|
|
"რეზონანსი "
თხოვნა საქართველოს პრეზიდენტს ბ-ნ მიხეილ სააკაშვილს
1989 წელს ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციის, მით უმეტეს სოციალური დახმარების კომპლექსის შექმნა სერიოზული ნოვაცია იყო. იმ დროიდან მოყოლებული, "კათარზისი" სოციალურად დაუცველი ფენებისათვის (ხანდაზმულები, ინვალიდები, დევნილები და ა.შ.) უაღრესად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით საზოგადოების ამ ნაწილის მოთხოვნები, ვიცნობთ მათ ყოფა-ცხოვრებას და საჭიროებებს, რაცშესაძლებელს ხდის, გამოვავლინოთ დროის არსებული პერიოდისათვის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და, ხშირ შემთხვევაში, გადაუდებელი პრობლემები. ეს კი, თავის მხრივ, "კათარზისის" ახალი ინიციატივების საფუძველი ხდება. ჩვენს ქვეყანაში დღეს 5800-ზე მეტი ადამიანია, რომელსაც მხოლოდ ეტლის დახმარებით შეუძლია გადაადგილება. მათ შორის თითქმის თანაბრად არიან ახალგაზრდები და ხანდაზმულები. ამ ადამიანებს, მიუხედავად ასაკისა და მატერიალური მდგომარეობისა, მთელი თავისი ყოფის გატარება დახურულ სივრცეში, უმთავრესად საკუთარი სახლის კედლებში უწევთ, რადგან მათთვის არც დასასვენებელ - გამაჯანსაღებელი კომპლექსებია და არც სპორტული თუ გასართობი დაწესებულებები, მეტიც, ჩვენი ყველაზე კეთილმოწყობილი ქალაქები და უბნებიც კი ამ ადამიანების მისაღებად მზად არ არიან. ასე მომწიფდა იდეა სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტიპის პანსიონატების შექმნის შესახებ საქართველოს ორ საკურორტო ზონაში. ეს იქნება ეტლით მოსარგებლე ადამიანების ყოველმხრივ საჭიროებაზე მორგებული კომპლექსები ზღვასთან (შეკვეთილი) და მთაში (გუდაური), საქართველოს თვალწარმტაც ადგილებში, სადაც რეაბილიტაცია გეოგრაფიული მედიცინით იქნება გაჯერებული. თავისი მოხერხებულობით, კომფორტით და მომსახურებით ისინი დააკმაყოფილებენ ამ მიმართულებით არსებულ სტანდარტებს და ხელმისაწვდომი იქნებიან ადამიანთა ფართო ფენებისათვის, რომელთა შორის იგულისხმებიან ახალგაზრდებიც, უქონელნიც და შეძლებულებიც. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე იქნებ ქვეყნისათვის გამართლებული ყოფილიყო ზემოაღნიშნული კომპლექსებისათვის აუცილებელი მიწის ნაკვეთების უსასყიდლო გამოყოფა. ეს შეუქცევადს გახდიდა ამგვარი კომპლექსების შექმნას, მეტიც: 18 თვეში ისინი უკვე მიიღებდნენ პირველ დამსვენებლებს. სამართლებრივი ან იურიდიული მექანიზმები, რომლითაც მიწის ნაკვეთების უსასყიდლოდ გამოყოფა იქნებოდა შესაძლებელი, არ არსებობს. ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტის კეთილ ნებას. ჩვენი თხოვნაც ამითაა განპირობებული. წერილს თან ახლავს 3531 ინვალიდის, ხანდაზმულისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქის ხელმოწერა:
ზაურ ალადაშვილი (ლაზარე) ასოციაცია "კათარზისის" პრეზიდენტი
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |