|
|
"რეზონანსი "
ცხინვალი თბილისს ოსური სოფლების ბლოკადაში ადანაშაულებს
(ინტერპრესნიუსი) ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ქართულ ძალოვან სტრუქტურებს ზნაურის რაიონის ოსური სოფლებისთვის, მუგუთისა და დიდმუხასთვის ბლოკადის მოწყობაში ადანაშაულებს. როგორც ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტი იუწყება, სოფლების ბლოკირების აქცია შიდა ქართლის ახალი გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის მიერ არის სანქცირებული. დე ფაქტო რეჟიმის მტკიცებით, ცხინვალიდან მიმავალ ავტოტრანსპორტს ქართული პოლიცია ავნევის პოსტზე ჩხრეკს და მგზავრებს მთელ ტვირთს ართმევს. "აქციებში პირადად მონაწილეობს ქართული პოლიციის ავნევის განყოფილების უფროსი დათაშვილი. მგზავრებს ოსურ სოფლებში ერთ კილოგრამზე მეტი საკვები პროდუქტების შეტანა ეკრძალებათ. ეს აკრძალვა მუგუთსა და დიდმუხაში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზეც ვრცელდება. შედეგად ბლოკადაში 400-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა", - იუწყება ინფორმაციის კომიტეტი და დასძენს, რომ ქართველი პოლიციელების ქმედებას სამშვიდობოების იქვე მდებარე პოსტი ხელს არ უშლის. ცხინვალის მტკიცებით, ქართველი პოლიციელები აცხადებენ, რომ მსგავსი აქცია იმისკენ არის მიმართული, რომ ოსური სოფლების მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეობის მიღება აიძულონ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |