების გზით.

საბანკო კრდიტიც ამ შემთხვევაში დაიწევს უცხოური ინვესტიციების შემოდინებისა და ეკონომიკის რეალური სექტორის, თუნდაც სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი, მრეწველობისა თუ ტურიზმის განვითარების ჭრილში. სამწუხაროდ, საბანკო კონკურენცია ახალი მსხვილი მოთამაშეების შემოსვლის პირობებში შედარებით მცირე კაპიტალისა და შესაძლებლობების ბანკებს ან დახურვისკენ, ან არასაბანკო დაწესებულებებად გარდაქმნისკენაც უბიძგებს ხოლმე.

საბანკო კრედიტები განსაკუთრებით მიუწვდომელია სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის. აგრარულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები იმდენად მაღალია, რომ გლეხს მოწეული მოსავლით მარტო პროცენტების გადახდაც კი უჭირს. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აგრარულ კრედიტებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთების დაწესებაა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com