"რეზონანსი "
# 62
პარასკევი, 7 მარტი, 2008 წელი

პოპოვი: სანაკოევის ჩართვას ცხინვალის გამოთიშვა მოჰყვება

(პირველი) ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში დიმიტრი სანაკოევის ჩართვას არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლების ავტომატური გამოთიშვა მოჰყვება. ამის შესახებ ჟურნალისტებს შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარემ რუსული მხრიდან იური პოპოვმა განუცხადა.

"ქართული მხარის მიერ მოლაპარაკებეში სანაკოევის ჩართვის მოთხოვნის დაყენება ახალი არ არის, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ მოთხოვნას სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები კატეგორიულად არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შსკ-ს ფორმატს ავრომატიურად დატოვებენ," - განაცხადა პოპოვმა, რომელიც პარასკევს შსკ-ის თანათავმჯდომარეს ოსური მხრიდან ბორის ჩოჩიევს შეხვდება, თუმცა მასთან სანაკოევის საკითხის განხილვას არ აპირებს და განმარტავს, რომ "ვინმეს რომ რამე დააჯერო, ჯერ თავად უნდა გჯეროდეს."

"ქართული მხარის მიერ შემოთავაზებული ფორმატი 2%2%2, ჩემი აზრით, ნაადრევია, რადგან შსკ-ის ფორმატში მოლაპარაკებებს საკუთარი თავი ჯერ არ ამოუწურავს და მჯერა, რომ მხარეებს შედეგის მიღწევა შეუძლიათ," - აღნიშნა პოპოვმა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com