"რეზონანსი "
# 62
პარასკევი, 7 მარტი, 2008 წელი

კოლესნიკოვი უარყოფს, რომ დუმაში აფხაზების მთავარი ლობისტია

(ინტერპრესნიუსი) რუსეთის სახელმწიფო სათათბირო 13 მარტისთვის დაგეგმილ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის საკითხების განხილვის შედეგად, აღმასრულებელ ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ამ რეგიონების "ჰარმონიული განვითარებისათვის ხელშეწყობის რეკომენდაციას" მისცემს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფედერაციის ექსგენპროკურორმა, გუდაუთაში დაბადებულმა და სოხუმის ხელისუფელბასთან დაახლოებულმა ვლადიმირ კოლესნიკოვმა განუცხადა.

კოლესნიკოვმა "ინტერპრესნიუსთან" არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებელი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არაღიარებული რესპუბლიკების შესახებ სათათბიროს მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის შესამუშავებელ რეკომენდაციებზე სათათბიროს დსთ-ს კომიტეტი მუშაობს და იგი ამ საკითხებზე ყველა ინფორმაციას არ ფლობს, მან იცის, რომ ამ რეგიონებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია "საერთაშორისო სამართლის, რუსეთის კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე აქტების გარდა, გულწრფელ და წესიერ მიდგომებს დაეფუძნება."

კოლესნიკოვი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის დღევანდელ სათათბიროში იგი აფხაზეთის ლობისტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს. ხოლო რაც შეეხება არაღიარებული რესპუბლიკების შესახებ სათათბიროში 14 მარტისათვის დაგეგმილ განხილვას, კოლესნიკოვმა აღნიშნა, "ყველა ერს აქვს ჰარმონიულად განვითარებისა და ღმერთის მიერ ბოძებული სიცოცხლის საშუალება. ჩემი ვალია საკანონმდებლო დონეზე ხელი შეუწყო ამ რეგინებთან დაკავშირებით სათათბიროში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთის მხრივ რეალურად ასახავს არსებულ ვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ პოზიტიურად შეუწყობს ხელს მათ ჰარმონიულად განვითარებას." მისივე მტკიცებით, დეპუტატ კოლესნიკოვისათვის სულერთი არ არის არა მარტო აფხაზების, "არამედ ქართველების, მეგრელების, კახელებისა და სვანების ბედი," ამიტომაც მას ძალიან უნდა საქართველოს ხელისუფლებაში იხილოს ისეთი პიროვნება, რომელთანაც მოსკოვს საერთო ენის გამოძებნა არ გაუჭირდება და ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები მოგვარდება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com