"რეზონანსი "
# 62
პარასკევი, 7 მარტი, 2008 წელი

საბერძნეთის მთავრობამ ბავშვთა სახლების აღსაზრდელები კომპიუტერებით დაასაჩუქრა

ია აბულაშვილი

გუშინ საბერძნეთის საელჩოში საქართველოს ბავშვთა სახლების დირექტორებს ბავშვთა სახლებისათვის საჩუქრად 6 ლეპტოპის კომპიუტერი გადაეცათ. ეს საჩუქარი არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი პროექტისა, სახელწოდებით "თრეფიქინგის აღსაკვეთად თბილისის ბავშვთა სახლებში მონაცემთა ბაზის შექმნა", რომელიც დაფინანსებულია საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდის "ჰელენიკ აიდის" მიერ.

პროექტს ახორციელებს ბერძნული არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალურად დაუცველ და ცუდი მოპყრობის მსხვერპლთა კვლევისა და დახმარების ცენტრი", ქართულ არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრთან" თანამშრომლობით.

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს მიუსაფარ ბავშვთა უფლებების დაცვა და მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც დარეგისტრირებული იქნება ყველა ბავშვი, რომლებიც ამგვარ სახლებში ცხოვრობენ. სწორედ ამ მიზნით გადაეცათ ლეპტოპის კომპიუტერები ბავშვთა სახლებს.

როგორც საბერძნეთის საელჩოში შეკრებილ ბავშვთა სახლების დირექტორებს და ჟურნალისტებს საბერძნეთის ელჩმა საქართველოში გეორგიოს ხაძიმიხელაკისმა განუცხადა, ეს აქცია არის კიდევ ერთი რგოლი იმ პროექტების ჯაჭვში, რომელსაც აფინანსებს საბერძნეთის მთავრობა და რაც უწინარეს ყოვლისა ხელს უწყობს საქართველოსა და საბერძნეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესებას და ქმნის პოზიტიურ გარემოს, "ჰელინიკ აიდის" მიერ ახალი პროექტების დასაფინანსებლად.

"ეს საჩუქარი აღნიშნავს საბერძნეთის მთავრობის ინტერესსა და დახმარებას საქართველოს მეგობრული მოსახლეობის მიმართ", - განაცხადა საბერძნეთის ელჩმა გეორგიოს ხაძიმიხელაკისმა და აღნიშნა ამ პროექტის მნიშვნელობა რეგიონისათვის და ხაზი გაუსვა მის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს სხვა პროექტების წარმატებით განხორციელებას, რომლებიც დაფინანსებულია "ჰელიენიკ აიდის" მიერ.

ბავშვთა სახლების დირექტორებისათვის კომპიუტერების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს, ასევე მასმედიის წარმომადგენლები.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com