"რეზონანსი "
# 63
ორშაბათი, 10 მარტი, 2008 წელი

საქართველოს 6 ერის პერსპექტივები: რატომ არ ეპიტნავებათ ირბ-ის ჩინოვნიკებს ევროპის ჩემპიონატი

მამუკა ნაცვალაძე

რაგბის მსოფლიო მამების კონსერვატიულობაზე მითები დადის სპორტულ სამყაროში. გარდა იმისა, რომ ისინი გამუდმებით ცვლიან ელიტარული ქვეყნების სასარგებლოდ მთელ რიგ საშეჯიბრო თუ ფინანსური მხარდაჭერის სქემებს, ჩვენთვის ახალი აღმოჩენა გახლდათ ის არგუმენტები, თუ რატომ არ სურთ მათ ევროპის ჩემპიონატის გამართვა. რატომ არ იყენებენ ისეთი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნის პოტენციალს, როგორიც თუნდაც გერმანიაა.

შესაბამისად, ამ ჭრილში საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია, როდის აღზევდება საქართველოს ნაკრები ექვსი ერის პირველობაზე.

რამდენიმე დღის წინ რაგბის კავშირს მსოფლიო რაგბის ჩინოსნები ეწვივნენ - მიზანი რევიზია გახლდათ. ავსტრალიელი ბრიუს კუკი (ირბ-ის განვითარების მენეჯერი), ფრანგი მიშელ არპაიანჟი (ირბ-ის ტექნიკური კონსულტანტი და რეგიონული განვითარების მენეჯერი) და ალან სოლომონსი (ირბ-ის სანაკრებო რაგბის განვითარების კონსულტანტი) საინტერესო მოსაუბრენი აღმოჩნდნენ, თუნდაც იმით, რომ რაგბის მამების უცნაურ ლოგიკას მტკიცედ იცავენ.

"მთელი კვირა": რაგბის საერთაშორისო ორგანიზაცია ცნობილია კონსერვატიულობით - არიან, ერთი მხრივ, ელიტარული სარაგბო ქვეყნები, რომელნიც შეუვალნი არიან და ჩაკეტილი წრე აქვთ. არადა, მათ გვერდით, ფაქტია, რომ არის არაერთი მზარდი სარაგბო ქვეყანა, რომელიც უკვე ტოლს არ უდებს მათ. გავიხსენოთ თუნდაც საქართველოს ნაკრების ირლანდიასთან თამაში მსოფლიო თასზე. საინტერესოა, თქვენ, არა როგორც რაგბის ჩინოვნიკს, არამედ როგორც უბრალო რაგბის გულშემატკივარს, რა შთაბეჭდილება აღგიძრათ ამ დაპირისპირებამ.

ბრუს კუკი: საქართველო-ირლანდიის მატჩისას ვიმყოფებოდი ღამის კლუბში, ხუთასი კაციდან ერთადერთი მე ვიყავი, ვინც ცოტათი მაინც საქართველოს გულშემატკივრობდა. ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც ჩემთან ერთად უყურებდნენ თამაშს, იცოდნენ, როგორ დავეხმარე საქართველოს ნაკრებს მომზადების პროცესში, ამიტომაც ჩემი ასეთი მიდგომა მათ არ გაკვირვებიათ.

თამაშის დაწყებისთანავე ჩემ გარშემო მყოფი ხალხი უფრო და უფრო ემოციური ხდებოდა, გულანთებული ირლანდიელების 90 პროცენტი თამაშის ბოლოს, 15-20 წუთის განმავლობაში საქართველო-საქართველოო, სკანდირებდა. მატჩი რომ დასრულდა, ალან სოლომონსის ზარი გაისმა ჩემს მობილურზე. ორივე ერთნაირად ვიყავით ემოციურად დატვირთული და, შესაბამისად ორივეს ერთნაირი შეფასება გვქონდა - ეს იყო ფანტასტიკური თამაში!

მიშელ ალპაიანჟი: მე ამ დროს სტადიონზე ვიყავი. თამაშის დასრულების შემდეგ ვცადე, საქართველოს დელეგაციის რომელიმე წევრთან მესაუბრა. ნახევარი საათი დამჭირდა იმისთვის, რომ ქართველებამდე მივსულიყავი და მადლობა მეთქვა მათთვის. ამაღელვებელი სურათი იყო, მთელი სტადიონი ქართველთა თამაშს ზეიმობდა. ამ თამაშში ჩემთვის მკაფიოდ გამოჩნდა საქართველოს ნაკრების ძლიერი და სუსტი მხარეები.

ჩემი აზრით, ქართულ ხასიათში კარგად ჩანს საბრძოლო ხელოვნება, ძალისმიერი თამაში, რაც რაგბისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ იმისთვის, რომ მოუგოთ ძლიერ ნაკრებებს, მგონია, რომ საქართველოს ნაკრებს სჭირდება, უფრო მეტი მატჩი გამართოს ამბიციურ გუნდებთან, სადაც თქვენს პოტენციას უფრო მიზანმიმართულად წარმოაჩენთ.

ჩემი საქართველოში ყოფნის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოს რაგბის შეუძლია კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა.

ალან სოლომონსი: თქვენ დიდი პოტენციალი გაქვთ. საქართველოს ჰაერივით სჭირდება ძლიერ სარაგბო ქვეყნებთან თამაში, ეს გამოცდილება რეგულარული უნდა იყოს, იმისთვის, რომ საქართველომ დაინახოს, სად დგას, რა პოზიციაზეა მისი განვითარების დონე. იმისათვის, რომ ელიტარული სარაგბო ქვეყანა გახდეს, საქართველოს სჭირდება განვითარება, განვითარება კი სწორედ ელიტარულ ნაკრებებთან მუდმივი დაპირისპირებით მოვა.

"მ.კ.": საქართველოსთან ელიტარული სარაგბო ქვეყნების ტესტებზე ირბ რაიმე კონკრეტულს ხომ არ გეგმავს.

ბრუს კუკი: წინა კვირას მაკ კიგანი (ირბ-ის სარაგბო განვითარების ხელმძღვანელი), მე და ბატონი ალანი ერთად ვმსჯელობდით მსგავს პროგრამაზე. ჩვენ საშემოდგომო ფანჯრისას მივცემთ საქართველოს ნაკრებს იმის საშუალებას, რომ ითამაშოს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა: აშშ, კანადა, ფიჯი, სამოა.

"მ.კ.": მაგრამ ხომ არ სჯობს, რომ ასეთ თამაშებს უფრო ორგანიზაციული ხასიათი მიეცეს, თუნდაც იმით, რომ პირველ ექვს ერზე ბოლო ადგილზე გასული გუნდის ადგილი დაიკავოს ერთა თასის გამარჯვებულმა...

ბრუს კუკი: უკვე წელიწადნახევარია ამაზე არის კულუარული მსჯელობა, მაგრამ ექვსი ერის ადმინისტრაცია, რომელიც დამოუკიდებელი საორგანიზაციო ჯგუფია, საკმაოდ მოუქნელია. მათი პოზიცია ისეთია, რომ არა მგონია, ამ მხრივ უახლოეს ხანში რაიმე პოზიტიური ძვრა იყოს.

ერთადერთი შანსი, რამაც ეს პროცესი შეიძლება რეალურად დაძრას ადგილიდან, არის ის, რომ ერთა თასზე მოასპარეზე ნაკრებებმა მაღალი შედეგები აჩვენონ მსოფლიო თასზე.

მიშელი ალპაიანჟი: ფირა-აერსაც აქვს სტრატეგიული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს კონკურენტუნარიანი გუნდების რაოდენობის გაზრდას. ფირა-აერის ყველა დივიზიონს შორის არის გუნდების მოძრაობა. გამარჯვებული აღზევდება უფრო მაღალ დონეზე, ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი ვარდება ქვედა დივიზიონში. სამწუხაროდ, ამ პრინციპმა ექვსი ერის გათამაშებას ვერ მიუკაკუნა.

ექვსი ერის სტრუქტურა ფაქტობრივად დამოუკიდებელია და მასზე გავლენის მოხდენა ასეთი ადვილი არაა. მაგრამ მგონია, ეს არაა დაუძლეველი პრობლემა. თქვენ, ქართველებმა ამისთვის უნდა იბრძოლოთ და ისეთი მატჩები უნდა მოიგოთ, როგორიც მაგალითად ირლანდიასთან იყო. როცა მსოფლიო დაინახავს, რომ ექვსი ერის ტურნირზე მოასპარეზე გუნდებს ტოლს არ უდებთ, მაშინ ეს პრობლემაც ავტომატურად გადაწყდება.

"მ.კ.": არ შეიძლება მსოფლიო თასის პარალელურად, ფეხბურთის მსგავსად, გაიმართოს ევროპის ჩემპიონატი, სადაც ნებისმიერ ნაკრებს შეეძლება უფრო მოტივირებულად გამოვიდეს....

მიშელ ალპაიანჟი: ჩემი აზრით, ევროპული ნაკრებების დონეთა სხვაობა არ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩავატაროთ. ერთადერთი გამოსავალი, რომ ყველა გუნდი დაკავდეს, არის სხვადასხვა დივიზიონების მატჩების გამართვა და ამ დივიზიონებს შორის გუნდების მოძრაობის პრინციპის გამოყენება. ჩემი პირადი აზრია, რომ ევროპის ჩემპიონატი არ იმუშავებს.

18 წლამდელ ნაკრებებს შორის ვცდილობთ ამ პროექტის განხორციელებას. 10 დღის განმავლობაში ევროპის ნაკრებები ერთმანეთს უპირისპირდებიან, მაგრამ აქაც სარაგბო დონეების სხვაობა საკმაოდ თვალსაჩინოა.

"მ.კ.": მაგრამ სარაგბო პროცესებს მიღმა არის ეკონომიურად ისეთი განვითარებული ქვეყანა, როგორიც თუნდაც გერმანიაა. არც ჩეხეთია მაინცდამაინც მოტივირებული. გერმანია ამ ათიოდე წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში. მაშინ 12 ქულით მოვუგეთ, ახლანდელი დაპირისპირებისას ეს სხვობა, არაა გამორიცხული, ას ქულას ასცდეს. არადა, გერმანიასაც ისევე უნდა მიეცეს საშუალება, ჩვენთან თამაშით საკუთარ პროგრესს მიაღწიოს, როგორც ჩვენ, ექვსი ერის ქვეყნებთან თამაშით დავხვეწოთ სარაგბო დონე. ამ თვალსაზრისით, ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველასთვის ერთნაირად დიდი მოტივაცია იქნებოდა...

მიშელ ალპაიანჟი: ევროპული რაგბის ასოციაციის მიზანია ევროპული რაგბის განვითარება, სათანადო საშეჯიბრო პირობების და ყველა ქვეყანაში განვითარების პერსპექტივის შექმნა. მაგრამ სამწუხაროდ, იმ სათამაშო განსხვავებების მოსპობა, რაც რეალურად ხელის გულზე დევს, საკმაოდ რთულია. ამას გარდა, არის სხვა სხვაობაც, თუნდაც კულტურული და გეოგრაფიული განსხვავებები.

ამიტომაც ევროპის ჩემპიონატი არარეალურად მესახება. მსოფლიო დონეზე საკმაოდ დიდი პრობლემაა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროების ერთ სივრცეში მოქცევა, როგორც ეს პრობლემა არსებობს მსოფლიო დონეზე, ანალოგიურია ევროპის დონეზეც.

"მ.კ.": მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ სარაგბო თემი უფრო მოიგებს, თუკი გამოიყენებს იმ ეკონომიურ შესაძლებლობეს, რასაც თუნდაც გერმანია ფლობს...

მიშელ ალპაიანჟი: გერმანიაში საკმაოდ მცირე რაოდენობაა რაგბით დაკავებული, სამწუხაროდ, არ არის ისეთი მასობრივი ინტერესი, როგორიც თუნდაც საქართველოშია. გერმანიის პრობლემაა, განვითარდეს სარაგბო მასშტაბების თვალსაზრისით, გაზარდოს მასობრიობა, ინფრასტრუქტურა განავრცოს. და ამის შემდეგ თავისთავად მოიხსნება პრობლემა, რომ ისინი სანაკრებო დონეზეც სრულფასოვნად ჩაერთვნენ უძლიერესთა შორის დაპირისპირებაში



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com