"რეზონანსი "
# 63
ორშაბათი, 10 მარტი, 2008 წელი

რა არის შემოწირულობები ? ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში დოქტორ რობინ გენზერტის ტელეხიდი გაიმართა

ლელა ოჩიაური

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა ტელეხიდი, ფილანტროპიის, შემოწირულობების სტრატეგიის, მენეჯმენტის, დაფინანსების საფუძვლების თემაზე, რომლის ძირითადი მომხსენებელი იყო პროფესორი, მრავალი გამოკვლევის, წიგნისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დოქტორი რობინ გენზერტი, ამერიკის შეერთებული შტატების დონორთა ურთიერთობების დირექტორის მოადგილე. ტელეხიდი მიჰყავდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის, პრესისა და განათლების განყოფილების ხელმძღვანელს სინტია ვითლზს.

რობინ გენზერტმა საზოგადოებას გააცნო ფილანტროპიის სტრატეგია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვრცლად და ამომწურავად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხორციელდება აშშ-ში ეს შემოწირულობები, რა არის მათი საფუძველი, როგორია ამის რიცხობრივ-პროცენტული მაჩვენებელი და როგორ იქმნება შემოწირულობების პოლიტიკა, ვინ და რატომ გასცემენ თანხებს შემოწირულობებისთვის და ა.შ.

მომხსენებლის თქმით, სულ უფრო მეტი ამერიკელია მზად გაიღოს თანხები ქველმოქმედებისთვის, მილიონნახევარ საქველმოქმედო დაწესებულებებზე, შემოწირულობების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება (შეიძლება ითქვას, რომ უმეტესი მათგანი, ვინც სხვადასხვა თანხას გასცემს საქველმოქმედო მიზნით, არ იღებს არანაირ საგადასახადო სარგებელს) და ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

თუმცა, გარკვეულ "საჩუქარს" ორივე მხარე - გამღებიც და მიმღებიც ამ საქმიანობიდან მაინც იღებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოტივაციას, რაც შემოწირულობების ძირითადი მამოძრავებელია. გასათვალისწინებელია კულტურული ფაქტორი, რაც უკავშირდება ფილანტროპიულ მიზნებს; მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია მემკვიდრეობითობა, რაც აუცილებელია, რომ ტრადიცია დამკვიდრდეს და ასევე დამკვიდრდეს მორალური ბიოგრაფია. საერთოდ, მორალური და სამართლებრივი ასპექტები უნდა იყოს ძლიერი მამოძრავებელი ელემენტები, როგორც ამ კონკრეტულ, ასევე ნებისმიერ სხვა სფეროში.

რას ნიშნავს შემოწირულობა. უპირველეს ყოვლისა, ესაა ცალკეული ფონდების სახსრები, რომლებიც ეხმარება არამომგებიან ორგანიზაციებს, რომ ყოველწლიური ფინანსური ვალი დაფარონ ან მიმდინარე პროგრამები, ოპერაციები დააფინანსონ. შემოწირულობის ფონდი არის ფინანსური საშუალებების ფონდი, როდესაც ძირითადი თანხა მუდმივად შენახულია. არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციებს არ აქვთ საშუალება, რომ შეეხონ ამ ძირითად კაპიტალს. მათ, სამართლებრივი შეთანხმების საფუძველზე, გამოიყენონ მარტო ის შემოსავლები, რაც ძირითადი თანხიდან მოდის, ანუ ამონაგები თანხა გამოიყენონ.

რობინ გენზერტი საუბრობდა პროგრამებზე, მიმართულებებზე გეგმებზე, მიზნებზე, ვადებზე, მუშაობის პრინციპებზე, სარესურსო პოლიტიკის შესახებ, შედეგებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც შემოწირულობის ფონდებს და მათი საქმიანობის პრინციპებს, სხვადასხვა ვითარებიდან და საფუძვლიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, უკავშირდება.

მისი საუბარი აწყობილი იყო რამდენიმე მთავარ მახასიათებელზე, ფორმალურ განმარტებებზე, ფილანთროპიის ძირითად პრინციპზე მსჯელობით და მოიცავდა დონორობის ყველა ასპექტს. იგი საუბრობდა შემოწირულობების განზომილებებზე, ტრანსფერის პრინციპზე, სიმდიდრის წყაროებზე, შემოწირულობების ტიპებზე, მაგალითად, უფასო სწავლების დაფინანსების მოგებაზე.

ამავე დროს, მოხსენების თემა იყო შემოწირულობების სასარგებლო, დადებით მხარეებზე, იმის შესახებ თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ არსებობდეს შემოწირულობების საშუალება, რა უშლის ამას ხელს და რა დამცავი მექანიზმები არსებობს, როგორია დაზღვევის წესები; რა არის შემოწირულობების მთავარი ელემენტები, მიზეზები და წესები, როგორია გადასახადები, პარამეტრები, როგორ ხდება ინვესტირების ხარჯვა; როგორ იქმნება შემოწირულობების ფონდები და საით ხდება მათი წარმართვა.

დიდი ადგილი მოხსენებაში ეკავა შემოწირულობის ინვესტიციების მენეჯმენტზე საუბარს, ინვესტიციების მიზნებს, განსხვავებული სფეროს ინვესტიციებისა და სხვა საჭირო წესების (რომლების წესდების შესაცვლელად საჭიროა დირექტორთა საბჭოს ან ფინანსური კომიტეტის თანხმობა) თემას, რომლებიც მართავს ორგანგიზაციის ინვესტირების პროგრამის ადმინისტრირებას; შემოწირულობების ხარჯვას, ძირითადი მაჩვენებლების მონაცემების შემოწმებას, ბალანსური პროგრამის, მოთხოვნებისა და საზოგადოების აქტივობის გათვალისწინებით.

რობინ გენზერტის თქმით, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რატომ მოსწონთ ადამიანებს დონორობა, რა ამოძრავებთ მათ შემოწირულობების გაკეთებისკენ. არსებობს რამდენიმე მიზეზი - სჯერათ მათი, ვინც სთხოვს; სჯერათ, რომ მათი ბიზნესი წარმატებული იქნება; შთაბეჭდილება მოახდინა ინვესტირების სახეებმა და შემოთავაზებულმა მენეჯმენტმა; ამჯობინებენ, რომ თანხა ბიზნესისთვის გაიღონ და არა მთავრობისთვის; აქვთ შემოწირულობების ტრადიცია, ისტორია.

მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, თუ რას იღებენ დონორები შემოწირულობების სანაცვლოდ, როგორია მათი შეღავათებისა და ხარჯების შეფარდება; როგორია სქემა საქველმოქმედო თანხის წყაროდან - დონორიდან ქველმოქმედების ობიექტამდე. რობინ გენზერტმა წარმოადგინა სქემა, სადაც გამოკვეთილი იყო ეს გზა და მისი შედეგები ორივე - დონორი და მემკვიდრეების - მხარისთვის. პირველის მიერ გაღებული თანხა (რაც საშუალებას აძლევს საშემოსავლო ბეგარის ბევრად შემცირებას) აფინანსებს ქონებას განსხვავებულად და ახდენს ინვესტირებას მთლიანი შემოსავლის გასაზრდელად, სამომავლოდ, რაც ხმარდება საქმელმოქმედო არაძირითადი ფონდის განკარგვას, ხოლო ახლა წლიურ დისტრიბუციას უკეთებს გადასახადს; მემკვიდრეები იღებენ შემოსავალს და უგადასახადო ქონებას და ა.შ.

ტელეხიდს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, რობინ გენზერტთან, ესწრებოდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის, განათლების სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, ვისთვისაც მოხსენებამ ბევრი საპროგრამო საკითხი წამოჭრა და რომლებმაც საუბრის დასრულების შემდეგ დიალოგი გამართეს და კითხვებით მიმართეს ამერიკელ პროფესორს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com