"რეზონანსი "
# 74
პარასკევი, 21 მარტი, 2008 წელი

პაატა ბურჭულაძე და მიშელ კრაიდერი "ატილაში" იმღერებენ: ჯუზეპე ვერდის ეს ოპერა საქართველოში პირველად, პირველი პრემიერიდან 162 წლის შემდეგ, დაიდგა

ლელა ოჩიაური

დღეს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, პირველად ქართული საოპერო თეატრის არსებობის ისტორიაში, პირველი პრემიერიდან 162 წლის შემდეგ, წარმოდგენილი იქნება ჯუზეპე ვერდის ოპერა "ატილა", რომელშიც წამყვან პარტიებს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე (ატილა) და სახელგანთქმული სოპრანო, "მეტროპოლიტენ ოპერას" სოლისტი მიშელ კრაიდერი (ოდაბელა) შეასრულებენ.

სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორები - დავით საყვარელიძე და ჟან-ლუი გრინდა (მონტე-კარლო), დამდგმელი მხატვარი - ჟან-პიერ კაპეირონი (მონტე-კარლო), მხატვარი - დავით მონავარდისაშვილი.

საპრემიერო სპექტაკლთან დაკავშირებით , ოპერისა და ბალეტის თეატრში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ პაატა ბურჭულაძე (რომელიც ერთი კვირის წინ, "იავნანას" მიერ გამართულ საქველმოქმედო "აიდას" დროს, დოლორა ზაჯიკთან ერთად ჩამოვიდა თბილისში და მას შემდეგ "ატილას" პრემიერისთვის ემზადებოდა), მიშელ კრაიდერი (რომელიც უკვე მეორედ ესტუმრა თბილისს და ასევე "აიდაში", ოღონდ ორი წლის წინ იმღერა, რითაც დიდი დახარება გაუწია პაატა ბურჭულაძის ფონდს, სპექტაკლში მონაწილეობითა თუ სხვადასხვა შენაწირებით), ოპერის სოლისტები, თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი და თეატრის გენერალური დირექტორი, რეჟისორი დავით საყვარელიძე (მთელი შემადგენლობით, "იავნანას" ასევე მუდმივი მხარდამჭერები და მეგობრები).

საპრემიერო წარმოდგენებში მონაწილეობენ: თეატრის ორკესტრი, გუნდი, სოლისტები: ლეგი იმედაშვილი, ბესიკ გაბიტაშვილი, სულხან გველესიანი, მაყვალა ასპანიძე, ირინე რატიანი, გია მახარაძე, გიორგი ონიანი, ზურაბ იაშვილი, თამაზ საგინაძე, გია ასათიანი, ტარიელ ჭიჭინაძე.

როგორც პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა: "ატილა" იშვიათად იდგმება მსოფლიოს წამყვან თეატრებში, რადგან სოპრანოს პარტია ძალიან რთული შესასრულებელია. ბანის პარტიაზე უფრო რთულია. ჩემთვის საამაყოა, რომ ჩვენს თეატრს ოდაბელას არაერთი შემსრულებელი ჰყავს, 21-ში კი ჩემი მეგობარი და "იავნანას" დიდი მხარდამჭერი - მიშელ კრაიდერი იმღერებს."

მიშელ კრაიდერმა (რომელიც დღეს ვერდის საუკეთესო შემსრულებლადაა აღიარებული) განაცხადა: "მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პაატას და ოპერის თეატრს, რომ კვლავ მომეცა საქართველოში ჩამოსვლის საშუალება. ძალიან საინტერესო დადგმაა. ბედნიერი ვარ, რომ ქართველ სოლისტებთან მომიწევს სიმღერა."

ბრწინვალე მომღერალმა და პიროვნებამ, მიშელ კრაიდერმა (რომელიც ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა), რა თქმა უნდა, არც ამჯერად დაივიწყა ფონდი "იავნანა" და მისი სამეურვეო ბავშვები და 500 აშშ დოლარი პირდაპირ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების თვალწინ ჩააგდო "იავნანას" შესაწირ ყულაბაში.

მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად "ატილა" არ შედის პაატა ბურჭულაძის ფონდის საქველმოქმედო აქციათა რიცხვში, ქველმოქმედების აქტები მიშეილ კრაიდერის ქმედებით არ დასრულებულა. ოდნავ მოგვიანებით, ოპერისა და ბალეტის თეატრს საგურამოს, წყნეთისა და მომავლის ბავშვთა სახლების აღსაზრდელები ეწვივნენ, რომლებიც გენერალურ რეპეტიციაზე პირადად პაატა ბურჭულაძემ დაპატიჟა.

ამ შეხვედრის დროს დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ ბავშვებს "ატილას" შინაარსი და შექმნის ისტორია გააცნო, ხოლო დავით საყვარელიძემ ოპერის თეატრის შესახებ უამბო. სპექტაკლის პირველი მოქმედების შემდეგ კი, პატარა სტუმრებს სავაჭრო ქსელი "გუდვილი" (რომელიც აქტიურადაა ჩაბმული "იავნანას" ქველმოქმედებაში და არაერთი წამოწყების ინიციატორია) თეატრის ბუფეტში სხვადასხვა ნუგბარით გაუმასპინძლდა.

ჯუზეპე ვერდიმ "ატილა" (ოპერა პროლოგითა და სამი მოქმედებით), თემისტოკლე სოლერასა და ფრანჩესკო მარია პიავეს მიერ სპეციალურად შექმნილ ლიბრეტოზე (გერმანელი რომანტიკოსის ზახარიას ვერნერის პიესის - "ატილა, ჰუნების ბელადი" - მიხედვით) დაწერა. პირველი დადგმა 1846 წლის 17 მარტს ვენეციაში, "ტეატრო ლა ვენიცე"-ში განხორციელდა.

"ალზირას" შემდეგ ჯუზეპე ვერდი კვლავ მიუბრუნდა ჰეროიკულ "საგუნდო" ოპერას, რომელშიც შეეძლო წარმოესახა იტალიის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ამ ნაწარმოებში სინთეზირებულია "ერნანის" პერიოდის ვერდისეულ მიღწევები - ინდივიდუალურ დახასიათებათა სიღრმისეულობა და "ნაბუქოსათვის" სახასიათო საგუნდო სცენების აქცენტირება და ძალმოსილება.

ეს ოპერა აღიქმებოდა ისტორიულ დრამად, რომელიც ასახავს უძველესი დროის მოვლენებს, თუმცა, როგორც ვერდისთვის იყო დამახასიათებელი, რაც მისი ოპერების უმრავლესობის იდეურ საფუძველს ქმნიდა - რეალურ დროში მიმდინარე, ერთ-ერთი უმძაფრესი პოლიტიკური მოვლენის - იტალიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და მისი გაერთიანებისკენ სწრაფვის გამოხატვას წარმოადგენდა, ავსტრიელების ბატონობის წინააღმდეგ.

ჯუზეპე ვერდი, როგორც ცნობილია, ამ გამათავისუფლებელი მოძრაობის ("რისორჯიმენტო") აქტიური მხარდამჭერი და თავისი პატრიოტული, ზეაწეული, ჰეროიკული ოპერებით ("აიდა", "ატილა", "ნაბუქო", "ტრუბადური", "ლომბარდიელები" და ა.შ.), შეიძლება ითქვას, იდეოლოგი იყო. ამდენად, იგი ცენზურისგან თავდასაცავად, პოზიციას, მიზნებსა და სულისკვეთებას ისტორიულ საფარქვეშ ნიღბავდა, თუმცა ამით მისი ოპერების, მუსიკის ზემოქმედება იტალიელ ერზე არ სუსტდებოდა.

"ატილაში" მოქმედება იტალიაში, ჩვ.წ.აღ. მე-5 საუკუნეში ვითარდება, ქალაქ აკვილიაში, რომელიც ჰუნების მიერ, მეფე ატილას მეთაურებითაა განადგურებული. ატილას დანარჩენი იტალიისა და რომის დაპყრობა აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ პაპ ლეონის სასწაულებრივი მოვლინება მას განზრახვაზე ხელს ააღებინებს და ჰუნების ბელადს აღაფრთოვანებს აკვილიის მმართველის ქალიშვილის ოდაბელას სიმამაცე და უყვარდება იგი. ოდაბელას კი, მამისა და სამშობლოს გამო შურისძიება აქვს განზრახული, რასაც ბოლოს აღასრულებს კიდეც.

ამ სპექტაკლში, როგორც ვერდის თითქმის ყველა ოპერაში, მთავარი, პატრიოტული ხაზი პიროვნულ დრამას ერწყმის, , რეალობა - გამონაგონს, ისტორიზმი - მისტიკას, ერთგულება და თავდადება - ღალატს, სამართლიანობისთვის ბრძოლა და გამარჯვება კი ყველაფერს ამარცხებს, თუნდაც სიკვდილის ფასად.

ჯუზეპე ვერდის "ატილას", თავის დროზე. ვენეციაში დიდი წარმატება არ მოჰყოლია. ის მუსიკალურად საკმაოდ არათანაბარი ნაწარმოებია, თუმცა, მასში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სცენები, ცალკეული პარტიები თუ გუნდები, რომელთა მოსმენაც დიდებული მომღერლების შესრულებით და მუსიკალური, სარეჟისორო თუ ვიზუალური გადაწყვეტის თავისებურებებით, რომლებსაც თბილისის ოპერის სპექტაკლი გვათვაზობს, საოპერო ზეიმს გვპირდება. ეს გენერალურ რეპეტიციაზე გამოჩნდა, როდესაც დარბაზმა ოვაცია გაუმართა მთელ შემოქმედებით ჯგუფს და განსაკუთრებით, მიშელ კრაიდერსა და პაატა ბურჭულაძეს. გადამწყვეტი სიტყვა საპრემიერო ჩვენებაზე და მის მსმენელზეა.

"არსის" გალერეაში კოკა რამიშვილის პორტფოლიოს წარდგინება გაერთიანება "არქიდრომმა" მოაწყო

კომპანია "არსის" საგამოფენო დარბაზში მხატვარმა კოკა რამიშვილმა საკუთარი ნამუშევრების პორტფოლიოს წარდიგნება მოაწყო. ეს პრეზენტაცია იყო პირველი ქართველ ხელოვანთა ჩვენებების სერიაში, რომელიც სახელოვნებო გაერთიანება "არქიდრომის" მიერაა დაგეგმილი.

კოკა რამიშვილი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, 1980-იანი წლებიდან მოღვაწეობს. გამომსახველ საშუალებად იყენებს სხვადასხვა მედიას და ქმნის ქართული ვიზუალური კულტურისთვის მნიშვნელოვან ნამუშევრებს. იგი მონაწილეობს მსოფლიო და ჯგუფურ გამოფენებში წამყვან დასავლურ გალერეებსა და არტ ინსტიტუციებში. მისი შემოქმედება საბჭოური პერიოდის ბოლო წლებიდან დღემდე კონცეპტუალური მხატვრობის შემოქმედებითი განვითარებების ჯაჭვია, რაც ხელოვანმა თანმიმდევრულად წარუდგენა "არსში" შეკრებილ საზოგადოებას პორტფოლიოს სახით.

პორტფოლიოების წარდგენა "არქიდრომის" ინიციატივაა. ესაა პროფესიონალ ხელოვანთა და ხელოვნების მკვლევართა გაერთიანება, რომლის მთავარი საქმიანობაა თანამედროვე ქართველ ხელოვანთა შესახებ არსებული ინფორმაციის დაგროვება, ხელოვნებაში მიმდინარე მოვლენების დოკუმენტირება და პრეზენტაცია. ჯგუფი მუშაობს თანამედროვე ქართული ხელოვნების არქივისა და მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რისთვისაც აუცილებელია ხელოვანების მიერ პროფესიულად შედგენილი პორტფოლიოები.

პრეზენტაციების ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდა ხელოვანებში საკუთარი პორტფოლიოს შექმნისა და წარდგენის უნარების დახვეწაა. დასაწყისში წარდგინებებს პროფესიონალი ხელოვანები მოაწყობენ, ხოლო მომდევნო ეტაპზე, დამწყებები. გარდა ამისა, მათი დანიშნულებაა საზოგადოებაში შექმნას დისკურსი თანამედროვე ხელოვნებაზე, ჩამოაყალიბოს სივრცე ანალიტიკური დისკუსიებისთვის და ხელოვანებს ვიზუალური კომუნიკაციის გარდა საზოგადოებასთან სიტყვიერი დიალოგის წარმოების საშუალება მისცეს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com