"რეზონანსი "
# 73
ხუთშაბათი, 20 მარტი, 2008 წელი

პატარკაციშვილის ოჯახი "იმედის" გადასარჩენად დახმარებას ითხოვს - ინა გუდავაძე: "თვითმარქვიებმა, რომლებმაც თავი "იმედის" მესაკუთრეებად წარმოადგინეს, მისი ხელისუფლებაზე გაყიდვა სცადეს"

სოფო ქვლივიძე

"იმედის" მითვისების შესახებ გავრცელებული ხმები, გუშინ, გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძემ დაადასტურა. მისი თქმით, ხელისუფლება "იმედის" ხელში ჩაგდებას ცდილობს. სქემა მარტივია - ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლება ამას "ი-მედია"-ს წილის 65%-ის მფლობელი კომპანიის "ჯეი ემ ჯი კონსალტინგ გრუპის" 70%-იანი წილის მფლობელის გოგი ჯაოშვილის საშუალებით ცდილობს.

ინა გუდავაძემ გუშინ თვითმარქვიები უწოდა მათ, ვინც ოჯახის სახელით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მათთვის "იმედის" მიყიდვას ცდილობენ.

"ხელისუფლებას არ სურს, რომ "იმედი" ეთერში გავიდეს," - აღნიშნავს გუდავაძე.

მისი თქმით, ვინაიდან არ სურდა ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების გამწვავება, ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან. თუმცა, გუდავაძის თქმით, მათგან პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.

"თვითმარქვიებმა, რომლებმაც თავი "იმედის" მესაკუთრეებად წარმოადგინეს, მისი ხელისუფლებაზე გაყიდვა სცადეს. მაგრამ მათ ამის გაკეთების უფლება არ აქვთ, რადგან მე და ჩემი ოჯახი ვართ "იმედის" კანონიერი მფლობელები. ჩვენ სასამართლოს გზით შევეეწინააღმდეგებით მითვისების ყველა მცდელობას.

"მე აღსავსე ვარ გამბედაობით აღვადგინო "იმედის" მაუწყებლობა, რომლის ობიექტური ინფორმაციის გარანტი იქნება - საერთაშორისო დამოუკიდებელი მედიაკომპანიისა და სამეურვეო საბჭოს ერთობლივი მმართველობა. მე ვთხოვ ყველას მხარი დამიჭიროთ "იმედის" მაუწყებლობის აღდგენაში. ჩვენ დავკარგეთ ბადრი. ჩვენ უფლება არ გვაქვს დავკარგოთ "იმედი" ," - აღნიშნავს გუდავაძე.

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, გიორგი თარგამაძის თქმით, ინა გუდავაძის წერილის შინაარსი საფუძვლიანი შეშფოთების საფუძველს იძლევა. მისი თქმით, ეს არის "ცინიკური გაგრძელება" იმ პროცესებისა, რაც "ტელეიმედთან" დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ამ წერილით ირკვევა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ბიზნესმენის ოჯახის წევრებთან შეთანხმებული არ იყო და ზემოთაღნიშნულ პირებს უფლება არ ჰქონდათ მოლაპარაკებები სამართალმემკვიდრეების გარეშე ეწარმოებინათ. მისი თქმით, ამ მოლაპარაკებებს პატარკაციშვილის ოჯახის მეგობარი ჯოზეფ ქეი და შპს "ი-იმედიას" ერ-ერთი დამფუძნებელი გოგი ჯაოშვილი აწარმოებენ.

"საქართველოში ჯოზეფ ქეი ლონდონიდან ჩამოვიდა და იგი გარდაცვლილის ქონების განკარგვას აპირებდა", - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება "იმედის" ხელში ჩაგდების სქემას, ადვოკატი ამბობს, რომ ბევრი კომპანია სწორედ ჯაოშვილის სახელზე იყო გადაფორმებული. მათ შორის "იმედიც".

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია საქალაქო სასამართლომ 25 იანვარს კიდევ ერთხელ დააყადაღა, გაირკვა, რომ შპს "ტელეიმედის" 100%-იანი წილის მფლობელი სს "ი-მედიაა", რომლის 65%-ს სს "ჯეი ემ ჯი კონსალტინგ გრუპი" ფლობს, ხოლო 35%-ს - შპს "უნივერსალი". რაც შეეხება "ჯეი ემ ჯი კონსალტინგ გრუპ"-ს, მისი 70% გოგი ჯაოშვილის საკუთრებაა, ხოლო 15-15% - სს "საწარმოო გაერთიანება მაუდი"-სა და ფონდ "გამარჯვებას" (დამფუძნებელი არკადი პატარკაციშვილი) საკუთრებაა.

"ჯაოშვილის სახელზე ბევრი რამ იყო გადაფორმებული, მათ შორის ტელეკომპანია "იმედის" წილებიც. ჯაოშვილის ჩვენება დევს პატარკაციშვილის საქმეში, სადაც ის აცხადებს, რომ ყველაფერი გაფორმებული იყო მის სახელზე, თუმცა, მას რეალურად არაფერი ეკუთვნოდა. ანუ, ფაქტობრივად, მან ბადრის ქონებას ძირი გამოუთხარა. სამართალდამცველ ორგანოებს მისცა ისეთი ჩვენება, რომ, თუ რაიმე გინდათ მე კი არა, პატარკაციშვილს ელაპარაკეთო.

"ამნაირ კაცს შეუძლია წილი ჯოზეფ ქეის სახელზე გადააფორმოს. ხოლო იმას შესაძლოა ჰქონდეს რაღაც ყალბი მინდობილობა პატარკაციშვილისაგან, რომ მას შეუძლია ქონების განკარგვა. შემდეგ ის გადააფორმებს სხვაზე. ეს "იმედის" ხელში ჩაგდების ერთ-ერთი სქემაა. ანუ, ეს შეიძლება მოხდეს დოკუმენტების გაყალბებისა და კანონმდებლობის გვერდის ავლის გზით.

"ხელისუფლება რომ "იმედის" ხელში ჩაგდებაზე მუშაობს, ეს ახალი არ არის. ინა გუდავაძის გავრცელებული განცხადება იმას ნიშნავს, რომ საფრთხე რეალურია და გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს ამ გზით. თუმცა, ამას დადასტურებულად ვერ ვიტყვი, ვინაიდან ჯერჯერობით რაიმე დამადასტურებელ დოკუმენტთან შეხება არა მქონია. მხოლოდ იმ განცხადებიდან გამოვდივარ, რასაც ოჯახი აკეთებს," - განუცხადა "რეზონანსს" ხაჭაპურიძემ.

თავად ჯაოშვილი ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. ის, ამავე დროს, პატარკაციშვილის მეგობარი და ბიზნეს-პარტნიორიც იყო. რაც შეეხება ჯოზეფ ქეის, ერთიანი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლის გოგა ხაინდრავას თქმით, "იმედის" ქონების ხელში ჩასაგდებად ხელისუფლება მოლაპარაკებებს სწორედ მასთან მართავს. ხაინდრავა ირწმუნება, რომ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი უკვე ხელისუფლების ხელშია და მათ "იმედის" მართვის საშუალება ექნებათ.

"დავიბრუნოთ იმედი" - ამ ლოზუნგით ოპოზიცია 24 მარტს პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვას გეგმავს. ისინი ტელეკომპანიის ყველა გულშემატკივარს 16.00 საათზე რუსთაველზე ეპატიჟებიან.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com