"რეზონანსი "
# 73
ხუთშაბათი, 20 მარტი, 2008 წელი

საქართველოში განახლებადი ენერგია თითქმის გამოუყენებელია: დენისა და გაზის ტარიფები ორიენტირებული არ არის არც მომხმარებელზე და არც ენერგოეფექტურობის ამაღლებაზე

მაკა ხარაზიშვილი

საქართველოში განახლებადი ენერგიის გამოყენება ვერ ხერხდება. არადა, სპეციალისტების განცხადებით, ქვეყანას ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია, რომლის ათვისება ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად ერთობ მნიშვნელოვანია.

განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის პოტენციალის გამოყენების მიზნით, ფონდის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" ქვეყანაში სპეციალურ პროგრამას ახორციელებს. პროგრამა "ენერგეტიკის განვითარება" სოფლად ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გთფშვ-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

ბოლო პერიოდში, ენერგიის ფასების ზრდამ, მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულებამ, ასევე ენერგიის განაწილებისას მისი საფასურის ამოღების დონის ამაღლების აუცილებლობამ, ენერგეტიკული ეფექტიანობისა და ალტერნატიული რესურსების მნიშვნელოვანი გაზრდა მოითხოვა. მთავრობაში აღნიშნავენ, რომ მათთვის ქვეყანაში ენერგოეფექტიანობის ამაღლება და შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციული ჩარჩოების ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

ექსპერტების განცხადებით, საქართველოში ენერგოეფექტურობის ამაღლების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელს გახდის: შემცირდეს ენერგიის იმპორტი და შესაბამისად, გაიზარდოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება. შეიზღუდოს ენერგიის ტარიფების ზრდა, დადებითი გავლენა მოახდინოს ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბალანსზე. გრძელვადიანი და მოკლევადიანი ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმების შემუშავება.

ამჟამად საქართველოში ხორციელდება რამოდენიმე პროექტი, რომლებიც განვითარების სხვადასხვა სტადიებზე იმყოფება. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტებიდან არის: ნაგავსაყრელის გაზის უტილიზაციის პროექტი თბილისის მახლობლად, რომელშიც ჩართულია იაპონური კომპანია, ენგურჰესის განახლების პროექტი უიკვ-თან ერთად, მცირე ჰესების რეაბილიტაციის პროექტები, სადაც მონაწილეობს მსოფლიო ბანკი და ჩრდილოეთ-სამხრეთ გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტი, სადაც საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია (პწპს) მუშაობს კერძო ინვესტორთან.

ექსპერტების აზრით, ელექტროენერგიის და გაზის ტარიფები არ არის საკმარისად ორიენტირებული ენერგოეფექტურობის და ენერგოდაზოგვის სტიმულირებაზე. ენერგიის მიწოდების ხარჯები მკვეთრად განსხვავდება ზამთარში და ზაფხულში, რაც პირდაპირ არ აისახება სამომხმარებლო ტარიფებში იმდენად, რამდენადაც არ არსებობს სეზონური სამომხმარებლო ტარიფები.

პირველ ნაბიჯად, რომელმაც რეალური შედეგები გამოიღო, ენერგოდაზოგვის მიმართულებით, ექსპერტები, 2006 წლის 1-ლი ივნისიდან ელექტროენერგეტიკის სექტორში, მოსახლეობისთვის ე.წ "საფეხურებრივი ტარიფების" შემოღებას მიიჩნევენ, რომლის თანახმადაც ელექტროენერგიის მომხმარებელი, რაც მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, მით მაღალი ტარიფით უხდებათ მისი საფასურის ანაზღაურება. "თელასისა" და "ენერგო-პრო ჯორჯიას" მონაცემებით აღნიშნული ტარიფების შემოღებით მოსახლეობის იმ ნაწილში, სადაც ელექტროენერგიის აღრიცხვის ინდივიდულური სისტემებია დამონტაჟებული ელექტროენერგიის მოხმარება 5-10%-ით შემცირდა.

თუმცა ექსპერტები მიუთითებენ, რომ საჭიროა "საფეხურებრივ ტარიფში" გარკვეული შესწორებები შევიდეს. კერძოდ, თუ ადამიანმა 100 კილოვატ საათს 1 კილოვატსაათით გადააჭარბა, გადასახადს 101 კილოვატსაათზე 16 თეთრით იხდის. ექსპერტების განცხადებით, დაანგარიშება მაღალი ტარიფით 100 კილოვატსაათის შემდეგ უნდა მოხდეს, ანუ 100 კილოვატსაათი - 13,4 პლუს 1 კილოვატსაათი 16 თეთრი.

ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიზეზი "საფეხურებრივი ტარიფების" გარდა შეიძლება იყოს სხვა ფაქტორებიც. მაგალითად, გაზიფიკაციის მაღალი ტემპები, ანუ მომხმარებელი ძვირი ელექტროენერგიის გამოყენებიდან, იქ სადაც ეს შესაძლებელია (გათბობა, საჭმლის მომზადება, ცხელწყალმომარაგება და ა.შ) გადადის შედარებით იაფ ბუნებრივ გაზზე. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ენერგოეფექტიანობის ამაღლება, რაც პირდაპირ უკავშირდება ენერგიის მოხმარების შემცირებას მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

პირიქით, ენერგიის მოხმარების შემცირებასთან ერთად, ენერგოეფექტიანობის ამაღლების ხარჯზე მოსახლეობის ცხოვრების პირობები და კომფორტის დონე უნდა გუმჯობესდეს. ექსპერტების განცხადებით, საფეხურებრივი ტარიფების შემოღება ბუნებრივი გაზის სექტორშიც შესაძლებელია ისეთივე ეფექტური აღმოჩნდეს, როგორც ელექტროენერგეტიკის სექტორში, თუმცა თბილისის და რეგიონების გაზგამანაწილებლი კომპანიების ტექნიკური მდგომარეობა, განსაკუთრებით კი აღრიცხვის სისტემების მოუწესრიგებლობა და კომერციული კარგვების (დატაცების) მაღალი დონე, ჯერჯერობით ამის შესაძლებლობას არ იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მფლობელები აცხადებენ, რმ სისტემის მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა.

სეზონური ტარიფების აუცილებლობა

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ეკონომიკის რეალობასთან მისადაგებული ტარიფების მოქნილი სისტემის შექმნა სერიოზული განხილვის საგანი უნდა გახდეს, პირველ რიგში კი, სეზონური (ზამთარი-ზაფხული) ტარიფების შემოღება. როგორც ცნობილია ზამთარში საქართველოს ენერგოსისტმა დეფიციტურია და დამოკიდებულია ენეგოშემცველების იმპორტზე, ზაფხულის თვეებში პროფიციტული და ვერ ხერხდება, დაახლოებით, 600-800 მილიონი კვტ-სთ ელექტროენერგიის ათვისება, ანუ ადგილი აქვს წყლის არამწარმოებლურ დაღვრას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორმა(ესკომ) 2007 წელს, დაახლოებით, 500 მლნ კვტსთ ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელება შეძლო. ექსპორტი, ძირითადად, თურქეთში გადის. "ენერგეტიკის განვითარება სოფლად" ხელმძღვანელი ჰორსტ მაინეკე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ თურქეთს ელექტროენერგიის 10 წლიანი დეფიციტი ექნება, ამიტომ ჰიდროენერგეტიკის განვითარების შემთხვევაში საქართველოს შეუძლია ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ექსპორტი განახორციელოს.

იმის გამო, რომ ზაფხულში ელექტროენერგია ძირითადად გამომუშავდება ჰესებზე, ტარიფი თითქმის 2-ჯერ იაფია ვიდრე ელექტროენერგიის ზამთრის საშუალოშეწონილი ტარიფი. გასთვალისწინებელია აგრეთვე დღე-ღამის განმავლობაში ენერგოსისტემის არათანაბარი დატვირთვის ფაქტორი. ზამთარში დღის პიკური დატვირთვა 4-ჯერ აჭარბებს ღამის დატვირთვას, ზაფხულში კი - 2-ჯერ. დღის და ღამის პიკური დატვირთვების გათანაბრება ან მაქსიმალური დაახლოება, თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტორია ენერგოსისტემის მდგრადობისა და იმედიანობის თვალსაზრისით. იგი შესაძლებელია მიღწეული იქნას დღის და ღამის ტარიფების დიფერენცირებით (პირველ ეტაპზე საწარმოებისთვის, შემდეგ კი მოსახლეობისთვისაც). ელექტროენერგიის ღამის ტარიფი ნაკლები იქნება, ვიდრე დღის ტარიფი, რამაც სტიმული უნდა მისცეს საწარმოებს იმუშაონ ღამის საათებში (მაგალითად, ხის დამამუშავებელი საწარმოები), რაც ერთნაირად მომგებიანი იქნება, როგორც ელექტროენერგეტიკული სექტორისათვის ასევე მომხმარებლისათვის.

განახლებადი ენერგია

საქართველოში არსებობს თითქმის ყველა სახის განახლებადი ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელოვანი პოტენციალი. სპეციალისტთა შეფასებებით, რეალურად მიღწევადი ენერგეტიკილი პოტენციალი უტოლდება 10-15 მილიარდ კილოვატსაათს (ტერავატსააათს) ან შესაბამისად, დაახლოებით 1 მილიონ ნავთობის ტონის ექვივალენტს, რაც ენერგიის დღევანდელი სრული მოხმარების დაახლოებით 30% შეადგენს. სადღეისოდ ამ პოტენციალის ძალზე მცირე ნაწილია ათვისებული. განახლებადი ენერგორესურსების წილი საქართველოს მთლიან ენერგეტიკულ ბალანსში (შეშის გარდა) ერთ პროცენტზე ნაკლებია. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების (10მვტ) მიერ გენერირებული ელექტროენერგიის წილი კი ელექტროენერგიის ჯამურ გენერაციაში დაახლოებით 3%-ს შეადგენს.

ჰიდრორესურსები

დღეისათვის საქართველოში სულ 33 მცირე ჰესია მათი ჯამური სიმძლავრე 85 მვტ ელექტოენერგიის საშუალო ჯამური გამომუშავებამ კი 2006-2007 საბალანსო წელს 295 მლნ კვტსთ შეადგინა. მცირე ჰესების წილი ჰესების მთელ ჯამურ სიმძლავრში 3.1% შეადგენს, ელექტოენერგიის გამომუშავებაში 5.35%, გამომუშავების წლიურ საერთო ბალანსში (თბოელექტროსადგურების ჩათვლით) 3.8%, სიმძლავრეში კი 1.9%. ჰესების გამომუშავების უდიდესი ნაწილი მოდის გაზაფხული-ზაფხულის თვეებზე, ანუ ისეთ პერიოდზე როდესაც საშუალო და დიდი სიმძლავრის ჰესებზე ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად აჭარბებს ელექტროენერგიის მოხმარებას.

ბიოენერგია

საქართველოს ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალის სრული შეფასება არ ჩატარებულა. სპეციალისტების გამოკვლევებით, საქართველოში ხორბლის მოსავლის ნარჩენების ენერგეტიკული პოტენციალი შეადგენს 280 მლნ კვტ-სთ, სიმინდის მოსავლის ნარჩენების - 750 მლნ კვტ-სთ, დანარჩენი მარცვლეული და პარკოსანი კულტურების ნარჩენების კი 270 მლნ კვტ-სთ-ს.

ამრიგად, მარცვლოვანი კულტურების ნარჩენების სრული ენერგეტიკული პოტენციალი შეადგენს 1,3 მლრდ კვტ-სთ-ს წელიწადში რაც 112 ათასი ტონის ეკვივალენტურია. ბიომასის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ნარჩენები. თბილისის და ქუთაისის მუნიციპალური ორგანოების მონაცემების მიხედვით, ნაგავსაყრელებზე ყოველწლიურად გროვდება დაახლოებით 900 ათასი ტონა ნარჩენები. მათი გადამუშავებით შესაძლებელია 90 მლნ მ3 ბიოგაზის მიღება, რაც 64 მლნ კუბ-მეტრი ბუნებრივი გაზის ექვივალენტურია. თბილისის კანალიზაციის წყლის გამწმენდი მოწყობილობებიდან შესაძლებელია ყოველწლიურად 160 მლნ კუბ-მ ბიოგაზის მიღება, რაც 1 მლრდ კვტსთ-ს ელექტროენერგიის ეკვივალენტურია.

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული სისტემის რეაბილიტაციისთვის წლების განმავლობაში ასეულ მილიონობით დოლარის უცხოური კრედიტები და გრანტები, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები იხარჯებოდა. ეს ფული მიზნობრივად, რომ წარმართულიყო მსგავსი პროექტების განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა. შესაბამისად, დღეს ქვეყანას ენერგიის რამდენიმე ალტერნატიული წყარო ექნებოდა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com