"რეზონანსი "
# 74
პარასკევი, 21 მარტი, 2008 წელი

რაზე ესაუბრა ბურჯანაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს: ირმა სოხაძე: გვკითხა, თუ არის გენერალური დირექტორობის რეალური კანდიდატიო

ლანა ბერიძე

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრებისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შევა. როგორც "რეზონანსს" ირმა სოხაძემ განუცხადა, გუშინდელი შეხვედრა დაუგეგმავი და მოულოდნელი იყო, თუმცა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. კონკრეტულად რაზე ისაუბრეს ბორდის წევრებმა და ნინო ბურჯანაძემ ამის შესახებ ირმა სოხაძეს ვესაუბრეთ.

ირმა სოხაძე: ძალიან მოულოდნელად შედგა ეს შეხვედრა და ცოტა მოუმზადებლებიც ვიყავით. ასეთი ტიპის შეხვედრები პირველ ეტაპზე შედარებით ხშირად გაიმართება.

ქალბატონ ნინოსთან წინა შეხვედრაზე ბორდის წევრებმა ვთქვით, რომ ბორდის უფლებები ძალიან მწირია და რომ ამავდროულად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ამიტომ შევთანხმდით, რომ ბორდის წევრები ჩვენს ვარიანტს წარვადგენდით და ამაზე გვკითხა, უკვე მზად ხომ არ გვქონდა ჩვენი ვარიანტი. სამწუხაროდ, ჯერ ისევ ვმუშაობთ ამ საკითხზე.

ამის გარდა ვისაუბრეთ საჰონორარო სისტემაზე, ბორდის წევრების ხელფასებზე, ზოგადად პრიორიტეტებზე. ასევე რამდენიმე არაძალდატანებითი რჩევა მოგვცა ქალბატონმა ნონომ.

"რ": კონკრეტულად რა რჩევა მოგცათ.

ი.ს: მაგალითად, რომ უფრო განსხვავებულად აღვნიშნოთ სხვადასხვა დღეები და თეატრს და ხელოვნებას დაეთმოს დღეები. ასევე სხვა მსგავს საკითხებზე იყო საუბარი.

"რ": გენერალური დირექტორობის კანდიდატებზე ხომ არ გისაუბრიათ.

ი.ს: რა თქმა უნდა, ამაზეც ვილაპარაკეთ. გვკითხა, თუ არის რეალური კანდიდატიო, ჩვენც ვუთხარით, რომ ნელ-ნელა შემოაქვთ განაცხადები და იმედი გამოვთქვით, რომ ავარჩევთ ღირსეულს. სხვა არაფერი უთქვამს. კონკრეტულად არავის სახელი და გვარი არ ყოფილა ნახსენები.

"რ": მინიშნებაც არ გაუკეთებია, მისი ხედვით როგორი უნდა იყოს მომავალი დირექტორი.

ი.ს: ვიხუმრეთ, რომ ყველასთვის მისაღები დიმიტრი გელოვანი იქნებოდა. თავადაც თქვა - ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის, არ არსებობსო. თუმცა, ალბათ მოიძებნება ისეთი კანდიდატი, რომელიც დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნება.

ასევე რა დასამალია, ისედაც ყველა ხედავს, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში შექმნილი. ამიტომ, როდესაც ასეთი კრიზისული პერიოდია, სახელმწიფო ტელევიზია იქნება თუ კერძო, ყველა მოწადინებული უნდა იყოს, რომ პოლიტიკური ამინდი "დაათბოს". არავის არ სჭირდება ცეცხლზე ნავთის დასხმა. ამიტომ ყველას გვინდა ისეთი ადამიანი, რომელიც ოპოზიციისთვისაც მისაღები იქნება, ხელისუფლებისთვისაც და, რაც მთავარია, ჩვენთვისაც.

თუ ყველასთვის მისაღები იქნება, რა არის ამაში ცუდი. იმიტომ, რომ პოლიტიკური წრეები შეთანხმდნენ, დირექტორად არ უნდა ავირჩიოთ. უბრალოდ, ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგები ვართ, რომ კონკრეტული მითითება მოგვცეს ვინმემ და ამას არც დავუშვებთ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com