"რეზონანსი "
# 63
ორშაბათი, 10 მარტი, 2008 წელი

პოლიტიკოსთა გათვლები და საზოგადოებრივი დაკვეთა

ვახტანგ ძაბირაძე

საპარლამენტო არჩევნების ციებ-ცხელება დაიწყო - სასწრაფოდ ყალიბდება ახალ-ახალი პარტიები, რესპუბლიკელებმა დატოვეს ეროვნული საბჭო და არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებენ მონაწილეობას, მაჟორიტარებმა, როგორც იქნა, დუმილის აღთქმა დაარღვიეს, მივიწყებული ამომრჩეველი გაიხსენეს და მათი ინტერესების, და არა ხელისუფლების, როგორც ავი ენები ამბობენ, დაცვას შეუდგნენ და ყველაფერი ეს თურმე იმიტომ ხდება, რომ ასეთია საზოგადოების დაკვეთა!

მართალია, საზოგადოება სრულიადაც არაა ერთგვაროვანი, მაგრამ არც იმდენად გათვითცნობიერებულია პარტიულ და პოლიტიკურ ნიუანსებში, რომ არსებული კრიზისიდან ერთხელ და სამუდამოდ თავის დაღწევაზე ფიქრობდეს. ამიტომაა, საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა შეგნებული ცხოვრების ოცი წელი ქუჩაში რომ გაატარა და, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს მოუწევს ყოფნა!

განვლილმა საპრეზიდენტო არჩევნებმა კვლავ დაადასტურა, რომ ჩვენი საზოგადოება დიდად არ შეცვლილა (ოპოზიციურმა ელექტორატმა მხარი დაუჭირა ძალას - ეროვნული საბჭო და ქარიზმას - ბ. პატარკაციშვილი) და ვერც შეიცვლებოდა, რადგან ჩვენ ვერა და ვერ დავაღწიეთ თავი ავტორიტარულ რეჟიმს. ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა აქვს, თუ რომელი იდეოლოგია დაედება ავტორიტარიზმს საფუძვლად - კომუნიზმი, ფაშიზმი, ნაციონალიზმი თუ კოსმოპოლიტიზმი - შედეგი ყოველთვის იქნება ერთი - ლიბერალურ ღირებულებათა იგნორირება ან, უკეთეს შემთხვევაში, ამ ღირებულებათა თვითნებური ინტერპრეტირება

ჩვენ მოჯადოებულ წრეში აღმოვჩნდით: საზოგადოების მენტალიტეტი არ იცვლება ან ძალიან ნელა იცვლება იმიტომ, რომ ავტორიტარული რეჟიმი არ იძლევა მისი შეცვლის საშუალებას და ხელისუფლება ავტორიტარულია იმიტომ, რომ თავად საზოგადოების მენტალობაა ავტორიტარული.

ამ მანკიერი წრიდან თავის დაღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ერის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტა არა მარტო აცნობიერებს პრობლემის არსს, არამედ ცდილობს, შესაბამისი მექანიზმები და, რაც მთავარია, ადამიანური რესურსი მოძებნოს მის გადასაჭრელად.

მართალია, გასული წლის შემოდგომაზე აგორებული საპროტესტო ტალღა მინელდა, მაგრამ არ გამქრალა და ნებისმიერ წუთს შესაძლოა, ახალი ძალით იფეთქოს. თუ ეს მოხდა, საეჭვოა, პოლიტიკურმა ოპოზიციამ, რომელიც საპროტესტო ტალღის მართვას ჯერჯერობით ახერხებს, კვლავაც შეძლოს მისი კალაპოტში მოქცევა. გასათვალიწინებელია სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და მათი გავლენა ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე.

ტაქტიკა, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ შეიმუშავა და საპრეზიდენტო არჩევნებში რამდენიმე კანდიდატი წარადგინა, არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, სრულიად გამართლებული იყო და რეალურად შესაბამისი შედეგიც მივიღეთ. ასევე მართებულად მიმაჩნია ოპოზიციის გადაწყვეტილება, როდესაც დასავლეთის მიერ საპრეზიდენტო არჩვვნების შეფასებისას მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პოლიტიკურადვე უპასუხა, სიტუაციის გამწვავებას და დესტაბილიზაციას მოერიდა და ისე, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა არ უცვნია, ბრძოლის სიმძიმე საპარლამენტო არჩევნებზე გადაიტანა.

საპარლამენტო არჩევნები რადიკალურად განსხვავდება საპრეზიდენტო არჩევნებისგან. თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ღირებული იყო ყოველი ხმა, რომელსაც ნებისმიერი ოპოზიციონერი კანდიდატი მ. სააკაშვილს "წაართმევდა", რათა მას 50%-იანი ბარიერი ვერ გადაელახა და მეორე ტური ჩატარებულიყო, პროპორციული საარჩევნო სისტემა მეორე ტურს არ ითვალისწინებს და ბარიერს მიღმა დარჩენილი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები პროპორციულად ნაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც ბარიერი გადალახეს. (ამ მხრივ უაღრესად საყურადღებოა 1995 წლის საპარლამენტო არჩევნები - მაშინ 5%-იანი ბარიერის დაძლევა სამმა სუბიექტმა მოახერხა, რომელთაც ჯამში ხმების 40% მიიღეს, მაგრამ რადგან დანარჩენებმა ბარიერი ვერ გადალახეს, მათ მიერ მიღებული 60% პროპორციულად ამ სამ საარჩევნო სუბიექტზე გადანაწილდა!)

ასეთია წარსულის გამოცდილება. რაც შეეხება საზოგადოებრივ დაკვეთას, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ძალიან ცხადი და ერთმნიშვნელოვანია - ნებისმიერი გზით და საშუალებით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება!

პოლიტიკურმა ოპოზიციამ პროტესტანტულად განწყობილ საზოგადოებას ხელისუფლების შეცვლა საპარლამენტო არჩევნების გზით შესთავაზა და საზოგადოება, საპრეზიდენტო არჩევნებში განცდილი იმედგაცრუების მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ დიდი ხალისით, რადგან იანვრის ყინვაში რესპუბლიკის მოედანზე და იპოდრომზე მისული ხალხი გაცილებით რადიკალური ნაბიჯების გადადგმას მოელოდა და მზად იყო, თავადაც მიეღო მონაწილეობა მის რეალიზებაში, მაინც დათანხმდა, კიდევ ერთხელ სცადოს ბედი.

ოპოზიციამ, შეიძლება ითქვას, კვლავ მიიღო ნდობის მანდატი და ამ ნდობას, ცხადია, გაფრთხილება და გამართლება სჭირდება. მან უნდა შეძლოს საკონსტიტუციო თუ არა, უბრალო უმრავლესობა მაინც მოიპოვოს, რომ პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლოს. ამის მიღწევას, ჩემი ღრმა რწმენით, ოპოზიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ერთიანი, კონცენტრირებული ძალით ("ერთიანი სიით") დაუპირისპირდება ხელისუფლებას.

ძალიან კარგად მესმის, რომ "ერთიანი სია" - კეთილი სურვილების დონეზე და სათქმელად ადვილია, მაგრამ რეალურად უაღრესად რთული და დაძაბული პროცესია, რომელიც უამრავ ფაქტორთან არის დაკავშირებული, როგორც პიროვნული, ისე პარტიული თუ პოლიტიკური შეხედულებების თვალსაზრისით და ეს ფაქტორები გადაულახავ დაბრკოლებად იქცევა, თუ ვერ მოხერხდა სამართლიანი საფუძვლისა და პრინციპების შემუშავება, რომლითაც ერთიანი სიის ფორმირება უნდა მოხდეს.

ქვეყანაში რომ ნორმალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური გარემო იყოს და საქმე მხოლოდ ხელისუფლების კრიზისს ეხებოდეს, მაშინ "ერთიან სიაზე" ლაპარაკი დიდი უმეცრება და სიბრიყვე იქნებოდა, მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენ საქმე სახელმწიფოებრივ კრიზისთან გვაქვს და უფრო დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ, ვიდრე ხელისუფლების მორიგი ცვლილებაა - კერძოდ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, რა იქნება სახელმწიფოს საფუძველი - ავტორიტარიზმი, ძალმომრეობა, პარტიულ-კლანური ბატონობა თუ სამართლიანობა და თავისუფლება ანუ, ზოგადად, ლიბერალური ღირებულებები.

ამ ეტაპზე სწორედ სახელმწიფო მოწყობა (ლიბერალური ღირებულებები) უნდა გახდეს წყალგამყოფი ოპზიციური პოლიტიკური სპექტრისა და არა ის, თუ ვინ მემარჯვენეა, ვინ ცენტრისტი და ვინ მემარცხენე.

თუ ოპოზიციის ამოცანა მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება კი არა, არამედ ქვეყნის მართვის ავტორიტარული რეჟიმიდან - დემოკრატიულ რეჟიმში გადაყვანაა, მაშინ "ერთიანი სიის" ფორმირება არათუ შესაძლებელი, აუცილებელიცაა, რადგან ქვეყანაში დემოკრატიის საფუძველი - პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური - იმდენად სუსტი და მყიფეა, რომ მხოლოდ "იდეურ დემოკრატებს", ანუ იმ ადამიანებს, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ დემოკრატიზაციის აუცილებლობა და თავიანთი ცხოვრების წესით და საქმიანობით დაამტკიცეს ლიბერალური ღირებულებებისადმი ერთგულება, შეუძლიათ ქვეყანა მართვის ავტორიტარული რეჟიმიდან დემოკრატიულზე გადაიყვანონ. თუ გულწრფელნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ამგვარი ადამიანების სიუხვით არათუ ცალკე აღებული რომელიმე პარტია, მთლიანად ჩვენი საზოგადოებაც არ გამოირჩევა. ამიტომ "ერთიანი სიის" დაკომპლექტება მხოლოდ პარტიული ნიშნით და, მით უმეტეს, პარიტეტული პრინციპით, სამართლიანობას რომ თავი დავანებოთ, სრული უაზრობა და აბსურდია, ისევე, როგორც გათვლები იმაზე, რომ მრავალსუბიექტიანი ოპოზიცია უფრო მეტ ხმებს მიიღებს, ვიდრე ნაც.მოძრაობა (ოპოზიცია ჯამურად ხმებს კი მეტს მიიღებს, მაგრამ მანდატებს მიიღებს ნაკლებს და ეს ყველას კარგად მოეხსენება! ასევე, ლაპარაკი ოპოზიციის მჭიდრო კოორდინაციაზე, უკეთეს შემთხვევაში, თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი)!

არც ის უნდა დავივიწყოთ, ხელისუფლებაში მოსვლამდე უკლებლივ ყველა პოლიტიკური ძალა დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას რომ გვპირდებოდა, ხოლო ძალაუფლების მოპოვების შემდეგ ასევე უკლებლივ ყველა კანონებს საკუთარ თავზე ირგებდა და ანტიდემოკრატიულ ქმედებებს მითიური "სახელმწიფო ინტერესებით ამართლებდა. ანდა, ქვეყნისა და ერისათვის რა მნიშვნელობა აქვს ე.წ. "მდუმარე", "უცნობი", პოლიტიკური ინტელექტის არმქონე და მორჩილი ადამიანები, ვისი სიით ან რა წესით მოხვდებიან პარლამენტში. ქვეყანას პოლიტიკური ფიგურებით, და არა პოპულარული შარლატანებით, დაკომპლექტებული პარლამენტი სჭირდება. ამიტომაა საჭირო ერთიანი ფრონტისა და სიის ჩამოყალიბება და არა მგონია, ეს სადავო იყოს. პრობლემა სხვა რამეშია - როგორ შევქმნათ გარანტიები იმისა, რომ გაერთიანებაში შემავალი პოლიტიკური ორგანიზაციები მართლაც ერთგული დარჩნენ ლიბერალური ღირებულებების და რაიმე მოტივით სხვა ბანაკში არ "გადახტნენ" ან როგორ მოხდეს საარჩევნო სიის ფორმირება.

ამ პრობლემებს, და ნაწილობრივ არჩევნების სამართლიანობასაც, უმტკივნეულოდ მოაგვარებდა ის საარჩევნო სისტემა, რომლის შესახებაც ვწერდი სტატიაში "მიუღებელი გამოსავალი",მაგრამ, როგორც ვივარაუდე, ის მართლაც ყველასათვის მიუღებელი აღმოჩნდა, უფრო მეტიც, ხელისუფლება საერთოდ არ აპირებს ამ მიმართულებით რაიმე პოზიტიური ნაბიჯის გადადგმას და ამჯერად მაჟორიტარების მეშვეობით ცდილობს პოზიციური უპირატესობის მოპოვებას, რაც ერთიანი ფრონტის შექმნას კიდევ უფრო აუცილებელს ხდის.

ოპოზიციამ საჯაროდ უნდა განაცხადოს, რომ მომავალი პარლამენტის მთავარი ამოცანა არის ქვეყანაში სამართლიანი და დემოკრატიელი პოლიტიკური გარემოს შექმნა და რომ ამ ამოცანის გადაჭრისთანავე მოიხსნის უფლებამოსილებას და დანიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

ოპოზიციურ სპექტრში ურთიერთნდობის გასამტკიცებლად და დამატებითი გარანტიების შესაქმნელად კი საჭიროა ამთავითვე:

1. შემუშავებულ იქნეს იმ კანონთა ნუსხა (კანონპროექტის სახით თუ არა, კონცეპტუალურ დონეზე მაინც), რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას და მისაღები იქნება მთელი ოპოზიციური სპექტრისათვის (მაგ. საარჩევნო კოდექსი, სასამართლო სისტემისა და ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირება, მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების ფაქტობრივი დამოუკიდებლობა, კანონი მედიის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს მის თავისუფლებას და ხელს შეუწყობს რეალურ "მეოთხე ხელისუფლებად" ჩამოყალიბებას და სხვა).

2. კანონით დადგინდეს იმ თანამდებობების სია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში (მაგ. კონტროლის პალატა, გენერალური პროკურორი, ომბუდსმენი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და სხვა), რომლის პირველ პირსაც ოპოზიცია დანიშნავს. ამასთანავე, კანონით უნდა განისაზღვროს, პარლამენტში მრავალპარტიული ოპოზიციური სპექტრის შემთხვევაში, როგორ მოხდება მისი იერარქია და ვის რა უფლება ექნება.

3. განისაზღვროს ვადა (ალბათ ორი წელი), რომელიც საკმარისი იქნება ამ კანონების მისაღებად და ასამოქმედებლად, რომ შემდგომ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ცხადია, მთელი ეს სქემა იმუშავებს მხოლოდ მაშინ, თუ მოხერხდება შეთანხმება ერთიანი სიის ფორმირების მექანიზმზე. საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა გააცნობიეროს, რომ ან ჩვენ მივდივართ ურთიერთკომპრომისზე, ორი წლით ვივიწყებთ პარტიულ კუთვნილებასა და ინტერესებს, ვდგებით პიროვნულ ურთიერთობებზე მაღლა, ვყალიბდებით ერთ გუნდად და ქვეყანა გამოგვყავს კრიზისიდან, ან, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ვთანხმდებით იმაზე, რომ ისეთივე პირობებში გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორშიაც აგერ ოცი წელია, ვცხოვრობთ. სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს!

რა უნდა გახდეს შეთანხმებისა და კომპრომისის საგანი?

1. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ერთიანი სია თავიდან ბოლომდე დაკომპლექტდეს მხოლოდ იმ ადამიანებით, რომლებსაც თავიანთი ახლობლებისა და ნაცნობ-მეგობრების გარდა, მეტ-ნაკლებად ფართო საზოგადოებაც იცნობს. თუ ოპოზიციურ სპექტრს არ აღმოაჩნდა ამგვარი საკადრო რესურსის საკმარისი რაოდენობა, მაშინ სიის დარჩენილი ნაწილი უნდა შეავსონ ოპოზიციური საზოგადოების წარმომადგენლებმა.

2. უარი უნდა ითქვას სიის დაკომპლექტების პარიტეტულ პრინციპზე. როგორც კომპრომისი, სიის პირველი ნაწილი (თავი) დაკომპლექტდეს პარტიათა ლიდერებისგან. რაც შეეხება სიის რანჟირებას, რომელიც ყოველთვის იყო დავისა და უთანხმოების მიზეზი, ეს ფუნქცია შეიძლება დაეკისროს საზოგადოებრივ დარბაზს, რომლის შემადგენლობასაც კონსენსუსის ან პარიტეტის საფუძველზე დააკომპლექტებს თავად პოლიტიკური ოპოზიცია საზოგადოებისა და ექსპერტთა იმ ნაწილისაგან, რომლებიც უშუალოდ კენჭს არ იყრიან საპარლამენტო არჩევნებში, (სხვათა შორის, ამგვარად შედგენილი სია მშვენიერი თემა იქნება წინასაარჩევნო პიარისათვის).

რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ სქემის კიდევ უფრო დეტალიზება და დახვეწა ან სრულიად სხვა, უკეთესი სქემის მოფიქრება, თუ ოპოზიციას გაერთიანების სურვილი და პოლიტიკური ნება ექნება.

და ბოლოს, მართალია, ჩვენ ქვეყნის შიდა პრობლემებზე ვართ კონცენტრირებული, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენ ირგვლივ სიტუაცია თანდათან იძაბება. დასაფიქრებელია, რამდენად შემთხვევითია ის, რომ თბილისის ნოემბერი ერევანში უფრო ტრაგიკულად გაგრძელდა, შემდეგ ყარაბახი და ბოლოს (ჯერჯერობით) აფხაზეთი. რა იქნება შემდგომ. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს 1988-90 წ.წ. კავკასიაში მიმდინარე პროცესებს. გასული წლის ზაფხულში პოლონეთში გაკეთებულ მოხსენებაში, რომელიც შემდგ გაზეთ "რეზონანსში" დაიბეჭდა, ვწერდი, რომ რუსეთი დიდ კავკასიურ ომს ამზადებდა, რომელშიაც მთელი კავკასია აღმოჩნდებოდა ჩათრეული. ხომ არ გამოჩნდა პირველი სიმპტომები. ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმისათვის, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს. და საერთოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ისევ ის ხელისუფლება გვყავს, შესაძლოა, უარესიც, რომელიც გასული წლის ნოემბერში გვყავდა.

ორმაგი სტანდარტი რეფორმირებულ "სამართალში"

რედაქციისაგან: ლამზირა მიქია უკვე 7 წელია, იბრძვის იმ სამართალდამცავების დასასჯელად, ვინც მისი უდანაშაულო, 24 წლის შვილი პოლიციაში წამებით მოკლა. "რეზონანსი" რამდენიმე წელია, წერს ამის შესახებ. ქალბატონი ლამზირასთვის ცნობილი გახდა, რომ ამ დღეებში ციხეს ტოვებს ყოფილი პოლიციელი, რომელიც სასამართლოს დარბაზის გისოსებიდან ლამზირა მიქიას და მის ცოცხალ შვილებს ემუქრებოდა. ამასთან დაკავშირებით ლამზირა მიქიამ გადაწყვიტა, ღია წერილით მიმართოს პრეზიდენტს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com