"რეზონანსი "
# 74
პარასკევი, 21 მარტი, 2008 წელი

მყარი ლარი და სუსტი ეკონომიკა: ეროვნული ვალუტის გამყარებით სახელმწიფო ვალი წლის განმავლობაში 244 მილიონი დოლარით შემცირდება

ნინო ალექსიძე

ეროვნული ვალუტის ხელოვნური გამყარება ექსპერტებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მთავრობა კი ექსპორტის განვითარების ხელშეწყობასა და ამავე დროს ლარის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას ერთდროულად აპირებს. ლარის კურსის გამყარებას კი ქვეყნის ეკონომიკის წისვლის შედეგს უწოდებს. დღეს უკვე ამერიკულ დოლარი 1.4890 ლარი ღირს. სულ რაღაც 24 საათის განმავლობაში ვალუტა 5 პუნქტითაა გამყარებული.

პარლამენტარი ლადო პაპავა აცხადებს, რომ ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გამყარდება, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტი 1,42-1,43 მაჩვენებელზეა აგებული. თუმცა ეს მთავრობას ოფიციალურად დაფიქსირებული არ აქვს. მისი თქმით, ლარის კურსის შემდგომი გამყარება ძალიან ცუდია ექსპორტისთვის, ხოლო იმპორტი კიდევ უფრო მომგებიანი ხდება.

რაც შეეხება ლარის კურსის გამყარების გავლენას ინფლაციაზე, პაპავას აზრით, სტატისტიკის დეპარტამენტი, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში იმყოფება, ინფლაციის "შეკვეთილ" მაჩვენებელს აქვეყნებს.

"ლარის კურსი მყარდება როგორც ხელოვნური მიზეზებით, ასევე მსოფლიოში დოლარის გაუფასურების გამო. ეს არის გლობალური კრიზისის დადასტურება. ამ პირობებში კი არ შეიძლება ევროობლიგაცების გამოშვება, რასაც მთავრობა გეგმავს", - აცხადებს პაპავა საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

დღეისათვის, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში, ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამართული ვაჭრობების შედეგად, 1.4890 მაჩვენებელზე დაბალანსდა. გუშინ კი ეს მაჩვენებელი 1,4940 იყო.

ვალუტის კურსის გამყარება დოლართან მიმართებაში ხელოვნურად ამცირებს ქვეყნის საგარეო ვალსაც, მართალია, არცთუ დიდი მასშტაბებით, მაგრამ მაინც. მიმდინარე წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი და სახელმწიფო გრანტით აღებული კრედიტები 1 819 882 ათასი დოლარს, ლარში კი 2 828 099-ს ათასი შეადგენს. ამ შემთხვევაში დოლარისა და ლარის გაცვლითი კურსი 1.55-ზეა ნაანგარიშევი. თუ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 1.42-1.43 ლარი იქნება, ვალის ეს კონკრეტული მაჩვენებელი 2 584 232 ლარზე ჩამოვა. ანუ, 1.55-იზე ლარის დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდება 243 მლნ 867 ათასი ლარით.

ექსპერტების აზრით, ვალუტის ასეთი მკვეთრი გამყარება თანაც საკმაოდ სწრაფი ტემპებით, მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების საშუალებას არ აძლევს. ეკონომიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ არსებულ ეკონომიკურ ვითარებაში ალოგიკურია და იმის დამადასტურებელია, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არ არსებობს.

"ლარის გამყარება მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა წინ ვერ მიიწევს, ექპორტ-იმპორტის ბალანსი კი დარღვეულია, იმაზე მეტყველებს, რომ ლარი ხელოვნურად მყარდება. ეს პროცესი მოსახლეობის ჯიბეზე დადებითად კი არა, უარყოფითად აისახება და ამას უმოკლეს ვადაში ჩვენს თავზე ვიწვნევთ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ლარის ხელოვნურად გამყარება მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმოების განვითარებას უშლის ხელს. ეს კი განსაკუთრებით რეგიონებში შეინიშნება, სადაც თბილისთან შედარებით უმუშევრობის პრობლემა რეგიონებში უფრო მწვავედ დგას.

ვალუტის კურსის მდგომარეობა საგრძნობლად აისახება თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ექსპერტები ამბობენ, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ბოლო პერიოდში ასე ძალიან რომ არ გამყარებულიყო, ქვეყნის შიდა ბაზრის ფასები გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

შიდა სამომხმარებლო ბაზრის დიდი ნაწილი - დაახლოებით 70%, ქვეყანაში იმპორტირებულ საქონელს უკავია. რა თქმა უნდა, გაცვლითი კურსის მდგომარეობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ფასების საერთო დონე ქვეყნის შიგნით. ასევე, საგადამხდელო ბალანსის თანაფარდობა, სავაჭრო ბალანსის თანაფარდობა და ა.შ. სპეციალისტთა შეფასებით, დღეისათვის, ლარისა დადოლარის თანაფართობა უცვლელი რომ ყოფილიყო, შიდა ბაზრის ფასები გაცილებით მაღალი იქნებოდა.

წლის დასაწყისიდან დღემდე, ქართული ეროვნული ვალუტა უჩვეულო დევალვაციას განიცდის. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, ქართული ეროვნული ვალუტის გამყარება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური წინსვლის შედეგია.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, მიმდინარე ინფლაცია 10.9%-ს შეადგენს. პროგნოზის მიხედვით კი ინფლაციის მაჩვენებელი 8%-მდე უნდა ჩამოვიდეს. მთავრობაში მიღწეული შეთანხმების თანახმად, თუ 6 კვარტალში ინფლაციამ 12 პროცენტს გადააჭარბა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს პარლამენტი და რეკომენდაციის სახით გაუგზავნის პრეზიდენტს. პრეზიდენტი კი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ 12 პროცენტს გადააჭარბებს ინფლაცია, პარალმენტს აქვს უფლება, მთავრობის უნდობლობის საკითხი დააყენოს.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ზომიერი ინფლაციის არსებობა თვითმიზანი არ არის. ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობას განიხილავს აუცილებელ ფაქტორად ქვეყნის განვითარების პოტენციალის ასამაღლებლად. დაბალი ინფლაციის პირობებში გაცილებით უკეთ მოქმედებს ფასისმიერი მექნიზმები, რაც რესურსების ოპტიმალურ განაწილებას უწყობს ხელს და ეკონომიკის ფუნქციონირების ეფექტურობას ზრდის.

სებ-ის ინფორმაციით, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების კონტექსტში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ორიენტირებულია ეკონომიკური ზრდისა და ფულის მოთხოვნის შესაბამისად ფულის არაინფლაციური მეთოდებით მიწოდებასა და ეკონომიკის მონეტიზაციის დონის თანდათანობით ზრდაზე.

"ეკონომიკის მაღალდოლარიზებულობის პირობებში, სამომხმარებლო კალათაში იმპორტული საქონლის მნიშვნელოვანი წილის გამო ფასების დონე განსაკუთრებით მგრძნობიარეა გაცვლითი კურსის ცვლილებების მიმართ. ასევე მაღალია კურსის გავლენა ინფლაციურ მოლოდინზე. ამდენად, მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას უმთავრეს შუალედურ ორიენტირებად სწორედ ზემოაღნიშნული მაჩვენებლები გამოიყენება", - აღნიშნავენ სებ-ში.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com