"რეზონანსი "
# 73
ხუთშაბათი, 20 მარტი, 2008 წელი

მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი წლიურ 11 პროცენტს შეადგენს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთის (ერთკვირიანი სადეპოზიტო სერთიფიკატების საპროცენტო განაკვეთი) უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი წლიურ 11 პროცენტს შეადგენს.

ეკონომიკური აქტივობა და კაპიტალის შემოდინების ტემპი კვლავ მაღალი რჩება და სავარაუდოდ ამ სახით შენარჩუნდება მთელი წლის მანძილზე. მარტში განსაკუთრებით გაძლიერდა უცხოური კაპიტალის შემოდინება, რაც აისახა ეროვნული ბანკის გაზრდილ ინტერვენციებში.

წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა თებერვალში 10.9 პროცენტი, ხოლო საშუალო წლიური ინფლაციის დონემ - 9.3 პროცენტი. ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ მეტად მაღალი რჩება საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, რაც უმთავრესად გამოწვეული იყო სურსათისა და ენერგომატარებლების ფასების მატებით. თებერვლის მდგომარეობით, წლიურმა ინფლაციამ რუსეთში 12.7 პროცენტი, უკრაინაში - 21.9, აზერბაიჯანში - 17.1, სომხეთში - 7.4, თურქეთში - 9.1, ევროზონაში - 3.1 და აშშ-ში 4 პროცენტი შეადგინა.

ბანკთაშორის ბაზარზე გაიზარდა მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები და მარტის თვეში 11 პროცენტს გადააჭარბა, რაც წინა პერიოდში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

იმის გათვალისწინებით, რომ წლის განმავლობაში არ მოხდება ადმინისტრირებადი ფასების ცვლილება და საერთაშორისო ბაზრებზე ძირითად სასაქონლო პროდუქტებზე ფასების ცვლილება შესაბამისობაში იქნება არსებულ პროგნოზებთან, მიმდინარე საპროცენტო განაკვეთები უზრუნველყოფს წლის ბოლოსათვის ინფლაციის 8%-ის ფარგლებში მოქცევას.

მოქცევის მიზნით, მომავალშიც გაამახვილებს ყურადღებას მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com