|
|
"რეზონანსი "
პორტრეტი მღელვარე ბიოგრაფიით: პოეტ "იოსიფ ბროდსკის ბედისწერა", ვინც უსასრულო და უნაპირო სივრცეებისკენ მიიწევდა ეკა ბუჯიაშვილი
"იოსიფ ბროდსკის ბედისწერა" - ასეთი იყო თემა მოხსენებისა, რომელიც მთარგმნელმა გია ჯოხაძემ ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" რედაქციის დარბაზში წაიკითხა. როსტომ ჩხეიძის თქმით, გია ჯოხაძე ის ადამიანია, წლების მანძილზე რომ იკვლევს და თარგმნის იოსიფ ბროდსკის შემოქმედებას, ადგენს მის ბიოგრაფიას და მალე ამ საინტერესო მასალებს ერთ კრებულში მოუყრის თავს, მანამდე კი, ანონსის სახით, სალონში შეკრებილ საზოგადოებასთან კიდევ ერთხელ გაიხსენებს პოეტს, ვისი ცხოვრების გზაც ბედისწერამ ისე განსაზღვრა, რომ იგი მსოფლიო ლიტერატურული პროცესების მონაწილე გახდა, თუმცა ბედისწერაც რომ არა, მისი ინტერესებიც, სულისა და გონების სიღრმეები და სიმაღლეებიც აკი სწორედ აქეთ მიიწევდა. უსასრულო და უნაპირო სივრცეებისკენ. იოსიფ ბროდსკი... აშშ-ს უნივერსიტეტებისა და კოლეჯების პროფესორი, რომელსაც ლენინგრადის სკოლის რვა კლასის დამთავრების შემდეგ ოფიციალური განათლება არ მიუღია. მან დაიწყო მუშაობა თვითგანვითარებაზე. 16 წლის ასაკში ბორის სლუცკის პოეტური კრებულის გარითმვის ცდა მის შემოქმედებით ბედისწერას ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრავს. 21 წლისას ანა ახმატოვა გამოარჩევს. ცნობილია, რომ იგი საკუთარ კრებულს ასეთი ავტოგრაფით უძღვნის მას: "იოსიფ ბროდსკისადმი, რომლის ლექსები ჯადოსნური მეჩვენება". სრულიად ახალგაზრდა, "ბჰაგავად-გიტასა" და "მაჰაბჰარატას" შემდეგ, პირველად რომ წაიკითხავს ბიბლიას, მთლიანად დაიპყრობს იუდაიზმის მეტაფიზიკური ჰორიზონტები და ქრისტიანობა... და არჩევანს ქრისტიანობის იდეალთა სასარგებლოდ გააკეთებს. ძალიან მალე მას ურთიერთობა ეძაბება ლენინგრადის ხელისუფლებასთან, რაშიც თავისი "წვლილი" შეაქვს ევგენი ევტუშენკოს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბროდსკი არ წერდა ანტისაბჭოურ ლექსებს, მათი ფორმა და შინაარსის დამოუკიდებლობა, ასევე ინდივიდუალური ქცევა იდეოლოგიურ მეთვალყურეებს მოსვენებას უკარგავს და ისინიც არ დააყოვნებენ. მალევე გაზეთ "ვეჩერნი ლენინგრადში" გამოქვეყნებული წერილი, "ლიტერატურის ახლომახლო მოწრიალე მუქთახორა", ბროდსკისთვის ცხადყოფს, რომ ლენინგრადში მისი დარჩენა უკვე უსაფრთხო აღარ იყო. 23 წლის ბროდსკი უახლოესი ადამიანების, საყვარელი ქალისა და საუკეთესო მეგობრის ღალატსაც გამოცდის და ეს ტრავმა სამუდამო დაღს დაასვამს მის გულს, რომელსაც ტკივილი ცხოვრების ბოლომდე დაემგზავრება. არც ციხის კედლებს დააკლებენ... არც ფსიქიატრიული საავადმყოფოსას... გადასახლების წლებში წაკითხული ინგლისელი მქადაგებლის, ჯონ დონის შემოქმედება უდიდეს გავლენას იქონიებს მის მსოფლხედვაზე. გადასახლებიდან დაბრუნებულს კი მაინც "არასაიმედოდ" მიიჩნევენ და 1972 წელს სსრკ-დან გააძევებენ, თუმცა ის ევროპაშიც არ დარჩება, ამერიკაში გაემგზავრება და სამშობლოში დასაბრუნებელ ყველა გზას მოიჭრის. განაგრძობს წერას... "ახალ მონოლოგს ჯერ უთქმელი ბგერებით იწყებს"... და აფრინდება ნობელის პრემიამდე... აშშ-ს პოეტი-ლაურეატის წოდებამდე. 1991 წელს მეორედ იქორწინებს რუსული წარმოშობის იტალიელ არისტოკრატზე. "ბროდსკი სარგებლობდა მექალთანისა და კალამბურისტის რეპუტაციით, უყვარდა ვისკი, ტვიდის პიჯაკები, ავტომანქანის მართვა, ყავა, სიგარეტი, ფეხბურთი, პერსელისა და ჰაიდნის მუსიკა; პოეზიას პროზაზე მაღალ ხელოვნებად მიიჩნევდა... სძულდა გორბაჩოვი და შევარდნაძე. ხიბლავდა პეტერბურგი და რომი, იდეალურ ქალაქად ვენეცია მიაჩნდა. ფიქრობდა, რომ სოლჟენიცინს, ისევე, როგორც ბლოკს, პასტერნაკს და, ნაწილობრივ, მანდელშტამსაც (მაგრამ არა ცვეტაევას ან ახმატოვას!) ცუდ მდგომარეობაში აგდებდა "რუსული პროვინციული ტენდენცია"... ის უარყოფითად იყო განწყობილი ევტუშენკოსა და ვოზნესენსკისადმი და მათზე უკეთეს პოეტად ვისოცკის მიიჩნევდა... განსაკუთრებით ბელა ახმადულინას უწუნებდა პათეტიკურობას, თუმცა, რეიგანთან საუბრისას, ახმადულინამ ყველაზე დიდ რუს პოეტად იოსიფ ბროდსკი დაასახელა"... 1996 წლის 28 იანვარს 55 წლის იოსიფ ბროდსკის საბოლოოდ უმტყუნა ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ასაკში გატეხილმა და ნაღალატევმა გულმა, რომელმაც მერეც არაერთი ტკივილი გამოსცადა. მისი ცხოვრებისეული მრწამსიდან გამომდინარე, ებრაული წესით ვერ გააპატიოსნეს, ვერც ბერძნულ მართლმადიდებლურ სასაფლაოზე დაკრძალეს, რადგან მონათლული არ იყო და საბოლოოდ ნიუ-იორკის სასაფლაოს საეპისკოპოსო ნაკვეთში, ეზრა პაუნდის გვერდით მიუჩინეს დროებითი ადგილსამყოფელი, მოგვიანებით კი, ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი ვენეციაში, სან მიქელეს სასაფლაოს პროტესტანტულ ნაწილში გადაასვენეს. ეს საინტერესო მოხსენება ბროდსკის პოეტურ შედევრებთან, ესეებთან თუ ინტერვიუებთან ერთად, გია ჯოხაძის წიგნში მოიყრის თავს, მანამდე კი სალონში შეკრებილები, ბროდსკის შემოქმედებასთან ერთად, მისი მკვლევარისა და მთარგმნელის ღვაწლზეც საუბრობდნენ. სიტყვით გამოვიდნენ: რენე კალანდია, მაკა ჯოხაძე, ქეთევან ქურდოვანიძე, პაატა ჩხეიძე, თემურ ნადარეიშვილი, გივი გამრეკელი, ცირა ბარბაქაძე, ელისო კალანდარიშვილი, სოსო ნადირაძე... როსტომ ჩხეიძის თქმით, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა პორტრეტი პოეტისა, ვის მღელვარე ბიოგრაფიასა თუ დიდი დიაპაზონის შემოქმედებაზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად მხოლოდ რუსული პოეზიის ცოდნა არ კმარა, თვითონაც უნდა გახდე მსოფლიო ლიტერატურული პროცესების მონაწილე, ამიტომაც ჩვენი საზოგადოებრიობა დიდი ინტერესით დაელოდება წიგნს იოსიფ ბროდსკის შესახებ, რომელიც გამორჩეულ მოვლენად იქცევა თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროში.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |