"რეზონანსი "
# 73
ხუთშაბათი, 20 მარტი, 2008 წელი

ოპოზიცია ოქრუაშვილის წინააღმდეგ სს დევნის შეწყვეტას მოითხოვს

(ინტერპრესნიუსი) გაერთიანებული ოპოზიცია ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ "პოლიტიკური ნიშნით დაწყებული" სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს. ერთიანი ეროვნული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი ოქრუაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

განცხადების მიხედვით, ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური ვითარება გამოწვეულია სააკაშვილის ხელისუფლების უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი და ძალადობრივი რეჟიმით და ამ ძალადობრივ რეჟიმს ქართველი ხალხი დაუპირისპირდა საყოველთაო სახალხო მოძრაობით, რომლის საპროტესტო ტალღამ მთელი ქვეყანა მოიცვა.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გზით ხელში ჩაიგდო ხელისუფლება და ახლა ცდილობს ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უფლებაც წაართვას.

"ეროვნული საბჭოს მიერ დაწყებული უკიდურესი საპროტესტო აქცია - შიმშილობა მეთერთმეტე დღეა გრძელდება და ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ რეალურად ეძებდეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელ გზებს, აგრძელებს ძალადობის დემონსტრირებას და პოლიტიკური ოპონენტების დევნას ყველა დაუშვებელი მეთოდებით და ხერხით. ამის მაგალითია ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების კიდევ ერთი პოლიტიკური დევნილია. ხელისუფლების მოწოდება, დიალოგის გაგრძელებაზე არის ფარსი და მეტი არაფერი, იგი აგრძელებს ძალადობას და უკანონობას.

"როგორც კი გაცხადდა ეროვნული საბჭოს ერთობლივ ბრიფინგზე, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იქნებოდა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საპარლამენტო არჩევნების ერთიან სიაში, ხელისუფლებამ სასწრაფოდ, კანონის უხეში დარღვევით განაახლა ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი და დღეს აპირებს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანოს. ამით სააკაშვილი ცდილობს, არ მისცეს ირაკლი ოქრუაშვილს შესაძლებლობა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს" - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ საბჭო გმობს ხელისუფლების ძალადობას და მოითხოვს ირაკლი ოქურაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დაწყებული დევნის შეწყვეტას.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com