|
|
"რეზონანსი "
80 წელს გადაცილებული ორი ქალბატონი ბურჯანაძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობს: სიღნაღის პოლიცია მოშიმშილეებთან მიმსვლელთა აღრიცხვას ახდენს. გელა მთივლიშვილი
პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან ზეწოლისა და მუქარების მიუხედავად, სიღნაღში უკვე მეოთხე დღეა, "ახალი მემარჯვენეების" ოთხი წარმომადგენელი შიმშილობს. ოთხშაბათს ერთ-ერთი მათგანის, გოჩა ხუციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით რაიონული საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. გუშინ დილით კი მოშიმშილეებს 80 წელს გადაცილებული ორი ქალბატონიც შეუერთდა. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გამოძიებას და პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის გადადგომას მოითხოვენ. ოთხშაბათს, გვიან ღამით, მოშიმშილეებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლები შეხვდნენ. მათთან საუბარში გაირკვა, რომ ადგილობრივი პოლიცია მოშიმშილეებთან მიმსვლელი ადამიანების აღრიცხვას ახდენს და აქციის მონაწილეთა მხარდაჭერას უკრძალავს. "მას შემდეგ, რაც შიმშილობა დავიწყეთ, სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ჩვენს დაშინებას. ორი დღის წინ კახეთის საოლქო პროკურატურიდან დამიკავშირდნენ და დაკითხვაზე დამიბარეს. მითხრეს, შენს წინააღმდეგ გამოძიება განახლდა და უნდა დაგკითხოთო. თუ არ გამოცხადდები, დაგაპატიმრებთო. რამდენიმე წლის წინ სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს ვხელმძღვანელობდი და იმდროინდელ ამბებს მედავებიან. მე არაფერი დამიშავებია. უბრალოდ, როგორც წინასაარჩენოდ მებრძოდნენ, ახლაც ისე მდევნიან, რადგან ოპოზიციურ პოლიტიკურ მოძრაობაში ვმოღვაწეობ",- აღნიშნა "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელმა ნოდარ კუტიბაშვილმა და იქვე დასძინა, რომ შიმშილობის შეწყვეტას და პროკურატურაში გამოცხადებას არ აპირებს. აქციის მონაწილეთა თქმით, სამართალდამცავები, კერძოდ კი სიღნაღის პოლიციის უფროსი ალექსანდრე ონანაშვილი, მისი მოადგილე ოთარ დიღმელაშვილი და შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი სოსო ციციშვილი, მოშიმშილეებთან მიმსვლელი ადამიანების აღრიცხვას ახდენენ, რის შემდეგაც მათ აშინებენ. "ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ ქვეყანაში არსებული განუკითხაობის გასაპროტესტებლად შემოგვიერთდეს, მაგრამ მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. თითოეული აქ მომსვლელის ვინაობას ადგენენ და ატერორებენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი სოლიდარობას გამოგვიცხადებენ, პირადად მათ, მათი ოჯახის წევრებს ან ახლობლებს პრობლემები შეექმნებათ, სამსახურიდან გაათავისუფლებენ, დააკავებენ, დააპატიმრებენ და ა.შ.", - ამბობს აქციის მონაწილე მალხაზ ხუციშვილი. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის, ლია ხუროშვილის განმარტებით, არავის აქვს უფლება, ადამიანს, პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვა დაუშალოს. "საქართველოს კონსტიტუციით ყოველ ადამიანს აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, ისიც კი, რომ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც აქცია მიმდინარეობს, სპეციალურად დგანან შს სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც მოშიმშილთა მხარდამჭერებს სხვადასხვა ფორმით აიძულებენ პროტესტი არ გამოთქვან, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაა. თუმცა ეს, ისეთ პოლიციურ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, სამწუხაროდ, მიღებული და აპრობირებული წესია", - აღნიშნავს იურისტი. აქციის მონაწილეებს გუშინ დილით საშიმშილოდ კიდევ ორი ადამიანი შეუერთდათ, 88 წლის ელო ნარინდოშვილი და 80 წლის მარო მერებაშვილი. ისინი ქვეყანაში მშვიდობას, ადამიანის უფლებების დაცვას, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ობიექტურ გამოძიებას და პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. მოშიმშილეთა ბრალდებებთან დაკავშირებით შს კახეთის მთავარ სამხარეო სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ. აქციის მონაწილეები მშრალ შიმშილობაზე გადასვლას გეგმავენ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |