"რეზონანსი "
# 63
ორშაბათი, 10 მარტი, 2008 წელი

მეგობრული სვეტი ლიტვიდან

ალინა ტატუნტიტე

თითქმის 4 წელია, რაც ლიტვა უკვე ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანაა. თუმცა ევროკავშირის შესახებ ყველგან და ყოველთვის კარგი არ გვესმის. ამიტომაც ზოგჯერ ისეთი მოსაზრებაც ჩნდება, საერთოდ რა გვინდოდა, რომ შევდიოდით ევროკავშირშიო.

რაც შეეხება ნატოს წევრობას, აქ საქმე სულ სხვაგვარადაა. ნატო ლიტვაში აქციზებზე ფასს არ უმატებს და ამიტომაც ამ ორგანიზაციის მიმართ სიმპათია უფრო მაღალია.

აღსანიშნავია ის, რომ ლიტვაში ნატო არა მარტო მილიტარულ ასპექტში განიხილება. ლიტვაში ალიანსის საჰაერო საპატრულო ბაზის შექმნამ ისევ გააღვიძა მიჩუმებული პროვინციული ქალაქი შაულია. დღეს იქ სამხედროებისთვის სასტუმროს ნომრებს ერთი წლით ადრე ჯავშნიან. ბარები და რესტორნების მფლობებელი კი ხარობენ, რომ მათი კლიენტთა რაოდენობა ასე სწრაფად გაიზარდა.

ამასთან, დადის ხმებიც, რომ ქალაქში მცხოვრები გოგონები გახარებულები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატრულის სვლა მუქთვალიანი სამხედროებით იცვლება, რომლებიც იტალიიდან და ესპანეთიდან ჩამოდიან. არადა, ვითარება სულ სხვანაირადაა, სასიყვარული შეგრძნებები სწორედ მაშინ იძინებენ, როდესაც ქალაქში სამხედროები ჩრდილოეთ ევროპიდან ჩამოდიან.

მე მომწონს, რომ ლიტვა არის ნატოს წევრი ქვეყანა. ყოველ დღე ამას არ ვფიქრობ, მაგრამ, სიამაყით ვივსები, როდესაც დღესასწაულებზე ვილნიუსის თავზე ალიანსის ვერტმფრენები დაფრინავენ. ეს ფრენა მხოლოდ რამდენიმე წუთით გრძელდება, მაგრამ ყოველთვის თავს ვწევ და ვიყურები ცისკენ, რათა დავინახო სუპერთანამედროვე "ა-16" ან "მირაჟი 2000". ასეა თითქმის მთელი ვილნიუსიც.

დღეს საერთოდ არავის ახსოვს, თუ როგორ ადვილად შევიდა ლიტვა ნატოში. არგუმენტებმა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ ვართ ღარიბები, არ ვართ მზად ალიანსის წევრობისთვის, ვართ დაუცველები, რომ ჩვენი ნატოს წევრობა გააფუჭებს დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებს, არ გამართლა.

სამწუხაროდ, რაც უფრო ახლოვდება ბუქარესტის ნატოს სამიტი, ანალოგიური არგუმენტები კვლავ ისმის. ცნობილია, რომ სწორედ ამ სამიტზე გადაწყდება, მისცემენ თუ არა საქართველოსა და უკრაინას "მაპ"-ს.

გეტყვით იმასაც, რომ ამ დღეებში ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით ლიტვაში ნამდვილი პოლემიკა გაიმართა. ერთ-ერთი ლიტველი მიმომხილველის აზრით, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ორი ფაქტორის გათვალისწინება: აკმაყოფილებს თუ არა ქვეყანა ალიანსის წევრობის კრიტერიუმებს და მეორე, ხომ არ შეუქმნის ამ ქვეყნის წევრობა ნატოს სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას საფრთხეს. "საქართველოს შემთხვევაში ორივე პასუხი იქნებოდა უარყოფითი", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

მისივე მოსაზრებით, საქართველოში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები არ არსებობს, პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად თამაშობს, სიტუაცია აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" ისეა დაძაბული, რომ ეს არათუ საქართველოს, არამედ თავად ნატოსაც არ მიიყვანს სტაბილურობამდე და უსაფრთხოებამდე.

"ასეთ ვითარებაში, საქართველოს ნატოში მიღება ისედაც არასტაბილურ სამხრეთ კავკასიაში ვითარებას უფრო დაძაბავს. რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მიიღებს როგორც დიდ გამოწვევას. ნატოს წევრი სხვა ქვეყნები უფრო ნაკლებად არიან დაინტერესებულები საქართველოთი, ვიდრე ლიტვა და შექმნილი გარემოება ლიტვის ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს", - აღნიშნულია სტატიაში.

პოლიტოლოგებთან დისკუსიაში შევიდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაიმონას ტალატ-კელპშა, რომელმაც აღნიშნა, რომ 6 წლის წინ ლიტვაც ასე გაურკვეველ სიტუაციაში იყო. "მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ არ მოვახდინოთ რუსეთის პროვოცირება და არ შევუშვათ ბალტიის ქვეყნები ნატოში", - აღნიშნა დიპლომატმა.

"ნატოს წევრობა ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას ზრდის, საქართველოს კი ეს ძალიან აკლია. ამას გარდა, საქართველო არ მოითხოვს ნატო-ში სწრაფად გაწევრიანებას - ის მხოლოდ "მაპ"-ს ითხოვს", - აღნიშნა ლაიმონას ტალატ-ელპშამ.

მისივე თქმით, 10 წლის წინ ალბანეთში, ხორვატიასა და მაკედონიაში ვითარება უფრო მძიმე იყო, ვიდრე დღეს საქართველოშია. 1999 წელს მაკედონია სამოქალაქო ომის პირას იყო, ხორვატიას კი ავტორიტარული პიროვნების ფრანკო ტუდჟამანის რეჟიმი მართავდა, რომელიც ასევე ეჭვმიტანილი იყო ეთნიკურ გენოციდში. ამის მიუხედავად, ნატო არ შეშინდა, სამი ბალკანური ქვეყნისთვის ხელი გაეწოდებინა და მათთვის "მაპ"-ი მიეცათ. დღეს ამ სამ ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს რეფორმები, ისინი მონაწილეობენ ალიანსის საერთაშორისო მისიებში და ბუქარესტში მათ უკვე ნატოშიც მიიღებენ.

ამ თვეში ლიტვის ხელისუფლებამ ევროპისა და დასავლეთის სხვა ქალაქებში ოფიციალურად გამოსვლისას მხარი დაუჭირა საქართველოსთვის "მაპ"-ის მიღებას.

"ბუქარესტში საქართველომ უნდა მოისმინოს, რომ მას იწვევენ და აძლევენ "მაპ"-ს", "მაპ-ი" გააძლიერებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს", "საქართველოს სტაბილურობა მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის", - დღეს ასეთი ფრაზები ოფიციალური ვილნიუსისგან ისმის როგორც ჩვენს დედაქალაქში, ასევე ლონდონში, ბერლინში, ბრიუსელში და, რასაკვირველია, ვაშინგტონში.

სასიხარულია ის, რომ საქართველოს ამ მისწრაფებას მხარს ლიტველების დიდი ნაწილი უჭერს. მაგალითად, ინტერნეტ-ფორუმებში უბრალო მკითხველები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ გაღრმავდეს მოლაპარაკებები საქართველოს ნატოში ინტერგაციასთან დაკავშირებით. "ვისაც არ უცხოვრია ოკუპაციის პერიოდში, ის ვერ უთანაგრძნობს ქართველ ძმებს", - ამბობენ მკითხველები.

იმედს გამოვთქვამთ, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ ბუქარესტში საქართველოც და ლიტვაც გაიგონებს იმას, რისი გაგონებაც სურს. ეს კი იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება პატარა, მაგრამ მამაცი ქვეყნისთვის.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com